დღესდღეობით ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სქესობრივად გადამდები(ვენერიული) დაავადებების(სგგდ) შესახებ არ სმენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები ფართოდ გავრცელებული და ჯანმრთელობისთვის საშიშია, სავსებით შესაძლებელია მათი თავიდან აცილება(თავდაცვა) და დროული სამედიცინო ჩარევით, საწყის ეტაპზე პრევენცია.
ვენერიული დაავადებები ადამიანს ძირითადად დაავადებულ ადამიანთან დაუცველი სექსუალური კონტაქტით(ვაგინალური, ანალური, ან ორალური) გადაეცემა. სგგდ-ში შედის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ტრიქომონიაზი, ქლამიდია, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოლი, შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი, გარდნელოზი, გენიტალური(სასქესო) ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭები, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, სკაბები, პედიკულოზი, ასევე სიფილისი და გონორეა.
ვენერიული დაავადებების უმეტესობას არ აქვს მკაფიოდ გამოხატული ნიშნები, ხშირად მიმდინარეობს თითქმის, ან სრულიად უსიმპტომოდ. ამიტომ შესაძლოა მათი გამოვლინება დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდეს, ან შეაფასდეს როგორც ,,გაციება“. ქრონიკულად მიმდინარე, ან მკურნალობა დაუსრულებელ დაავადებებს, მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლიათ, მაგ., ქალის გენიტალური ორგანოს ქრონიკული ანთებითი პროცესები(როგორც ქალის, ასევე მამაკაცის), მუცლის მოშლა, საშვილოსნოს გარე ორსულობა და ხანგრძლივ პერიოდში გენიტალიების კიბო, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში. სტატისტიკურად დაახლოებით ყოველი მეხუთე ქორწინება, უშვილოა, და ამის მიზეზს, გარკვეულწილად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები წარმოადგენს.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, მათ პრევენციაზე, ნიშნებსა და მკურნალობის გზებზე, კლინიკა ,,ნიუმედი“-ს გინეკოლოგი, ქალბატონი თამარ ჭელიშვილი გვესაუბრება.
- ქ-ნო თამარ, პირველ რიგში, რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივად გადამდები დაავადებების შესახებ?
- პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებში გაერთიანებულია დაავადებათა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მახასიათებელი. ისინი გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. აქ შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციები, ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები. მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო თვისება, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ შეიძლება გადაედოს ადამიანს. ამით განსხვავდებიან იმ სხვა დაავადებებისგან, რომლებიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, წყლით ან ნიადაგით. ანუ ეს არის ერთადერთი გზა. რაც შეეხება ჩამონათვალს, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: გონორეა (საზოგადოებაში ცნობილია ტრიპერის სახელწოდებით), სიფილისი ანუ ათაშნაგი, ქლამიდიოზი, ურეალპლაზმოზი, მიკოპლაზმომი. გაცილებით დიდი ჯგუფია ვირუსები: ჰერპესი, პაპილომა ვირუსი, შიდსი, ჰეპატიტი B, ჰეპატიტი C. ასევე სოკოვანი ინფექციები.
სგგდ-ის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ამცირებს ინფექციის გავრცელებას და საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან დავაყოვნოთ მძიმე გართულებებისა და შედეგების განვითარება.
- როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მატარებელია? როგორია ამ ტიპის დაავადებების ძირითადი მახასიათებლები?
- სგგდ-ის ნიშნები განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევისას, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.
ქალებში გამოვლენილი ინფექციის ნიშნები:
უჩვეულო გამონადენი საშოდან ან უსიამოვნო სუნი;
ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;
წყლულები ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.
ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას.
მამაკაცებში გამოვლენილი ინფექციის ნიშნები:
ტკივილი ან წვა მოშარდვისას;
ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;
წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები ასოზე შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.
ასევე სგგდ გამოვლინდება სხვა ინფექციების მაგვარი ზოგადი სიმპტომებით, როგორებიცაა: საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა, მადის დაკარგვა.
სგგდ ზოგჯერ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, განსაკუთრებით ქალებში. თუ თქვენს პარტნიორს აქვს სგგდ, თავად შეიძლება იყოთ დაინფიცირებული, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადებების ნიშნები. შიდსის ვირუსის დაინფიცირებისას დაავადების ნიშნები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოვლინდეს.
- რამდენად მძიმე გართულებები შეიძლება მოჰყვეს სქესობრივად გადამდებ დაავადებებს და რომელია მათგან ყველაზე საშიში?
- ძირითადად სგგდ პირდაპირ სიცოცხლისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს. მაგ., თუ სიფილისის დროს ადამიანმა დროულად არ მიმართა ექიმს, შეიძლება განვითარდეს ნეიროსიფილისი და ამან შეიძლება ლეტალური გამოსავალი მოგვცეს. თუმცა ძალიან სერიოზული ერთეულების გარდა, მან შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. მაგ., მარტივი ჰერპესი, რომელიც შეიძლება ქრონიკულადაც მიმდინარეობდეს და ადამიანს ყოველ დღე ახსენებდეს თავს ძალიან მტკივნეული გამონაყარის სახით. ეს ხშირად თან ახლავს გარემოს შეცვლას, მივლენებას, მოგზაურობას.
ასევე პაპილომა ვირუსის, ჰეპატიტი B, C და შიდსის დროული აღმოჩენით პაციენტს საშუალება ეძლევა თავიდან აიცილოს სერიოზული გართულებები, რადგან დროულად დაწყებული მკურნალობა, ხარისხიანი ცხოვრების საშულებას იძლევა. ამიტომ, ნებისმიერი გამოვლინების დროს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ მის მიერ დანიშნული, დროული მკურნალობა.
- როგორ ხდება დაავადებათა დიაგნოსტიკა და როგორია მათი მკურნალობის გზები?
- სგგდ-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დამოკიდებულია თვითონ დაავადებასა და მისი სირთულის ხარისხზე.
სტანდარტული დიაგნოსტიკური მოქმედებები საწყის ეტაპზე მოიცავს ანალიზების შეგროვებას, ულტრაბგერით კვლევას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს(სისხლისა და შარდის ანალიზები, ფლორის ნაცხის ბაქტერიოსკოპული და ბაქტერიული კვლევები, პაპ ტესტი, კოლპოსკოპია, ბიოფსია და სხვ.).
ექიმი ამ კვლევების შედეგის საფუძველზე ნიშნავს შესაბამის მკურნალობას. შესაძლოა დაინიშნოს მედიკამენტოზური, ქირურგიული, კომპლექსური მკურნალობა.
- რა სახის ანალიზები უნდა ჩააბაროს პაციენტმა?
- პირველ რიგში, ნაცხი ფლორაზე(ბაქტერიოსკოპიული, ბაქტერიოლოგიური ან პიასიარ კვლევებისათვის), ნაცხი საშოდან, შორისიდან და შარდსადენიდან.
ასევე სისხლში ანტისხეულების განსაზღვრა: ქლამიდიის, ჰერპესის, ტოქსოპლაზმის. სისხლის ანალიზი შიდსზე, B, და C ჰეპატიტზე და სიფილისზე.
- დიაგნოსტიკა და მკურნალობის გზები ორსულებში?
- ორსულებშიც იგივე კვლევის მეთოდები გამოიყენება. განსაკუთრებით საყურადღებოა ქლამიდიის, ჰერპესის, ტოქსოპლაზმის ადრეული დიაგნოსტიკა ორსულობის ადრეულ ვადაზე და დროული მკურნალობა.
ასევე, ჰერპესის, B და C ჰეპატიტის, სიფილისისა და შიდსის დროს ორსულობის 3-6 კვირის ვადაზე დიაგნოსტიკა. დადებითი პასუხის შემთხვევაში საკეისრო კვეთის დაგეგმვა, რათა თავიდან ავიცილოთ ნაყოფის დაინფიცირება აღნიშნული სგგდ-ისგან.
- ახდენს თუ არა ზეგავლენას ესა თუ ის დაავადება ნაყოფზე?
- სგგდ-ისგან განსაკუთრებით საშიშია ჰერპესი და ტოქსოპლაზმოზი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის სიმახინჯე(კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა, სიყრუე, სიბრმავე).
ხოლო დანარჩენი სგგდ-ის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს სანაყოფე წყლების დაბინძურება, პლაცენტის გავრცელება, ნაადრევი წყლების დაღვრა, ნაადრევი მშობიარობა და სხვ.
- როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომელიმე ზემო აღნიშნული დაავადების ქონის შემთხვევაში?
- თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი შენიშნავთ სგგდ-ის რომელიმე ნიშანს, ანუ, თუ ეჭვობთ რომ გაქვთ სგგდ, მაშინვე მიიღეთ შესაბამისი და დროული ზომები:
მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დაიწყეთ მკურნალობა, ვინაიდან სგგდ-ის უმრავლესობა ადვილად ემორჩილება დროულად დაწყებულ მკურნალობას. კვალიფიციური ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს კონკრეტული ინფექციის დადგენისა და შესატყვისი მკურნალობის ჩატარების მიზნით. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი მკურნალობის დანიშვნა, არამედ მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა;
არ დაუშვათ ინფექციის გავრცელება. არ იქონიოთ სქესობრივი კავშირი მანამ, სანამ მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციას პარტნიორს გადასცემთ და მისგან კვლავ დაინფიცირდებით. თუ ვერ შეძლებთ სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდებას, აუცილებლად გამოიყენეთ კონდომი.
დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს მკურნალობაში, უნდა დაარწმუნოთ პარტნიორი ექიმთან მისვლისა და მკურნალობის ჩატარების აუცილებლობაში.
- როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი, სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებებისგან და რომელია საუკეთესო საშუალებები?
- პირველ რიგში თავი უნდა დაიცვას სექსუალური კავშირის მომენტში. ერთადერთი გზა, რომელიც იცავს ადამიანს სგგდ-ისგან ეს არის კონდომი, რომელიც უნდა იყოს ლატექსის და აუცილებლად ხარისხიანი - უნდა ეწეროს ხარისხის ნიშანი, რადგან უხარისხო პრეზერვატივმა შეიძლება ვერ დაიცვას ადამიანი დაავადებისგან. სქესობრივი კავშირის დაწყებიდან ბოლომდე, კონდომი უნდა იყოს გამოყენებული და მას აქვს შენახვისა და გამოყენების წესები, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ყოველი ახალი სექსუალური ურთიერთობის დროს, ახალი პრეზერვატივი უნდა გამოიყენოს და არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის კავშირთან გვაქვს საქმე. იქნება ეს ანალური, ორალური, თუ ვაგინალური, უნდა იქნეს გამოყენებული პრეზერვატივი.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადადების რისკს ზრდის ასევე ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, რადგან მსგავსი ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ, ადამიანს დაქვეითებული აქვს განსჯის უნარი, რაც ზრდის სარისკო ქცევის განხორციელების შესაძლებლობას.
არის B ჰეპატიტისა და პაპილომა ვირუსების აცრა, რომლებიც კონკრეტულად აცრის შემდეგ ამ ვირუსებისგან იცავს ადამიანს.
- რა სახის რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს?
- მაქსიმალურად აარიდეთ თავი შემთხვევით სქესობრივ კავშირს. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ხელს უწყობს სგგდ-ის გავრცელებას. ყოველი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს აუცილებლად გამოიყენეთ კონდომი. სგგდ-ის პირველი ნიშნების ჩენისთანავე, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.