"ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის. პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად. დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე. პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში. საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს"-აცხადებენ ორგანიზაციაში.ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა