გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „AstraZeneca“-ს გამოყენება სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით შეაჩერეს

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „AstraZeneca“-ს გამოყენება სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით შეაჩერეს

1332 ნახვა
ორშაბათს გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეუერთნენ იმ ევროპული ქვეყნების რიცხვს, რომელთაც დროებით შეაჩერეს „AstraZeneca“-ს ვაქცინის გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს პრევენციული ნაბიჯი ემყარება მედიცინის სფეროში ქვეყნის ეროვნული მარეგულირებლის, პოლ ერლიხის ინსტიტუტის, რეკომენდაციას.
 
„გერმანიასა და ევროპაში აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ ცერებრალური ვენური თრომბოზის შემთხვევების განვითარების შემდეგ პოლ ერლიხის ინსტიტუტი საჭიროდ მიიჩნევს დამატებით კვლევებს.“ - ნათქვამია გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს Twitter- ზე.
 
„ევროპის წამლის სააგენტო გადაწყვეტს, გავლენას იქონიებს თუ არა შემდგომი კვლევის შედეგები „AstraZeneca“-ს დამტკიცებაზე.“ - ვკითხულობთ იქვე.
 
ამ დროისათვის ევროპაში გერმანია არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 14 მარტისთვის 6,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 2,8 მილიონი აიცრა კომბინირებული ვერსიით. ქვეყანამ დღემდე გამოიყენა მიღებული 12,5 მილიონ დოზის 50%-ზე ნაკლები, აქედან 3 მილიონზე მეტი „AstraZeneca“-ს ვაქცინაა.
 
გერმანიის განცხადებას მალევე მოჰყვა ხმაური მეზობელ ქვეყნებშიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „AstraZeneca“-ს გამოყენება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ „ევროპის წამლის სააგენტო“ არ გამოაქვეყნებს შესაბამის რეკომენდაციაც სამშაბათს დღის მეორე ნახევარში. ქვეყნის პირველი პირი იმედოვნებს, რომ მალე განახლდება „AstraZeneca“-თი ვაქცინიცაციის პროცესი. 
 
იტალიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ასოციაციამაც განაცხადა, რომ „AstraZeneca“-ს გამოყენების აკრძალვა მხოლოდ დროებითი რეგულაციაა. მსგავსად მოიქცა რამდენიმე დღით ადრე, შაბათ-კვირას ირლანდია და ნიდერლანდები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არ არსებობს კავშირი „AstraZeneca“-ს და ცერებრალური ვენური თრომბოზის განვითარებას შორის, ამიტომ ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ ამ ვაქცინის გამოყენება. გასულ ოთხშაბათს იგივე მოსაზრება გაავრცელა „ევროპის წამლის ასოციაციამაც.“
 
„ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა დასკვნა, რომელიც დაადგენდა უკავშირდება თუ არა „AstraZeneca“-ს გამოყენება სისხლის შედედების პრობლემის გამოწვევას, მიუხედავად ამისა, სიფრთხილის დასაცავად, „იმუნიზაციის ეროვნულმა მრჩეველთა კომისიამ“ დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე რეკომენდაცია გასცა აღნიშნული ვაქცინის გამოყენების შეჩერებაზე“ - ნათქვამია ირლანდიის მთავარი სამედიცინო ოფისის მოადგილის, ექიმი რონან გლინსის, განცხადებაში.
ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დანიასა და ნორვეგიაში „AstraZeneca“-სგამოყენების დროებით შეჩერება მოჰყვა 6 ახალ შემთხვევას, როდესაც 50 წლამდე ასაკის ადამიანებში თრომბოციტების დონე მკვეთრად დაეცა და გართულდა სისხლის შედედების პროცესი. მიუხედავად ამისა, ნიდერლანდების ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
 
 
რას ამბობს „AstraZeneca“?
მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ გამოკვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო „AstraZeneca“-ს შესაბამისი დოზა, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ არ დადასტურებულა არცერთი შემთხვევა ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა ან თრომბოციტოპენიის განვითარების შესახებ ნებისმიერი კატეგორიის პაციენტებს შორის. ეს მოსაზრება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ „AstraZeneca“-ს მიწოდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შემცირდა საექსპორტო შეზღუდვების გამო, თუმცა მწარმოებლები გეგმავენ შეფერხების აღმოფხვრას საკუთარი მიმწოდებლების საშუალებებით.  კომპანიის მიზანია წლის პირველ ნახევარში 100 მლნ. დოზის მიწოდება (30-ის პირველ კვარტალში, 70 მლნ-ის მეორეში).
ევროკომისია, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვაქცინის ტრანსპორტირების შესახებ, გაერთიანების 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ მკაცრად გაკრიტიკდა მიწოდების ნელი ტემპის გამო. იანვრის ბოლოს კომპანიამ განაცხადა რომ ბელგიაში, AstraZeneca“-ს მწარმოებელ ქარხანაში, შექმნილი გარკვეული დაბრკოლებების გამო, მათ შეეძლოთ მხოლოდ 40 მლნ. დოზის მიწოდება ევროკავშირისათვის, განსხვავებით თავდაპირველი დაპირებისა, რომელიც გულისხმობდა პირველ კვარტალში 120 მლნ დოზის გადაცემას.
 
 
ავსტრიის მთავრობამ შეაჩერა „AstraZeneca“-ს გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას 49 წლის ქალი გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზების წარმოქმის შედეგად ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ და  35 წლის პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო ფილტვის ემბოლიის გამო.
 
ესტონეთმა, ლიტვამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, დანიამ და ნორვეგიამ ასევე შეაჩერა„AstraZeneca“-თი ვაქცინაციის პროცესი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე და ჯერ საბოლოო დასკვნა აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს, თუმცა  „AstraZeneca“-ს მწარმოებელი ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიმართ, რომელიც თანამშრომლობს ოქსფორდის უნივერსიტეტთან, უკვე შეიქმნა უარყოფითი დამოკიდებულება მსგავსი სიახლეების მასობრივად გავრცელების შემდეგ.
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.