ქ. არნსბერგის ნეიროქირურგიული კლინიკის წამყვანი ნეიროქირურგის - დავით შალამბერიძის ვიზიტი ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკაში

ქ. არნსბერგის ნეიროქირურგიული კლინიკის წამყვანი ნეიროქირურგის - დავით შალამბერიძის ვიზიტი ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკაში

825 ნახვა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას 6-8 ოქტომბერს, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში პროფესიული ვიზიტით ეწვევა გერმანიის, ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ცენტრის ნეიროქირურგიული კლინიკის წამყვანი სპეციალისტი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი დავით შალამბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში დავით შალამბერიძე ჩაატარებს კონსულტაციებს ნეიროქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან, ისეთი დაავადებების დროს როგორებიცაა;

  • თავისა და ზურგის ტვინის ონკოლოგიური, სისხლძარღვოვანი და ტრავმული პათოლოგიები;
  • ხერხემლის ონკოლოგიური, დეგენერაციული და ტრავმული პათოლოგიები;
  • თავზურგტვინის და ხერხემლის არხის თანდაყოლილი ანომალიები;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები და კომპრესიული სინდრომები;
  • ქრონიკული ტკივილის სინდრომი და სხვა.

 

დაგეგმილი ვიზიტის თემასთან დაკავშირებით დეტალურად გვესაუბრება მარბურგის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი - დავით შალამბერიძე.

— ბატონო დავით ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სპეციალური მოწვევით და პაციენტთა თხოვნით 6-8 ოქტომბრისათვის დაიგეგმა თქვენი ვიზიტი, რომელიც ალადაშვილის კლინიკის ერთობლივი ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და გულისხმობს ნეიროქირურგიული დაავადებების, რთული და იშვიათი ქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტების კონსულტირებას და ოპერირებას ქვეყნიდან გაუსვლელად, გერმანული სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რისთვისაც კლინიკის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ინიციატივა და მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

გვიამბეთ ზოგადად თქვენი ვიზიტის მიზნებისა და აქტივობების შესახებ.

— როგორც მოგეხსენებათ ეს ვიზიტი ხორციელდება ე.წ. ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია ჩემი ძვირფასი მეგობარი, სისხლძარღვთა ქირურგი ჯუმბერ ფარცახაშვილი. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობას შევთავაზოთ ჩვენი, წლების განმავლობაში დაგროვილი სამედიცინო გამოცდილება და თანამედროვე გერმანული სტანდარტის მკურნალობა, რომელიც ხელმისაწვდომი გვინდა გახდეს იმ პაციენტებისთვისაც, ვინც ძირითადად ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებს სამკურნალოდ ევროპაში გამგზავრებას. მოგეხსენებათ მკურნალობის საფასური ევროპულ კლინიკებში ქართული რეალობისთვის ძალიან მაღალია და ბევრისთვის ხელმიუწვდომელია.

— ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში 6, 7, 8 ოქტომბერს თქვენ ჩაატარებთ კონსულტაციებს ნეიროქირგიული დაავადებების მქონე პაციენტებთან. კონკრეტულად რომელი პათოლოგიების მქონე პაციენტებმა უნდა მოგმართონ?

— ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება კონსულტაცია გავუწიოთ ერთი მხრივ პაციენტებს რომლებსაც უკვე დასმული აქვთ ესა თუ ის ნეიროქირურგიული დიაგნოზი, მოვახდინოთ დიაგნოზის გადამოწმება და შევთავაზოთ მკურნალობის ინდივიდუალურად მორგებული თანამედროვე მეთოდები. ეს შეიძლება იყოს როგორც თავის ან ზურგის ტვინის სიმსივნური ან სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ასევე თანდაყოლილი ანომალიები, ხერხემლის დეგენერაციული და ტრავმული პათოლოგიები; პერიფერიული ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები და კომპრესიული სინდრომები. გარდა ამისა, პაციენტებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დასმული დიაგნოზი, მაგრამ აღენიშნებათ ჩივილები (მაგალითად თავის, კისრის ან წელის ტკივილები, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში ან სახის არეში, მგრძნობელობის მოშლა ან ძალის დაქვეითება კიდურებში და ა.შ) შეიძლება დავეხმაროთ დიაგნოზის დასმით და შემდგომი მკურნალობით, ან, როგორც მინიმუმ, ნეიროქირურგიული პათოლოგიის, როგორც ჩივილების მიზეზის გამორიცხვით.

რომელი რთული შემთხვევების ქირურგიული  მკურნალობაა შესაძლებელი თქვენი ვიზიტების დროს, რომელთა ოპერირება საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვს?

— კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული პირობის მიხედვით, წვდომა იქნება ყველა საჭირო ინსტრუმენტულ ტექნიკურ აღჭურვილობაზე. შესაბამისად შესაძლებელია, პაციენტებს შევთავაზოთ მკურნალობა სრული ნეიროქირურგიული სპექტრით და თანამედროვე მეთოდებით. ეს შეეხება როგორც თავის თუ ზურგის ტვინის ძნელად მისადგომ კეროვან პათოლოგიებს, ასევე მინიმალინვაზიური და ენდოსკოპიური მკურნალობის მეთოდებს. აქედან გამომდინარე, თუ დღემდე პაციენტს უწევდა ამა თუ იმ დაავადების გამო საზღვარგარეთ გამგზავრება, დღეს ამ ნეიროქირურგიულ დაავადებათა მკურნალობას განვახორციელებთ საქართველოში, კერძოდ, ალადაშვილის კლინიკაში.

— რა სიახლეების დანერგვას აპირებთ ერთობლივი, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკაში,  ნეიროქირურგიის მიმართულებით?

— როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხოა მინიმალინვაზიური ტექნიკით ხერხემლის დაავადებათა მკურნალობა და მალთშორისი დისკების პროტეზირება. ასევე ნეირომოდულაციური თერაპია ქრონიკული ნეიროპათიული ტკივილების დროს. ყველაზე მთავარი სიახლე ალბათ მაინც იქნება გერმანული სტანდარტით მთლიანი მკურნალობის მენეჯმენტი როგორც პერიოპერაციულად ასევე მოგვიანებით პერიოდში.

— გერმანიის რომელ კლინიკებში გაქვთ მიღებული კვალიფიკაცია და რომელ საერთაშორისო დონის ექსპერტებთან გიმუშავიათ?

— სანამ გერმანულ კლინიკებზე მოგახსენებდეთ, არ შემიძლია არ დავიწყო ბატონი გოგი მაღალაშვილით, რომელმაც თავისი ჩინებული პრფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით განაპირობა ჩემი დაინტერესება ნეიროქირურგიით და ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა ჩემს შემდგომ განვითარებას. გერმანიაში ჩასვლისთანავე შესაძლებლობა მომეცა ნეიროქირურგად მუშაობა დამეწყო ბოხუმის უნივერსიტეტის აკადემიურ სასწავლო საავადმყოფოში, კლინიკუმ ვესტში პროფ. პუხნერის ხელმძღვანელობით, რომელიც პროფ. ვესტფალის და პროფ. ოპპელის ნეიროქირურგიული სკოლების საუკეთესო თვისებებს უყრიდა თავს. ამ დროს რადიოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფ. შაპოს ნეირორადიოლოგიური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი პროფ. ვებერი. რომელთანაც რეგულარულმა ურთიერთბამ რა თქმა უნდა ბევრი რამ შემძინა. სპეციალისტად ჩამოყალიბების გზაზე წილად მხვდა ბედნიერება, თეორიულ-პრაქტიკული მენტორობა გაეწიათ ჩემთვის ბოლო პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო სისხლძარღვთა ნეიროქირურგს პროფ. ჰერნესნიემის და ნეიროქირურგიის ლეგენდებს პროფ. იაშარგილს და პროფ. ზამიის. და ბოლოს, უნდა აღვნიშნო პროფ. ბენეში, პროფ. ბერტალანფის ნეიროქირურგიული სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელობით უკვე ექიმ-სპეციალისტის რანგში მოხდა ჩემი პროფესიული წრთობა. რა თქმა უნდა ყველა კლინიკის და სპეციალისტის ჩამოთვლა, რომელთანაც მითანამშრომლია შორს წაგვიყვანს და ვფიქრობ, სჯობს აქ შევჩერდეთ.

— ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუ არა გერმანელი კოლეგების ვიზიტები და ერთობლივი ოპერაციები კლინიკაში?

— ანესთეზიოლოგიურ მხარდაჭერას ოპერაციებზე გაგვიწევს დოქტორი ზანდერი, ქალაქ ჰამის წმინდა ანას სახელობის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ხოლო ნეირორადიოლოგიური კუთხით, საჭიროების შემთხვევაში გვერდში გვიდგას დოქტორი რანფთი, ვილჰელმის სახელობის აკადემიური სასწავლო საავადმყოფოს, კლინიკუმ ჰოხზაუერლანდის ნეირორადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.  

— თქვენი რეგულარული, პროფესიული ვიზიტების ფარგლებში დაგეგმილია თუ არა ლექცია-სემინარები და სამეცნიერო კონფერენციები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით?

— ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ვდგამ პირველ ნაბიჯებს, ამ ვიზიტს აქვს, ასე ვთქვათ, გაცნობითი ხასიათი და კონსულტაციებით შემოვიფარგლებით. კარგი სტარტის შემთხვევაში … გვაქვს ბევრი გეგმა.

— შესაძლებელია თუ არა ნეიროქირურგიული პათოლოგიების პრევენცია?

ნეიროქირურგიული სისხლძარღვოვანი დაავადებების პრევენციისთვის მიზანშეწონილია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა, არტერიული წნევის რეგულირება და ქოლესტერინის და გლუკოზის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში.  

ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების (მაგ. დისკოზი, ხერხემლის არხის შევიწროება, ხერხემლის სეგმენტური არასტაბილურობა) პრევენცია შესაძლებელია კუნთური სისტემის თანმიმდევრული გაძლიერებით და სხეულის მასის  კონტროლით, ორთოგრადული მოძრაობებით და დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომის თავიდან აცილებით. ზოგადად ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ძვალ-მყესოვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები რის შედეგადაც ხშირია ხერხემლის პათოლოგიების კლინიკური გამოვლინება. შესაბამისად რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ხერხემალს.

რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, აქ რაიმე კონკრეტული რჩევის მიცემა ძნელია, რადგან ძირითადად სიმსივნურ პროცესებს უჯრედის გენეტიკურ კოდში ჩადებული ინფორმაცია განაპირობებს, რის შედეგადაც უჯრედი ერთ დღეს  იწყებს უკონტროლო რეპროდუქციას/გამრავლებას. ზოგადად უჯრედული კოდის მუტირება/ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს მაღალი სიხშირის დასხივებამ, მომწამვლელ ნივთიერებებთან თავდაცვითი მექანიზმების გარეშე კონტაქტმა და ასევე ძლიერმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა. 

ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ბევრი, არა მარტო ნეიროქირურგიული დაავადების თავიდან აცილებას ან შედარებით იოლ ფორმებში და ნელ განვითარებას.  

— ბატონო დავით, დაგეგმილი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში 6,7,8 ოქტომბერს თქვენ ჩაატარებთ კონსულტაციებს ქართველი პაციენტებისთვის, რომელთაც სხვადასხვა  ნეიროქირურგიული დაავადებები აქვთ. კონსულტირებულ საოპერაციო პაციენტებს ექნებათ თუ არა  საშუალება მოემზადონ და ჩაიტარონ ოპერაციები თქვენი შემდგომი ვიზიტის დროს ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში?

— აუცილებლად. ქართულ-გერმანული პროქტის ფარგლებში ვგეგმავთ ქართველ პაციენტებს გავუწიოთ სამედიცინო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ ინტერვენციული მკურნალობა. 

— რას  ეტყოდით პაციენტებს, რომლებსაც ნეიროქირურგიული დაავადებები აქვთ?

— ვურჩევდი რომ დროულად მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ აღენიშნებათ ძალის დაქვეითება ან კოორდინაციის მოშლა კიდურებში, ან განუვითარდათ უნებლიე შარდვა ან პირიქით შარდვის შეკავება, ან დაეწყოთ ძალიან ძლიერი თავის ტკივილი გულისრევით და პირღებინებით. 

     დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს.

     დღეს მედიცინას ბევრად უფრო მეტი შეუძლია. 

     ხარისხი იძლევა შედეგს.

 

ნეიროქირურგი - დავით შალმბერიძე კონსულტაციებს ჩაატარებს 6, 7, 8 ოქტომბერს.

ჩაწერა წინასწარ

კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს თამარ ცირეკიძეს;

ტელ: 599 337 828

მის: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #103.

დატოვეთ კომენტარი

ყველა აქცია




უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.