ოსტეოპოროზი მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ის ისეთივე აქტუალურია, როგორც ონკოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებები.
ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძვლის სიმკვრივისა და სტრუქტურის ცვლილებასთან, რაც შემდგომში იწვევს მოტეხილობის რისკის გაზრდას. ოსტეოპოროზული მოტეხილობა აღენიშნება 50 წელზე უფროსი ასაკის ყოველ მესამე ქალსა და მე-5 მამაკაცს.
ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ძალიან ხშირად მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ ვლინდება.
ძვლის მასის შემცირებას ადრეულ ეტაპზე სიმპტომები არ ახასიათებს. თუმცა, ოსტეოპოროზის განვითარების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი კლინიკური ნიშნები: ხერხემლის ტკივილი, სიმაღლის შემცირება, ტანადობის შეცვლა, დაბალტრავმული მოტეხილობა. მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს დავარდნის, დაცემინების, მცირე ბიძგის ან თუნდაც ფეხსაცმლის თასმის შესაკრავად დახრის შედეგად.
ოსტეოპოროზის გამო შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ძვლის მოტეხილობა, მაგრამ ყველაზე სერიოზული და გავრცელებულია ბარძაყის ძვლისა და ხერხემლის მალების მოტეხილობები.
მოტეხილობა იწვევს იმობილიზაციას, ხანგრძლივ ინვალიდობას და ძლიერ ტკივილს. შედეგად ცხოვრების ხარისხი უარესდება და ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება უნარშეზღუდულობა, იკარგება დამოუკიდებლობა.
ოსტეოპოროზის პრევენცია შესაძლებელია, ხოლო უკვე არსებული დაავადების დროს, სათანადო და დროული ჩარევით შესაძლებელია მოტეხილობის თავიდან აცილება.
ოსტეოპოროზის პრევენციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორების ცოდნა.
ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორებად მიჩნეულია ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, ხანგრძლივი დროის მანძილზე საკვებში კალციუმის, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი წესი- ჰიპოდინამია, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ასევე მთელი რიგი დაავადებებისა (ენდოკრინული, რევმატიული, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სხვ.) და ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება.
თუ თქვენს მშობლებს ჰქონდათ ოსტეოპოროზი ან ოსტეოპოროზული მოტეხილობა თქვენთვის ამ დაავადების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
თუ თქვენ გავთ რისკ-ფაქტორებიაუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს გამოკვლევები. დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ოსტეოპოროზი და ოსტეოპოროზული მოტეხილობა.
ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და სათანადო არამედიკამენტური და მედიკამენტური მკურნალობის დროული დაწყება.
დღეს ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DXA).
DXA ზუსტი დენსიტომეტრიული მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს ძვალში ფართობის ერთეულზე მინერალის შემცველობას. ის მაქსიმალური სიზუსტით აფასებს ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, კერძოდ განსაზღვრავს მინერალიზაციის ხარისხს ხერხემალის მალებში, ბარძაყის ყელსა და წინამხარში, რაც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე, ოსტეოპოროზის კლინიკურ გამოვლინებამდე გამოვავლინოთ ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (მაშინაც კი, როდესაც ძვლოვანი ქსოვილის კარგვა 2%-მდეა) და თავიდან ავიცილოთ მოტეხილობა.
ვის უნდა ჩაუტარდეს დენსიტომეტრიული კვლევა?
DXA უნდა ჩაუტარდეს 65 წლის და მეტი ასაკის ქალებს და 70 წლის და მეტი ასაკის მამაკაცებს მიუხედავად რისკ-ფაქტორების არსებობისა. ასევე 50 წელზე უფროსი ასაკის ყველა ქალსა და მამაკაცს, თუ მათ აქვთ ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები.
უნდა გვახსოვდეს, რომ ოსტეოპოროზი არ არის მხოლოდ ქალების დაავადება!გავრცელებული მცდარი შეხედულების თანახმად, ოსტეოპოროზი ემართებათ მხოლოდ ქალებს. მიუხედავად იმისა, რომ ხუთიდან ერთ კაცს აღენიშნება ოსტეოპოროზული მოტეხილობა, მამაკაცთა მხოლოდ მცირე ნაწილი ეკიდება ყურადღებით ამ პრობლემას.
ძალიან მნიშვნელოვანია DXA ჩაუტარდეს იმ პირებს, რომლებსაც 50 წელზე უფროს ასაკში ჰქონდათ მოტეხილობა.
დადგენილია, რომ აშშ-ში ოსტეოპოროზის შედეგად წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი მოტეხილობა ვითარდება. მიუხედავად ამისა, მოტეხილობის მქონე უფროსი ასაკის მოსახლეობის 80%-ს არ უტარდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მოტეხილობის შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს რენტგენული დენსიტომეტრია (DXA), განისაზღვროს კალციუმი და D ვიტამინი და თითქმის ყველა შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა შემდგომი მოტეხილობის თავიდან ასაცილებლად.
დროული დიაგნოსტიკით და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ განმეორებითი მოტეხილობების 50%.
საქართველოში დღეს ხელმისაწვდომია ოსტეოპოროზის სამკურნალო მაღალხარისხიანი პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა კვლევებით არის დადგენილი. ეს პრეპარატები იწვევენ არა მხოლოდ პროცესის სტაბილიზაციას, არამედ ზრდიან ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და იწვევენ 30-80%-ით მოტეხილობის რისკის შემცირებას.
ამ პრეპარატების მოქმედების მექანიზმი და მკურნალობის რეჟიმი განსხვავებულია: არის როგორც კვირაში ერთხელ, ასევე თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ მისაღები ფორმები.
მკურნალობის შემდეგ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, მცირდება ტკივილის სინდრომი, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. DXA-ით განმეორებითი გამოკვლევა უმეტეს შემთხვევებში გვიჩვენებს, რომ კლინიკურ გაუმჯობესებას ობიექტური საფუძველი აქვს - აღინიშნება ძვლის სიმკვრივის მატება და რაც მთავარია, მცირდება მოტეხილობის რისკი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ოსტეოპოროზის მკურნალობა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, თუ პრეპარატი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე კვალიფიციურად არის შერჩეული.
რადგან მკურნალობის ეფექტი ყოველთვის არ არის აშკარა, პაციენტები ხშირად წყვეტენ მკურნალობას. არ დაუშვათ, რომ თქვენც იგივე დაგემართოთ! მკურნალობის რეჟიმის დაცვით თქვენ თავიდან აიცილებთ სერიოზულ, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშ მოტეხილობებს.მედ. დოქტორი - მარინა ცაგარელი ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ძვლის მეტაბოლურ დარღვევათა ჯგუფის ხელმძღვანელი