„პროექტი პაციენტის უსაფრთხოების დაცვას და საავადმყოფოების მიმართ ნდობის ამაღლებას ისახავს მიზნად. სერტიფიცირება სავალდებულო არ არის, თუმცა ჩვენი სერტიფიკატი პაციენტებს მისცემს იმის გარანტიას, რომ აღნიშნული დაწესებულება სანდოა და გერმანული სტანდარტების შესაბამისადაა შემოწმებული. იმ შემთხვევაში თუ კლინიკებს სერტიფიკატის აღება სურთ იმ მოთხოვნებს უნდა პასუხობდნენ, რაც ჩვენს კომპანიას გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთოს სერტიფიცირების პროგრამაში და მოახერხოს ამ პროცედურის გავლა“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.პირველ ეტაპზე საქართველოსთვის შეფასების კრიტერიუმების ადაპტაცია მოხდება. პროცესი ეტაპობრივი იქნება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ 2-3 წელიწადში პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი იქნება ჩართული. სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც დაესწრნენ. თამარ გაბუნიას თქმით, ხარისხის სტანდარტების დანერგვა სამედიცინო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას იწყებს.
„ჩამოვაყალიბებთ მექანიზმებს რომელიც მოგვცემს საშუალებას უმოკლეს დროში დაიწყოს ამ სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში. თანამშრომლობა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აქტიური ჩართულობით შედგება. სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცერების პროცესში ჩართვა მათივე სურვილის გათვალისწინებით მოხდება. ეს პროექტი თითოეულ კლინიკას მისცემს საშუალებას, უკეთ გააცნობიეროს რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის. გააუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებას და მოგვცემს გარანტიას კარგი კლინიკური გამოსავლების მიღებისთვის“ - გააცხადა თამარ გაბუნიამ.