როგორ (არ) მუშაობს ჰომეოპათია?

როგორ (არ) მუშაობს ჰომეოპათია?

38689 ნახვა
რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გამოცემაში - «რუსეთის გაზეთი», დაიბეჭდა ინტერვიუ ჰომეოპათ ირინა კუზმინასთან, სადაც ის საუბრობს მისი კოლეგების შვეიცარიაში სტაჟირების შესახებ და ასევე იმ საკითხზე, თუ როგორ კურნავს ჰომეოპათიის დახმარებით კიბოს გვიანდელ სტადიებზე. ამ პუბლიკაციამ აღაშფოთა ექიმები და სამედიცინო ჟურნალისტები.
მედიის წარმომადგენლებმა ექიმ არტემ ოხოტინს სთხოვეს განემარტა რა არის ჰომეოპათია და რატომ ხდება მის გარშემო ყოველთვის მწვავე კამათი. 


რა არის ჰომეოპათია?

 

ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიგონა მედიცინაში იმედგაცრუებულმა გერმანელმა ექიმმა სამუელ ჰანემანმა მე-XVIII საუკუნის ბოლოს. ჰანემანის სკეპსისი მედიცინასთან მიმართებაში გასაგებია: ექიმები იმ დროს იყენებდნენ არასამეცნიერო და საკმაოდ საშიშ მეთოდებს მკურნალობისთვის, როგორიც არის მაგალითად სისხლის გამოშვება. ჰანემანმა შენიშნა, რომ ხინინი, რომლითაც მკურნალობდნენ მალარიას, მასში ცხელებას იწვევდა. ხოლო რამდენადაც მალარიის მთავარი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა, მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლებოდა იმ საშუალებით, რომელიც მის სიმპტომებს იწვევს. სწორედ ეს არის «მსგავსების პრიცნიპი», რაც საფუძვლად უდევს ჰომეოპათიას. 


როგორ კურნავენ ჰომეოპათები?

 

თავიდან ჰომეოპათი დეტალურად გამოჰკითხავს ავადმყოფს ჩივილების შესახებ. შემდეგ გამოცდილებაზე და სპეციალურ ცნობარებზე დაყრდნობით არჩევს ერთ საშუალებას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ავადმყოფის სიმპტომებს. ამიტომ, ჰომეოპათები ამბობენ, რომ ისინი კურნავენ არა დაავადებებს, არამედ დაავადებულს. ამასთან, საინტერესოა, რომ გამოცდილი ჰომეოპათებიც კი ხშირად სხვადასხვაგვარად აფასებენ სხვადასხვა სიმპტომების შესაბამისობას ჰომეოპათიურ საშუალებასთან.


განსხვავდება თუ არა ჰომეპათიური პრეპარატები ჩვეულებრივისგან?

 

დიახ, ჰომეოპათები იყენებენ პრეპარატებს ძალიან დაბალი დოზით, ან აზავებენ. სამკურნალო საშუალების მისაღებად ისინი ერთ წარმალს 30-ჯერ ხსნიან და ყოველი გამოყენების წინ ჭურჭელს, რომელშიც გახსნილი სამკურნალო საშუალებაა კარგად ანჯღრევენ - ამას ჰქვია პოტენცირება (გაძლიერება). ჰომეოპათები თვლიან, რომ ყოველი გახსნისას პრეპარატის მოქმედების ძალა მატულობს. ჰანემანის ეპოქაში ნივთიერების ატომური თეორია ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, ამიტომ, სრულიად რეალურად ეჩვენებოდათ ის, რომ ნივთიერების გახსნა მრავალჯერ შეიძლებოდა და ეს მის მოქმედებას აძლიერებდა. დღეს კი ყველამ კარგად იცის, რომ ნივთიერების 30-ჯერ გახსნისას, მისგან წარმოქმნილ ხსნარში თავდაპირველი ნივთირების არც ერთი მოლეკულა აღარ დარჩება.  


როგორ მოქმედებს ჰომეოპათიური წამალი?

 

ჰომეოპათები აღიარებენ, რომ ეს გაურკვეველია ან ამის ასახსნელად უამრავი თეორიული მაგალითი მოჰყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოიქმნება ლოგიკური სირთულეები. თუ ჩვენ ნივთიერება გავაზავეთ 30-ჯერ და ამ ნაზავში აღარ არის მოქმედი ნივთიერების არცერთი მოლეკულა, როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მივიღეთ საწყისი ნივთირება და არა ის, რომელიც იყო გამხსნელის ჭურჭელში? სრულიად სუფთა ნივთიერებები არ არსებობს და გამხსნელიც თავის მხრივ გარკვეულ ნარევს შეიცავს. იდეა, რომლის მიხედვითაც ნივთიერების გახსნა მის მოქმედებას აძლიერებს, წარმოშობს კიდევ ერთ სირთულეს: რა მოუვა მდინარეში ჩაყრილ წამალს? მთელი მდინარე ჰომეოპათიურ საშუალებად იქცევა? თუ ყველა იმ ნივთიერების ნარევი გახდება, რომელიც მასში ოდესმე ჩაყრილა? ასე გამოდის, რომ ნებისმიერ წყალთან ერთად, ჩვენ ვიყენებთ უამრავ ჰომეოპათიურ საშუალებებს.

 

მედიცინაშიც ხომ უამრავი გაურკვეველი საკითხია?

 

რა თქმა უნდა, მედიცინაში არის გაურკვეველი საკითხები. ყველაზე გავრცელებული წამლების მოქმედების მექანიზმიც კი ყოველთვის გარკვეული არ არის. თუმცა, ეს აუცილებელიც არაა, საჭიროა, რომ პრეპარატის ეფექტურობა თეორიულად შესაძლებელი იყოს და რაც მთავარია, დადასტურებული კლინიკური გამოცდებით. ჰომეოპათიური პრეპარატები მრავალჯერ გამოცადეს კლინიკურად და ზოგიერთმა მათგანმა დადებითი შედეგიც კი გამოიღო. როგორც ჩანს, ეს გამოწვეულია პუბლიკაციების შერჩევის გამო, რადგან ბეჭდურ მედიაში სტატიებს აქვეყნებენ მხოლოდ ისეთ ჰომეოპათიურ პრეპარატებზე რომელთა გამოცდის შედეგი შემთხვევით დადებითი აღმოჩნდა. გამოქვეყნებული მასალების საფუძვლიანი ანალიზი არ იძლევა ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომელიც დაადასტურებდა ჰომეოპათიის ეფექტურობას მთლიანობაში ან კონკრეტულად რომელიმე დაავადებასთან მიმართებაში.


რატომ არ არის ჰომეოპათებისთვის დამაჯერებელი კლინიკური გამოცდების შედეგები?

 

ჰომეოპათები ამას ხსნიან იმ ფაქტით, რომ კლინიკურ გამოცდებში არ არის დაცული ჰომეოპათიური წამლის ინდივიდუალური შერჩევის პრინციპი: ანუ, მკურნალობდნენ დაავადებას და არა დაავადებულს. ამიტომ, ჰომეოპათების აზრით, ჰომეოპათიური საშუალებების სტანდარტული გამოცდა შეუძლებელია. ჰომეოპათიური პრეპარატების გამოცდა ხდებოდა სხვა გზითაც: ავადმყოფები მკურნალობდნენ ჰომეოპათებთან, ისინი ინდივიდუალურად არჩევდნენ მათთვის საკმკურნალო საშუალებებს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთ ნახევარს აძლევდნენ შერჩეულ წამლებს, ხოლო მეორე ნახევარს - არ ასმევდნენ. მაგრამ ასეთი გამოკვლევების დროსაც ჰომეოპათიის ეფექტურობა არ დადასტურდა. ჰომეოპათებმა უშედეგო მკურნალობის მიზეზად შეიძლება არაპროფესიონალი ჰომეოპათების მონაწილეობაც კი დაასახელონ.


ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰომეოპათია ლოგიკურად უარყოფილი არ არის?

 

ალბათ ნიშნავს. რაციონალური ანალიზიდან და ექსპერიმენტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავარწმუნოთ მხოლოდ ისინი, ვინც თავად აზროვნებს რაციონალურად. ჰომეოპათია ამ მხრივ უფრო რელიგიასთან, ან მისტიკურ სწავლებასთან არის კავშირში - თუმცა ეს ამოცანა არც დგას. მედიცინაში, ისევე როგორც მეცნიერებაში, მოქმედებს ერთგვარი დანაშაულის პრეზუმპცია: მეთოდი გამოიყენება მაშინ, თუ დადასტურებულია მისი ეფექტურობა, და თუ ეს არ არის დადასტურებული, ის არც უარყოფილია.

 

არის თუ არა ჰომეოპათია მავნებელი?

 

თავისთავად არა. მისგან გარკვეული სარგებელიც კი შეიძლება იყოს. დაავადებების უმრავლესობა, რომელთა გამოც ჰომეოპათებს მიმართავენ, თავისით ჩნდება ან მიმდინარეობს ტალღისებური პრინციპით და დიდად მკურნალობასაც არ საჭიროებს. მაგალითად, მრვი (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია) ბავშვებში უმეტესწილად მკურნალობას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში ჰომეოპათთან მისვლა ბავშვს გაათავისუფლებს მხოლოდ ანტიბიოტიკების მიღებისგან, რომლებსაც სამწუხაროდ ექიმები ნიშნავენ, როცა ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. თუმცა, ამ საკითხს აქვს ცუდი მხარეც: ჰომეოპათიური გზით მკურნალობამ შესაძლოა დაგვიანებული გახადოს ექიმთან დროული ვიზიტი, როდესაც ბავშვს ნამდვილად ესაჭიროება ეს. გარდა ამისა, ჰომეოპათიის რწმენა ხშირად ემსგავსება სხვა, უფრო საშიშ ცრურწმენებს. მაგალითად, თითქმის ყველა ჰომეოპათი ვაქცინაციის წინააღმდეგია. 

 

ჰომეოპათია და ალოპათია შეუთავსებელია, თუ ჰომეოპათიის პრაქტიკა ჩვეულებრივ ექიმსაც შეუძლია?

 

კლასიკური ჰომეოპათიის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ალოპათია და ჰომეოპათია შეუთავსებელია. მაგრამ, თავად ტერმინს - ალოპათია («საწინააღმდეგოთი მკურნალობა») იყენებენ მხოლოდ ჰომეოპათები. მედიცინა ნებისმიერ მეთოდს იყენებს, რომლებიც ადასტურებენ ეფექტურობას და არ ხდება მეტაფიზიკურ პრინციპებზე დაყრდნობა. რომელიმე ჰომეოპათიური მეთოდი რომ ამართლებდეს კლინიკურ ცდებში, მას აუცილებლად იპოვიდით სამედიცინო სფეროშიც. მაგალითად, თაფლი ხველის დროს - ხალხური საშუალებაა, თუმცა მისი კლინიკური გამოცდის შემდეგ ექიმებმა ოფიციალურად დაიწყეს რეკომენდაციის გაწევა ამ საშუალებაზე.  პრაქტიკაში ჰომეოპათები არც ისე მკაცრები არიან და ხშირად ერთმანეთს უთავსებენ მკურნალობის ჩვეულებრივ და ჰომეოპათიურ მეთოდებს. გაწონასწორებული ჰომეოპათები ვაქცინაციის წინაღმდეგიც კი არ არიან. თუმცა, ჰომეოპათიის რწმენა მოწმობს იმას, რომ მათ ძალიან არქაული აზროვნება აქვთ და თანამედროვე მედიცინაში ვერ ერკვევიან. ზოგიერთი ექიმი შეიძლება არ აღიარებდეს ჰომეოპათიას, მაგრამ დანიშნულებაში პლაცებოს ნაცვლად წერდეს ჰომეოპათიურ საშუალებებს მაშინ, როცა მათი აზრით მკურნალობა არ არის საჭირო. პლაცებო-თერაპიის ეთიკურობა სადაო საკითხია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პრაქტიკით დიდი ალბათობაა რომ დაზარალდეს ექიმის ავტორიტეტი კოლეგებს შორის. შვედეთში იყო ასეთი შემთხვევა, როცა ექიმს ლიცენზია ჩამოართვეს ჰომეოპათიური საშუალებების დანიშვნის გამო.

 

რატომ არის დღემდე ასეთი პოპულარული ჰომეოპათია და არის თუ არა ეს მისი ეფქტურობის დამადასტურებელი?

 

საქმე იმაშია, რომ როგორც ჰანემანის ეპოქაში, ისე ახლაც, მედიცინა იყენებს საკმაოდ ძლიერ საშუალებებს, რომლებიც ყოველთვის არ გამოდგება მარტივი მდგომარეობიდან პაციენტის გამოყვანისთვის და შესაძლოა გვერდითი ეფექტი გამოვლინდეს. ხოლო იმის გაგება, რომ სურდო, მრვი ან სამსახურში გადაღლილობის გამო გულის აჩქარება საერთოდ მკურნალობას არ საჭიროებს, ადამიანებისთვის ძალიან რთულია. კიდევ უფრო რთულია სიტუაცია, როცა მედიცინა უძლურია სასიკვდილო დაავადების წინაშე. ჯანმრთელობისთვის «რაიმეს გაკეთება» - ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, თან არამარტო დაავადებულებში, არამედ ექიმებშიც. ექიმს ძალიან უჭირს სამკურნალო საშუალება არ დანიშნოს, ამისათვის დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობაა საჭირო, თან ავადმყოფს არ მოსწონს ეს. ჰომეოპათია კი თავის მხრივ კარგად აკმაყოფილებს «რაიმეს გაკეთების» მოთხოვნილებას მაშინ, როცა გასაკეთებელი მართლაც არაფერია.

 

ფაქტია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჰომეოპათია არამარტო ნებადართული, არამედ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილიც არის, ეს რით აიხსნება?

 

დიახ, ბევრ დასავლურ ქვეყანაში ჰომეოპათია გამოიყენება ალტერნატიული მედიცინის სხვა მეთოდებთან ერთად. მაგრამ, ქვეყნების უმრავლესობაში ჰომეოპათიური მკურნალობა არ ნაზღაურდება არც სახელმწიფოს და არც სადაზღვევო კომპანიების მიერ. რგ-ის სტატიაში ნათქვამია, რომ შვეიცარიაში ჰომეოპათიას სახელმწიფო სტატუსი აქვს, თუმცა ეს მთლად ასე არ არის. როგორც სხვა ქვეყნებში, ისევე შვეიცარიაში, ჰომეოპათია არის ალტერნატიული მედიცინის მეთოდი, თუმცა ზოგიერთი მეთოდი იფარება სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2012 წლის სახალხო რეფერენდუმზე.

 

როდესაც ამბობენ, რომ ჰომეოპათიის მეთოდით იმკურნალეს და ეს შედეგიანი გამოდგა, რა შეიძლება ვუთხრათ ასეთ ადამიანებს?

 

ეს ძალიან კარგია და იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ავად ნაკლებად იყვნენ.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.