აბორტი – ეს სიტყვა უმეტესობას ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას აგონებს, თუმცა მედიცინის ენაზე მუცლის მოშლასაც აბორტი ეწოდება, ოღონდ თვითნებითი. ეს ის შემთხვევაა, როცა დედას არც კი უფიქრია შვილის მოშორება, მაგრამ ორსულობა სავალალო შედეგით დასრულდა. ალბათ თქვენ გარშემოც ბევრია ისეთი წყვილი, რომელიც წლებია უშედეგოდ ცდილობს შვილის გაჩენას. სამწუხაროდ, ხშირად იმის დადგენაც კი ვერ ხერხდება, რა იწვევს ორსულობის ვადამდე მიუტანლობას. მართლა ასეთი ძნელია “დამნაშავის” პოვნა თუ ეს ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალია? შეწყვეტილი ორსულობის მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის საშუალებებზე კლინიკა “ინ ვიტროს” მეან - გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, პოლიკლინიკური განყოფილების უფროსი, კლინიკური მენეჯერი ნანი მარსაგიშვილი გვესაუბრება.
– ორსულობათა ნახევარი მანამდე წყდება, სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა. ასეთ დროს მენსტრუაციულ გამონადენთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიც. ციკლის რამდენიმედღიანი გადაცდენა ან უხვი, ჭარბი მენსტრუაციული გამონადენი ზოგჯერ სწორედ შეწყვეტილი ორსულობის ნიშანია. დანარჩენი 50%-დან ორსულობის შეწყვეტაში უმთავრესად ქრომოსომულ დარღვევებს, გენეტიკურ პათოლოგიებს მიუძღვის ბრალი. აქ განასხვავებენ დარღვევათა ორ ჯგუფს. აბორტების უმეტესობა განაყოფიერებისას დაშვებული შეცდომების, ე.წ. შემთხვევითი ქრომოსომული დარღვევების, წილად მოდის და ასეთი შეცდომების შედეგად წარმოქმნილი ემბრიონი არასიცოცხლისუნარიანია. შედარებით იშვიათად, 5-10%-ში, ჩანასახს მშობლებისგან გადაეცემა მუტანტური, პათოლოგიური გენი.
გენეტიკასთან ერთად ორსულობის შეწყვეტაში დიდ როლს ასრულებს ინფექციური დაავადებები. მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია წითურა, ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ქლამიდია და მისი ჯგუფის ინფექციური აგენტები – ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ეს ინფექციები, გარდა იმისა, რომ ხშირად იწვევს ორსულობის შეწყვეტას, მეტად რთული გამოსავლენია, რაც პროცესის მართვას ერთიორად ართულებს.
ორსულობის ვადამდე მიუტანლობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ენდოკრინული დაავადებაც. შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების (უმეტესად – მისი ფუნქცის დაქვეითების), თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების – ადრენოგენიტალური სინდრომის, საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ვითარდება ენდოკრინული ცვლილებები, რომლებსაც პროგესტერონის უკმარისობამდე მივყავართ, პროგესტერონი კი ჰორმონია, რომელიც ორსულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მდგომარეობას ხალხში ყვითელი სხეულის ნაკლებობას უწოდებენ, რადგან პროგესტერონს სწორედ ყვითელი სხეული გამოიმუშავებს.
ორსულობის ვადამდე მიუტანლობის მიზეზი შესაძლოა იყოს საშვილოსნოს ორგანული დაზიანებაც – პოლიპი ან სუბმუკოზური კვანძი. შესაძლოა, მიომური კვანძი ინტრამურალურად ანუ კუნთში მდებარეობდეს, მაგრამ ჰქონდეს ცენტრისკენული ზრდა და ამგვარად იწვევდეს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას. ზოგჯერ მიზეზი საშვილოსნოს თანდაყოლილი დეფექტია – ძგიდე საშვილოსნოს ღრუში, ორრქიანი საშვილოსნო და სხვა. ორსულობის შეწყვეტა ხდება მაშინაც, როდესაც ვითარდება საშვილოსნოს ყელის უკმარისობა: საშვილოსნოს ყელი მოკლდება, ფართოვდება ყელის არხი და ნაყოფს საშვილოსნოში, ფაქტობრივად, აღარაფერი აკავებს. სარისკოა სისხლის შედედების დარღვევაც: როცა სისხლის შედედების უნარი მომატებულია, პლაცენტაში ჩნდება თრომბები, რაც პლაცენტის და, შესაბამისად, ნაყოფის სისცოცხლისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
– ძალიან ძნელი. ლიტერატურაში მითითებულიც კია, რომ ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენა უმეტესად ვერ ხერხდება. ცხადია, როდესაც დასტურდება კვანძი ან საშვილოსნოს ანატომიური დეფექტი ან ვიცით, რომ პაციენტს აქვს ესა თუ ის ენდოკრინული დაავადება, რომელსაც სათანდოდ არ მკურნალობდა, ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ნათელია; საქმე ერთიორად რთულდება, როდესაც საუბარია ინფექციურ პათოლოგიაზე ან გენეტიკურ დარღვევებზე (არადა, შეწყვეტილი ორსულობები უმეტესად მათ წილად მოდის). მეტიც – შესაძლოა ქალს ჰქონდეს ანატომიური დეფექტი, მაგრამ ორსულობის შეწყვეტა სულ სხვა პათოლოგიამ გამოიწვიოს.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ვირუსებს პროცესის გაქრონიკულება ახასიათებს. ინფექცია მწვავედან ქრონიკულ ფორმაში გადადის, ვირუსი რჩება ნერვულ განგლიებში და როდის გააქტიურდება, ვერავინ იტყვის. შესაძლოა, იმ პერიოდში, როდესაც ორსულობა შეწყდა, ინფექცია გამწვავებული ყოფილიყო, მაგრამ გამოკვლევის დროს ის უკვე ქრონიკულ ფაზაში იყოს გადასული და ლაბორატორიული გამოკვლევითაც ვერ მოხერხდეს გამწვავების გამოვლენა.
– ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. განმეორებითი ორსულობის ვადამდე მიუტანლობის რისკი ძალიან რთული შესაფასებელია. როდესაც ორსული არასწორად და არასრულყოფილად არის გამოკვლეული და ნამკურნალევი, ალბათობა, ცხადია, იმატებს, მაგრამ ზოგჯერ ხდება თვითგანკურნება და მომდევნო ორსულობა მკურნალობის გარეშეც კი სასურველი შედეგით მთავრდება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა მკურნალობაზე უარი უნდა თქვას – თვითგაჯანსაღება ხდება, მაგრამ ძალზე იშვიათად. ასე რომ, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობაა საჭირო.
– დიახ, ასე საკმაოდ ხშირად ხდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე-6 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობა მე-11 კვირაზე აღმოუჩენიათ. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ორსულობა დადგინდება, მე-12 კვირამდე ექოსკოპიური გამოკვლევა აუცილებელი აღარ არის. თუ ორსულობა ამ პერიოდში შეწყდა, შესაძლოა, დედამ განმეორებით ვიზიტამდე ვერც კი შეიტყოს ამის შესახებ.
– საშიშია მაშინ, როდესაც მიზეზი სერიოზული ინფექციაა. სხვა შემთხვევები დედისთვის დიდ საფრთხეს არ შეიცავს. ნაყოფის ევაკუაცია კი, ცხადია, აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს.
– ვიდრე ორსულობა შეწყდება, ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ზოგიერთი ისეთი ნიშნის გამოვლენა, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს. მაგალითად, სანაყოფე პარკის უსწორმასწორო კიდეებისა, თხელი ენდომეტრიუმისა, ყვითრის პარკისა და სანაყოფე პარკის ზომების დარღვევისა (ნორმაში სანაყოფე პარკი დიდია, ყვითრის პარკი კი პატარა). ასეთ დროს გარკვეულწილად უკვე შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტის პროგნოზირება.
რაც შეეხება თვითნებითი აბორტის კლინიკურ გამოვლენას, მისი პირველი ნიშანია ტკივილი და`ან სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლიანი ჩამონაშალი. პროცესის პროგრესირებასთან ერთად იმატებს ტკივილის ინტენსივობა და ჩამონაშალის ოდენობა. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. საბედნიეროდ, ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია.
– მკურნალობა, რასაკვირველია, ეფექტურია. როგორც აღვნიშნეთ, ორსულობის შეწყვეტის მიზეზი უმეტესად პროგესტერინული უკმარისობაა, ამიტომ მის მარაგს ხელოვნურად ვავსებთ. არსებობს პროგესტერონის პრეპარატების რამდენიმე ფორმა: დასალევი, ვაგინალური, ინტრამუსკულარული. ფორმას პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად ვარჩევთ. ცხადია, ყველაზე ეფექტურია საშოში მოთავსება, რადგან პრეპარატს სამიზნე ორგანომდე მცირე მანძილი აქვს გასავლელი და გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად იჩენს თავს. ზოგჯერ ქალს პრეპარატის საშოში მოთავსება არ შეუძლია. ამ შემთხვევაში დასალევ ფორმას ვიყენებთ.
აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობაც საშვილოსნოს სპაზმის მოსახსნელად. ხშირად ინიშნება დამამშვიდებლებიც, რადგან ქალი ასეთ დროს ძლიერ სტრესს განიცდის.
ორგანულ დაზიანებებს ქირურგიული გზით ვმკურნალობთ. მეტად ბანალური პროცედურაა საშვილოსნოს პოლიპის მოცილება – პაციენტი ორიოდე საათში ბრუნდება შინ და პროგნოზიც კეთილსაიმედოა. ქირურგიულად აშორებენ მიომურ კვანძს, საშვილოსნოს ძგიდესაც. სამწუხაროდ, ორრქიანი საშვილოსნოს მკურნალობის ქირურგიული მეთოდი არ არსებობს, თუმცა არც ეს არის განაჩენი – თუ ერთ-ერთი ღრუ მაინც არის დიდი, იქ თავისუფლად ვითარდება ორსულობა.
– ამ მანიპულაციას მიმართავენ საშვილოსნოს ყელის უკმარისობის დროს. როგორც მოგახსენეთ, მეტად საშიშია, თუ ორსულობის დასაწყისში საშვილოსნოს ყელის არხი გახსნილია და თითს ატარებს ან დამოკლებულია. ამ შემთხვევებში საშვილოსნოს ყელზე იდება ნაკერი, რომელსაც ხსნიან მშობიარობის წინ. საკმაოდ ეფექტური მანიპულაციაა, თუმცა მისი ჩატარება არ შეიძლება მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს.
– წოლითი რეჟიმი ყოველთვის ეფექტური არ არის. ის განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც დასტურდება პლაცენტის კიდითი მიმაგრება – პლაცენტის ქვედა კიდე საშვილოსნოს არხთან მდებარეობს ან ფარავს მას. სხვა შემთხვევებში მოძრაობის მკაცრად შეზღუდვა საჭირო არ არის. თუმცა, ცხადია, იკრძალება სიმძიმის აწევა, გადაძაბვა. გარდა ამისა, ამგვარ შემთხვევებში წყვილს მე-12 კვირამდე სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებას ვურჩევთ.
– ეს მცდარი შეხედულებაა. მეტიც – როგორც ლიტერატურაშია მითითებული, ნორმალურად მიმდინარე ორსულობისთვის დავარდნა, ფიზიკური ტრავმაც კი არ წარმოადგენს საფრთხს. მით უმეტეს მასზე არ მოქმედებს სქესობრივი კავშირი. ის იზღუდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აბორტია მოსალოდნელი, ორსულობა მკურნალობის შედეგად არის დამდგარი ან დატვირთულია ანამნეზი.
– დაახლოებით 6 თვის შემდეგ. ეს დრო საჭიროა პრობლემის აღმოჩენისა და მისი ლიკვიდაციისთვის. თუმცა გვქონია შემთხვევები როცა წყვილს არ დაუცავს მითითებული ვადა, მეორე თვესვე დაორსულებულა და სავსებით ჯანმრთელი ნაყოფიც გაუჩენია. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ლიტერატურაშია მითითებული.
– ცხადია, შედეგი წინა ორსულობის შეწყვეტის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ მიზეზი დადგინდა და აღმოიფხვრა, ანუ სრულყოფილად ჩატარდა ინფექციური, ორგანული თუ ენდოკრინული პათოლოგიის მკურნალობა, პროგნოზიც კეთილსაიმედოა. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქალს ანამნეზში აქვს რამდენიმე თვითნებითი აბორტი, ზოგჯერ – ხუთი-ექვსიც კი. ასეთ დროს საშვილოსნოდან გამოძევებულ ნაყოფს (მას აბორტუსს ვუწოდებთ), წესისამებრ, ქრომოსომული პათოლოგიები აქვს. მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ციტოგენეტიკური გამოკვლევა, რაც მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება. ეს კვლევა აჩვენებს, რომელ ქრომოსომაში რა ტიპის დარღვევაა. გენეტიკური დარღვევების მკურნალობა და მათი განვითარების პრევენცია კი, ინფექციური ან ენდოკრინული პათოლოგიებისგან განსხვავებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ასეთ დროს ბავშვის ყოლა უკვე დამხმარე ტექნოლოგიებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით არის შესაძლებელი.
მიღებაზე ჩაწერა: კლინიკა ინ ვიტრო