პროფ. ლალი ნიკოლეიშვილი: ქალები 65 წელზე მეტი, ხოლო მამაკაცები 70 წელზე ზევით ასაკში უფრო მეტად იმყოფებიან ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ

პროფ. ლალი ნიკოლეიშვილი: ქალები 65 წელზე მეტი, ხოლო მამაკაცები 70 წელზე ზევით ასაკში უფრო მეტად იმყოფებიან ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ

6579 ნახვა
დღეისათვის ბევრს ლაპარაკობენ და წერენ მოტეხილობის განვითარების ისეთი მიზეზის შესახებ, როგორიცაა ოსტოპოროზი
რა არის ოსტეოპოროზი, რა შემთხვევებში ვითარდება და რამდენად ხშირია ეს დაავადება, ვის აქვს ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი რისკი, და, ზოგადად, შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების პრევენცია და მკურნალობა - ამ საკითხებზე ვესაუბრეთ კლინიკა  „დიაკორის“ თანადამფუძნებელს, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფ. ლალი ნიკოლეიშვილს.
 
- მოგესალმებით ქალბატონო ლალი, მადლობა ინტერვიუსთვისპირველ რიგში გავერკვეთ, რა არის ოსტეოპოროზი?
 
- ოსტეოპოროზი არის დაავადება, როდესაც ძვალში განვითარებული პათოლოგიური პროცესის შედეგად მცირდება ძვლის მასა, ფაშრდება,  შესაბამისად,  ძვალი ხდება ნაკლებად მტკიცე და არამკვრივი, ამიტომ ძვლის ამტანობა დატვირთვის მიმართ მცირდება და იზრდება მოტეხილობის განვითარების რისკი. 
 
ოსტეოპოროზის მქონე ადამიანს, მოტეხილობა შესაძლოა უმნიშვნელო დატვირთვის ან ტრავმის დროს განუვითარდეს. დასუსტებული ძვლის პირობებში, ძვალი შესაძლოა გატყდეს ისეთი დაცემისას, როცა სხვა შემთხვევაში მოტეხილობა არ განვითარდებოდა. რაც უფრო მეტადაა განლეული ძვალი, მით უფრო ადვილად, ანუ მცირე ტრავმასა თუ ზეწოლაზეც კი შესაძლებელია მოტეხილობის განვითარება. უფრო მეტიც, მძიმე ოსტეოპოროზის დროს ძვლის მოტეხილობა შესაძლოა უბრალოდ მკვეთრი დაცემინების ან მსუბუქი ზეწოლის შედეგადაც კი განვითარდეს.
 
- რამდენად ხშირი და საშიშია ოსტეოპოროზული დაავადება, როგორია მისი გავრცელება? 
 
- ოსტეოპოროზი გავრცელებული დაავადებაა. ვერ ვსაუბრობთ კონკრეტულად საქართველოს მონაცემებზე, მაგრამ  ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდის (IOF) მონაცემებით მსოფლიოში 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება ის; ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 50 წელს გადაცილებული ყოველი სამი ქალიდან ერთს და  ყოველი ხუთი მამაკაციდან ერთს  სიცოცხლის მანძილზე უვითარდება ოსტეოპოროზის ყველაზე საშიში გართულება - ოსტეოპოროზული მოტეხილობა.
 
ოსტეოპოროზული მოტეხილობა ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ვითარდება და  განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობას.  ოსტეოპოროზული მოტეხილობა უფრო ხშირად ვითარდება ბარძაყის, ხერხემლისა და მაჯის არეში, თუმცა შესაძლოა  განვითარდეს სხვა ძვლების მოტეხილობაც. მოტეხილობას თან ახლავს მუდმივი ხასიათის ტკივილი, პაციენტი საჭიროებს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხშირ მიღებას, რაც უარყოფითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.  ხშირ შემთხვევაში ოსტეოპოროზული დაავადება პაციენტის სიმაღლეში შემცირებას იწვევს. ხერხემლის მალების და ხერხემლის ძვლების ოსტეოპოროზული დაზიანებისას, ხერხემალი ძალაუნებურად იხრება და ვითარდება კუზი.  ამ და სხვა დაზიანებების გამო, ასევე ხშირ შემთხვევაში მოძრაობის უნარი იზღუდება, რაც არაიშვიათად ხდება სოციალური იზოლაციის და დეპრესიის განვითარების მიზეზი. 
 
ცალკე უნდა აღინიშნოს რეკონსტრუქციული ოპერაციები, რაც მოტეხილობის განვითარების შემდეგ ტარდება. ასეთი ოპერაციების საჭიროება ძირითადად ასაკოვან პირებს აქვთ, რაც გადარჩენის  ალბათობას ზრდის, თუმცა ასევე ძალიან ხშირადაა ასოცირებული ჯანმრთელობის  მაღალ რისკებთან, ოპერაციის გართულებებთან, ხანგრლივი რეაბილიტაციის პროცესთან და პაციენტის განსაკუთრებული მოვლის, ხშირად - დამხმარე პირის  საჭიროებასთან. ყველაფერი ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ზრდის მატერიალურ დანახარჯებს როგორც ოჯახის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. 
 
მიუხედავად ჩატარებული ყველა ღონისძიებისა, გამოსავალი ხშირად მაინც არაკეთილსაიმედოა. ხანდაზმული პირების ოცი პროცენტი, ვისაც ბარძაყის ძვლის ოსტეოპოროზული მოტეხილობა უვითარდება, იღუპებიან მოტეხილობიდან ერთი წლის განმავლობაში ან თავად მოტეხილობის გართულებებით, ან რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევისას განვითარებული გართულებებით. 
ამიტომაცაა ოსტეოპოროზი ძვირადღირებული დაავადება.

აშშ-ში წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი ოსტეოპოროზული მოტეხილობა ვითარდება, რაზეც დაახლოებით 19 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება. ექსპერტების მიერ ნავარაუდევია, რომ 2025 წლისთვის,  წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიონი ოსტეოპოროზული მოტეხილობა განვითარდება, რაზეც ყოველწლიურად  $25.3 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება. 
 
- რა უნდა მოვიმოქმედოთ? შესაძლებელია თუ არა და როგორ დავიცვათ თავი ოსტეოპოროზული მოტეხილობისგან?
 
- პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ოსტეოპოროზი ნელ-ნელა, უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებაა, შესაბამისად, იგი ჩუმად ვითარდება და მხოლოდ წლების შემდეგ გვაყენებს ფაქტის წინაშე.  ძვლების დასუსტებას ადამიანი ვერ გრძნობს და დაავადება კლინიკურად ვლინდება უკვე მოტეხილობით,  ხერხემლის თანდათან წინ გადახრით ან სიმაღლის შემცირებით. ამ შემთხვევებში საჭიროა მივმართოთ სპეციალისტს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაავადება შესაძლოა ჩუმად მოგვეპაროს, უნდა ვიცოდეთ, რა ფაქტორები უწყობს ხელს ოსტეოპოროზის განვითარებას, ანუ რისკის ფაქტორები, ესენია:
  1. ქალებში - მენოპაუზა, განსაკუთრებით ნაადრევი მენოპაუზა, ხოლო მამაკაცებში - ტესტოსტერონის დაბალი დონე;
  2. ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი: ძვლის ჯანმრთელობა მემკვიდრეობით გადაეცემა, ამიტომაც გასათვალისწინებელია ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი. ვინაიდან ადრე ამ დაავადების დიაგნოსტიკა არ ხდებოდა, გასათვალისწინებელია, ხომ არ ჰქონდა ოჯახის რომელიმე წევრს, განსაკუთრებით მშობლებს ან დედ-მამიშვილებს ოსტეოპოროზის კლინიკური ნიშნები, კერძოდ სიმაღლის მკვეთრი შემცირება ან  მოტეხილობა მსუბუქი ტრავმისას. 
  3. კალციუმის არასაკმარისი მიღება და ვიტამინი D-ს დეფიციტი:  მოზრდილებს დღიურად ესაჭიროებათ საკვებით 1000 მგ კალციუმის მიღება; 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის და 70 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის კალციუმის მიმართ მოთხოვნილება დღეში 1300 მგ-მდე იზრდება; რაც შეეხება ვიტამინი D-ს, მისი არსებობა  მნიშვნელოვანია კალციუმის ათვისებისთვის,  ამიტომ   უნდა მოხდეს სისხლში ვიტ დ-ს რაოდენობის განსაზღვრა ნაკლებობის ან დეფიციტის დასადგენად და შესაბამისად  მოხდეს შევსება;
  4.  ზოგიერთი მედიკამენტი, მაგ. კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა ანთებითი მდგომარეობების დროს;
  5. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები:
    ჰიპერთირეოზი, მედიკამენტოზური თირეოტოქსიკოზი;
  6. ჰიპერპარათირეოზი;
  7. მალაბსორბციის (საკვების ნივთიერებების შეწოვის დარღვევა) გამომწვევი მდგომარეობები: მაგ,. ცელიაკია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  8. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება: მაგ.: რევმატოიდული ართრიტი, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
  9. ძუძუს და პროსტატის კიბოს, ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი;
  10.  მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ამცირებს ძვლის მასას; მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი - ქალები 65 წელზე მეტი, ხოლო მამაკაცები 70 წელზე ზევით ასაკში უფრო მეტად იმყოფებიან ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ;
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ოსტეოპოროზის განვითარების ზემოჩამოთვლილი რომელიმე რისკის ფაქტორი და თან გადააბიჯეთ 50 წელს, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა იმის გასარკვევად, ხომ არ გაქვთ ოსტეოპოროზი.
 
 - როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა?
 
- ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება დენსიტომეტრია (DEXA -  ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია), რაც მიჩნეულია ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევის უტყუარ საშუალებად - „ოქროს სტანდარტად“. ამ კვლევით ფასდება, თუ რამდენად ნორმალურია ძვლოვანი მასა, ხომ არ არის  დაქვეითებული და/ან  რამდენადაა  შემცირებული, შესაბამისად, დგინდება ოსტეოპენიის (ძვლოვანი მასის შემცირების საწყისი ეტაპი) ან ოსტეოპოროზის (ძვლოვანი მასის გამოხატული შემცირება) დიაგნოზები და ფასდება მომავალში მოტეხილობის განვითარების რისკი.  
 
 
- რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ოსტეოპენიის/ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა? 
 
- როგორც აღვნიშნეთ, ოსტეოპოროზი დაავადებაა, როდესაც ძვლის სიმტკიცისა და ძვლის მასის შემცირება მნიშვნელოვნად ზრდის მოტეხილობის რისკს. დღევანდელი მედიცინა ფლობს ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტებს, მათი გამოყენებით შესაძლებელია ძვლის მასის კარგვის შემცირება და მოტეხილობის განვითარების თავიდან აცილება. რაც უფრო ადრე მოხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა, მით უფრო ეფექტიანია მკურნალობა. ოსტეოპენიის ეტაპზე დაავადების აღმოჩენა წარმატებული მკურნალობის გარანტიაა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვფლობდეთ ინფორმაციას იმ დაავადებებისა თუ მდგომარეობების, ანუ რისკის ჯგუფების შესახებ, რომელთა არსებობის დროსაც იზრდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების რისკი, რათა დროულად მოვახდინოთ ძვლოვანი მასის შეფასება (სკრინინგი) და თავიდან ავიცილოთ ოსტეოპოროზი და ოსტეოპოროზული მოტეხილობა.
 
- ვინ  უნდა ჩაიტაროს ოსტეოპოროზის სკრინინგი ანუ დენსიტომეტრიული კვლევა?
 
- დენსიტომეტრიული კვლევა უნდა ჩაიტარონ იმ პირებმა, რომელთაც აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორები (იხ. ზემოთ);
ასევე, თუკი გაქვთ ზურგის არეში ტკივილი და დისკომფორტი ჯდომის დროს, ან ამჩნევთ, რომ დადაბლდით და სიმაღლის შემცირება 4 სმ-ია ან წელიწადში 1.25 სმ, ან ხეხემლის რენტგენოგრაფიის დროს ვლინდება მოტეხილობა და გაფაშრებული ძვალი, აუცილებლად ჩაიტარეთ დენსიტომეტრია, ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ოსტეოპოროზთან ასოცირებულია სხეულის მასა - როგორც წონის დეფიციტი, ასევე ჭარბი წონა/სიმსუქნე.
 
- რას გვეტყვით ოსტეოპოროზის მკურნალობის შესახებ?
 
- დღეისათვის არსებობს ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტები, რასაც ინდივიდუალურად შეარჩევს სპეციალისტი (ენდოკრინოლოგი ან რევმატოლოგი);
  • უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი - კალციუმით მდიდარი დიეტა, ვიტ დ3-ის ნორმალიზაცია და ადეკვატურად შერჩეული ფიზიკური აქტივობა როგორც პრევენციის, ასევე მკურნალობის მიზნით;
  • სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშები და ცურვა ხერხემლის დამჭერი კუნთების განვითარების მიზნით; ასევე ხერხემლის სპეციალური დამჭერების გამოყენება;
  • პრიორიტეტულია პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების განათლება-ინფორმირება როგორც ზოგადად ოსტეოპოროზის, ასევე ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის ფაქტორების შესახებ, ეს უკანასკნელი -  დაცემის და საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკის შემცირების მიზნით. 
  

 
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.