ათეროსკლეროზი და მისი პრევენცია

ათეროსკლეროზი და მისი პრევენცია

200 ნახვა

რა არის ათეროსკლეროზი?

 

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ლიპიდების ცვლის დარღვევით და თან ახლავს ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების შიდა კედელში.  

ათეროსკლეროზის დროს არტერიის კედლებზე წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროებს და ახშობს არტერიების სანათურს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, აფერხებს სისხლმომარაგებასა და ჟანგბადის მიწოდებას სხვა შინაგანი ორგანოებისთვის, ეს კი აზიანებს ამ ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ათეროსკლეროზი, შესაძლებელია, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მრავალი წელი ისე ცხოვრობდეთ ამ დაავადებასთან ერთად, არც კი იცოდეთ მისი არსებობის შესახებ, თუმცა დაავადების  პროგრესირებამ, შესაძლოა, მოულოდნელად გამოიწვიოს გულის შეტევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ათეროსკლეროზს?

 

ათეროსკლეროზის სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ სისხლძარღვში ფოლაქების ლოკაციაზე:

  • ყურების შუილი;
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
  • ტკივილი გულის არეში;
  • კოორდინაციისა და მოტორიკის დარღვევა;
  • მომატებული მგრძნობელობა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • სიარულის  დროს კიდურების ტკივილი; ხანგამოშვებითი კოჭლობა.

 

ათეროსკლეროზი სისხლძარღვების (არტერიების) დაავადებას მიეკუთვნება და მისი განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ნაკლებად ჯანსაღი და არააქტიური ცხოვრება;
  • დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღება;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • ჭარბი წონა;
  • გაცხიმოვნება;
  • ქოლესტერინის მომატებული დონე სისხლში (დისლიპიდემია);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა. 

 

ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

 

ათეროსკლეროზის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ანამნეზის შეკრება, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება. ათეროსკლეროზის მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტური საშუალებებით, ასევე შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა -  ღია ან დახურული წესით. ღია წესის დროს ათეროსკლეროზის ფოლაქებით დაზიანებულ სისხლძარღვს ჭრიან და ასუფთავებენ (რასაც ენდარტერექტომია ეწოდება), ხოლო დახურული წესის დროს დახშულ სისხლძარღვს აფართოებენ სტენტირებით.

 

რჩევები ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად:

  • უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე;
  • ივარჯიშეთ, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • აკონტროლეთ თქვენი სხეულის ინდექსი და წონა;
  • იკვებეთ ჯანსაღად და დაბალკალორიული,  ბალანსირებული საკვებით, ბოსტნეულით, ხილით, ვიტამინების შემცველი საკვებით;
  • პერიოდულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები (განსაკუთრებული ყურადღება  მიაქციეთ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს);
  • იმკურნალეთ თანმხლებ დაავადებებზე.
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.