ამბროლაურში რეანიმობილი განთავსდა

ამბროლაურში რეანიმობილი განთავსდა

2370 ნახვა
ჯანდაცვის სამინისტრომ ამბროლაურში, სასწრაფო რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს. 

სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რეანიმობილის დაგვიანებისა და შემდეგ, პაციენტის გადაყვანისას სამედიცინო აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის გამო, 16 წლის ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მოზარდი ახლაც კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

სამინისტროს ცნობით, მომავალში ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება.

ამასთან, სამინისტროს განმარტებით, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმა შემუშავდება.

„სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება. ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო.

ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს.

მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით.

სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის.

ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება“ –  ჯანდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 16 წლის მოზარდი მიიყვანა. საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში, ბავშვი ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის რეანიმობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს ექიმის თქმით, რეანიმობილის მისვლამდე, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს.

"რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან ორი საათის შემდეგ ჩავიდა. ამდენივე დრო დასჭირდა ბიჭის რეანიმობილში გადაყვანას და კლინიკის შეთანხმებას, სადაც მას მიიღებდნენ. ბავშვის გადაყვანისას, ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, რეანიმობილში სამედიცინო აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა."

გარდა ამისა, 29 ივლისს ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. ხელმომწერები ითხოვდნენ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებისთვის რეანიმობილის გამოყოფას, რომელმაც დროული და ეფექტური მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ამ დროისათვის პეტიციას 2300-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე :  5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.