რჩევები მშობლებს - როგორ გავუმარტივოთ ბავშვს, საბავშვო ბაღთან ადაპტაცია

რჩევები მშობლებს - როგორ გავუმარტივოთ ბავშვს, საბავშვო ბაღთან ადაპტაცია

2533 ნახვა
საბავშვო ბაღის დაწყება, ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ახალი ეტაპი ბავშვისგან მოითხოვს ჯგუფთან ადაპტაციას და დასწავლის უნარებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მშობლებთან განშორებაა, რომლის მიჩვევასაც გარკვეული დრო სჭირდება და უმეტეს შემთხვევებში, გრძელდება 3-დან 4 კვირამდე.

ბაღის დაწყებამდე, სასურველია ბავშვი მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მოამზადოთ. თუ შესაძლებელია ერთად ესტუმროთ ბაღის შენობას, დაათვალიეროთ ეზო, აუხსნათ როგორ ითამაშებს აქ სხვა ბავშვებთან ერთად.

ესაუბრეთ დღის ახალ განრიგზე, წინასწარ მოუყევით რა ელოდება; შფოთვის შესამცირებლად, ყოველ დილით გაუმეორეთ თქვენს შვილს დღის განრიგი, დაამშვიდეთ, უთხარით რომ თქვენ მიდიხართ ერთად ბაღში, სადაც ის დარჩება და ითამაშებს სხვა ბავშვებთან ერთად, როცა მოენატრებით შეუძლია ჩაეხუტოს თავის სათამაშო “დათვს”, რომელსაც ის სახლიდან წაიღებს. საღამოს კი თქვენ დაელოდებით ბაღის კარებთან და ერთად წამოხვალთ სახლში. იმის ცოდნა თუ რა მოელის დღის განმავლობაში, ბავშვს შეუმცირებს შფოთვას და ნეგატიურ განწყობას.

მოუყევით თქვენი მოგონებები ბაღის შესახებ, აქცენტი გააკეთეთ დადებით მხარეზე და ბაღის სარგებლიანობაზე, თუ რამდენ მეგობარს შეიძენს და რამდენ ახალ თამაშს ისწავლის.

მნიშვნელოვანია ნდობის ჩამოყალიბება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ნამდვილად მიხვალთ. ამ ნდობის განმტკიცებისთვის კარგი ხერხია “დამალობანას” თამაში - ზოგჯერ ხართ, ზოგჯერ არ ხართ.

ბაღში წასვლის პირველ დღეს, ეცადეთ ჩააცვათ მისთვის ნაცნობი და კომფორტული ტანსაცმელი, სასურველია თუ სახლიდან წაიღებს, რომელიმე მისთვის საყვარელ სათამაშოს. თუ ასეთი სათამაშო არ აქვს, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ხელსაწმენდი, რომელსაც ექნება თქვენი სუნამოს სუნი და ჩაიდოს ჯიბეში - როცა მოენატრებით შეუძლია შეეხოს, დაყნოსოს.

გამომშვიდობების დროს მოუსმინეთ ბავშვის წუხილს - უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გესმით მისი განცდების და შიშის, მას თქვენგან მხარდაჭერა და კომფორტი სჭირდება. შეჰპირდით, რომ მალე მიხვალთ და წამოიყვანთ. ეცადეთ გამომშვიდობება იყოს მოკლე და არა გაწელილი - ამით თავიდან აირიდებთ ბავშვის კიდევ უფრო განერვიულებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ჩვენი ნერვიულობა და შფოთვა, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ბავშვების ადაპტაციას ახალ გარემოსთან. ეცადეთ რომ შეინარჩუნოთ ღიმილი და მშვიდად დაემშვიდობოთ. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბაღის ეტაპობრივი მიჩვევა. ამ დროს ბავშვი გარკვეული დროით რჩება ბაღში და თანდათან იზრდება დრო.

 

 

ქცევის თერაპევტი

მარიამ გრიგოლია

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.