„ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პეტრე სარაჯიშვილის  ბიუსტი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა

243 ნახვა
„ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის
დამაარსებლის, აკადემიკოსის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას
ესწრებოდნენ მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, PSP ჯგუფის
დამფუძნებლები და პეტრე სარაჯიშვილის ოჯახის წევრები.

პეტრე სარაჯიშვილს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში.
გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ნევროლოგიის განვითარებაში.

პეტრე სარაჯიშვილი, უცხოეთში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ
სამშობლოში დაბრუნდა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის
კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. მან შეისწავლა ეპილეფსიის
პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, ასევე კაროტიდული სინუსის გავლენა თავის
ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. პეტრე სარაჯიშვილმა პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური
სინდრომი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ნევროლოგიის დარგის განვითარებაში.
იგი აგრეთვე იყო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მსოფლიოს არაერთი
საზოგადოების საპატიო წევრი, ენციკლოპედიების რედაქტორი და საქართველოს
ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მიღებული
აქვს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება და არაერთი საპატიო
ორდენი.

მრავალპროფილური კლინიკის, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება პეტრე
სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2011 წელს შეიქმნა და
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. „ნიუ ჰოსპიტალსის“
ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს ინსულტის, მოძრაობის დარღვევების,
ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური
დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ,
ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.