რა არის ჩიყვი?

რა არის ჩიყვი?

72561 ნახვა
ჩვენ ირგვლივ სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ისეთი ქრონიკული დაავადების მატარებელი, როგორიცაა - ჩიყვიროდესაც ძილი გვერევა, ან მოთენთილობასა და დაღლილობას ვგრძნობთ და ამ ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

ფარისებრი ჯირკვლის 2 სახის ცვლილებები არსებობს:

  1. ფუნქციონალური (ანუ ჰორმონალური) ცვლილება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე იცვლება,
  2. სტრუქტურული ცვლილება, როდესაც ფარისებრი ჯირკვლი ზომაში დიდდება ან მასში კვანძოვანი წარმონაქმი ჩნდება.
ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ აღნიშნავს. ესაა ფარისებრი ჯირკვლის - კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს - გადიდება.

აღსანიშნავია, რომ ჩიყვი ყველაზე ხშირად ქალებსა და ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. ძირითადად დისკომფორტს არ იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არაა, რომ გაძნელდეს ყლაპვა ან სუნთქვა.

გამომწვევ მიზეზები:
არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - იოდის ნაკლებობაა. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის, რაც თირეოტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციისა და, შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზად იქცევა.

როგორ ვლინდება ჩიყვი?
ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას აღინიშნება:

  • გამობერილობა კისრის არეში
  • ყელში ზეწოლის შეგრძნება
  • ხველა
  • ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის გაძნელება 
ჩიყვის სახეები
არსებობს 2 სახის ჩიყვი:

  1. დიფუზიური ჩიყვი - როდესაც გადიდებული ჯირკვალი ერთგვაროვანია
  2. კვანძოვანი ჩიყვი - როდესაც ფარისებრი ჯირკვალი კვანძების არსებობის გამოა გადიდებული
როდის მივმართო ექიმს?
თუ შეამჩნიე, რომ ფარისებრი ხრტილის საპროექციო არეში კისრის კონფიგურაცია შეიცვალა, აუცილებლად მიმართე ექიმს, რადგან სავარაუდოდ, მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ექიმი შეაფასებს ჯირკვლის გადიდების ხარისხს, კვანძის არსებობა-არარსებობასა და დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელ გამოკვლევებს შეარჩევს.

კვლევა
არსებობს რამდენიმე სახის კვლევა:
ჰორმონული კვლევა - როდესაც სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონების - თიროქსინის და ტრიიოდთირონინის, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობას იკვლევენ.

ანტისხეულების განსაზღვრა - ზოგ შემთხვევაში ჩიყვი ანომალიური ანტისხეულების არსებობითაა გამოწვეული, სისხლში მათი აღმოჩენა კი გვეხმარება ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზების დაზუსტებაში.

ექოსკოპიური კვლევა - მისი მეშვეობით შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ ჯირკვლის ზომები და მასში კვანძის არსებობა-არარსებობა.

ფარისებრი ჯირკვლის სკანირება - ამ დროს სისხლში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სპეციალური ხელსაწყო კი დაგროვილი პრეპარატის რადიაქტივობის აღრიცხვის მეშვეობით ფარისებრი ჯირკვლის გამოსახულებას გვაძლევს.

მკურნალობა
ჩიყვის დროს მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჯირკვლის ზომა, ჩივილები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამომწვევი დაავადება. აღნიშნულთა გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება გირჩიოს:

  • დაკვირვება – როცა ჩიყვი დიდი ზომის არ არის, არც დისკომფორტს იწვევს და ჯირკვლიც ნორმალურად ფუნქციონირებს, ექიმმა შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდისა და დაკვირვების ტაქტიკა არჩიოს.
  • მედიკამენტური მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის (ჰოპოთირეოზი) დაქვეითების შემთხვევაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ამცირებს დაავადების სიმპტომებს და აქვეითებს თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფას, რის შედეგადაც ხშირად ჩიყვის ზომები მცირდება.
  • ოპერაციული მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის მოკვეთა – ტოტალური ან პარციალური თირეოიდექტომია ნაჩვენებია დიდი ზომის ჩიყვისას, რომელიც საგრძნობ დისკომფორტს, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას იწვევს.
  • რადიაქტიური იოდი – ის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დესტრუქციას (დაშლას) იწვევს. საბოლოოდ ჯირკვლის ზომა და ჰორმონული აქტივობა მცირდება, თუმცა არსებობს შანსი იმისა, რომ პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე ჩანაცვლებითი თერაპია დასჭირდეს.

ასე რომ, თუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შეამჩნიე, ან ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დროულად მიმართე სპეციალისტს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ზუსტი მიზეზის დადგენა და შემდგომ მკურნალობის დაგეგმვა!

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.