შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ყველას უნდა, რომ ლამაზი რუჯი ჰქონდეს.
გაინტერესებთ როგორ უნდა მიიღოთ რუჯი ისე, რომ კანი არ აგიჭრელდეთ,
მომხიბვლელად გლუვი და ბრინჯაოსფერი კანი გქონდეთ?
ზღვაზე 7-10 დღის გატარებაც კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ლამაზი
რუჯი მიიღოთ. მთავარია — გარკვეული წესები დაიწცვათ და ზოგიერთი ნიუანსი
გაითვალისწინოთ.
ჩვენს სტატიაში ჩამოთვლილია თუ რა უნდა გააკეთოთ ლამაზი რუჯის
მისაღებად:
1. სანაპიროზე გასასვლელად წინასწარ მოემზადეთ
ზღვაზე გამგზავრებამდე გაიკეთეთ პილინგი, რომელიც გარქოვანებული
უჯრედებისგან გაათავისუფლებს კანს. პილინგის გაკეთება შეგიძლიათ როგორც
სალონში, ისე სახლში - სკრაბისა და უხეში ღრუბელის დახმარებით. სკრაბი
შეგიძლიათ მზა იყიდოთ, ან თავად მოამზადოთ. ამისათვის დაგჭირდებათ ყავის
ნალექი ან წვრილი მარილი და არაჟანი. პროპორცით 1-2-ზე ს.კ. ერთმანეთში
კარგად აურიეთ და მიღებული მასა მასაჟის ტიპის წრიული მოძრაობით წაისვით
კანზე. გაიჩერეთ 3-5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაითვალისწინეთ, რომ განახლებულ კანს მზე სწრაფად ეკიდება და შესაძლოა
დამწვრობის საფრთხე დადგეს, ამიტომ, სახლის პირობებშიც კი, პილინგი
ზღვაზე გამგზავრებამდე 2-3 დღით ადრე გაიკეთეთ, რათა კანმა აღდგენა
მოასწროს.
2. პირველ დღეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე
არავითარ შემთხვევაში არ მოინდომოთ სწრაფად გარუჯვა. ეს ეტაპობრივად
უნდა მოხდეს. ჩასვლისთანავე ძლიერი რუჯის მიღება კანისთვის ყველაზე დიდი
სტრესია, რადგან იწვევს დამწვრობას, რომელმაც შესაძლოა მთელი შვებულების
მანძილზე არ გაგიაროთ. პირველ დღეებში რუჯი უნდა მიიღოთ ქოლგის ქვეშ,
ხოლო მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნის დრო ნელ-ნელა გაახანგრძლივოთ.
3. ზღვაზე გამგზავრებამდე აუცილებლად წადით აუზზე
აუზზე რუჯის მიღება მოამზადებს თქვენს კანს მზის აგრესიული სხივებისა და
ზღვის მძიმე წყლისთვის, თან რუჯიც თანაბრად მოგეკიდებათ.
4. იკვებეთ სწორად
პროდუქტები, რომლებიც კაროტინს შეიცავენ, ხელს უწყობენ გარუჯვას,
ასეთებია მაგალითად სტაფილო, ატამი, გარგარი, ტკბილი წიწაკა. შვებულებაში
გამგზავრებამდე მათი რაციონში ჩართვა დაგეხმარებათ ლამაზი რუჯის მიღებაში.
დასვენების პირველ დღეებში მიირთვით თევზეული, ზღვის პროდუქტები,
კვერცხი, რადგან ეს საკვები პროდუქტები შეიცავენ ცხიმოვან მჟავებს. ასევე
სასარგებლოა Е ვიტამინის შემცველი პროდქტის მიღება, როგორიცაა მცენარეული
ზეთი და თხილი - ისინი კანს მზის დამწვრობისგან იცავენ.
5. გამოიყენეთ კანის დამცავი საშუალებები
კანის დამცავი საშუალებები ხელს უშლიან საშიში სპექტრის მზის სხივების კანში
შეღწევას და იცავენ მას გამოშრობისგან. რაც უფრო ღია ფერის არის კანი, მით
უფრო ძლიერი დაცვა სჭირდება მას. ასეთ კანს სჭირდება SPF 30 დაცვის დონის
მქონე საშუალება, მუქი ფერის კანისთვის საკმარისია — SPF 10-15.
ასევე გახსოვდეთ, რომ მზისგან დამცავ საშუალებებს ვარგისიანობის ძალიან
ხანმოკლე პერიოდი აქვთ — გახსნის შემდეგ მათი შენახვის მაქსიმალური ვადა
არის 6 თვე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ გასულ წელს ნაყიდი დამცავი
საშუალება — ჟანგბადთან ურთიერთქმედების შემდეგ საცხის ბევრი
კომპონენტი იშლება და ის უვარგისი ხდება.
საცხი უნდა წაისვათ სქელ ფენად კანის ღია ნაწილებზე, ტუჩების და ყურის
ნიჟარების ჩათვლით: სხეულის ამ ნაწილების კანი ძალიან სწრაფად იწვება...
საცხი არ წაისვათ სანაპიროზე! მისი კანზე დატანა უნდა მოხდეს ზღვაზე
გასვლამდე 15-20 წუთთ ადრე.
6.გაირუჯეთ სწორ დროს
მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნა კანის დამწვრობის მიღების უმოკლესი გზაა.
ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო მზე არის დილის 8:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე
და სადილის შემდეგ — 16:00სთ-დან.
7. სანაპიროზე ყოფნისას მიიღეთ ბევრი სითხე და შემდეგ წაისვით საცხი
მზე კანს ძალიან აშრობს. მისი დატენიანება შესაძლებელია როგორც გარედან, ისე
შიგნიდან. ამიტომ, რუჯის მიღებისას ყოველთვის თან იქონიეთ სასმელი წყალი
და ძლიერი დამატენიანებელი საცხი, რომელიც დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა
წაისვათ — დილით და საღამოს, ხოლო ხელებზე მინიმუმ 4-5-ჯერ.
8. სიფრთხილე გამოიჩინეთ წამლების მიღებისას
ზოგიერთი პრეპარატი მზის სხივებზე აქტიურდება, რაც შეიძლება
ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. ასეთებია მაგალითად ანტიბიოტიკები და
ორალური კონტრაცეპტივები.
9. სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ ნუ იჩქარებთ აბაზანაში შესვლას
სანაპრიოს დატოვების შემდეგ, მზის სხივები თქვენს კანზე მუშაობას კიდევ
მინიმუმ ორი საათის განმავლობაში აგრძელებენ.
10. გაუფრთხილდით რუჯს
კურორტიდან დაბრუნების შემდეგ ნუ იჩქარებთ მათეთრებელი საშუალებების,
სკრაბების და უხეში ღრუბელის გამოყენებას. ყურადღებით წაიკითხეთ
ეტიკეტები — მათეთრებელი ეფექტი ბევრ საცხს და ნიღაბს აქვს. ასევე
გაითვალისწინეთ, რომ რუჯის მტერი არამარტო კოსმეტიკა, არამედ ახლის
პირობებში გაკეთებული ნიღბებიც არის, რომლებსაც ჩვეულებრივ შვრიის
ფანტელით, კენკრითა და კიტრით ამზადებენ - ყველა ეს პროდუქტი კანიდან
რუჯს აცილებს.
ამბობენ, „წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო“-ო, თუ ლამაზი რუჯის
მიღება და მისი დიდი ხნით შენარჩუნება გსურთ, მაშინ ნუ მოუსმენთ რას
ამბობენ, უბრალოდ დაიცავით წესები, ისიამოვნეთ შვებულებით და მოიწონეთ
თავი თანაბრად შეფერილი და გლუვი კანით.
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას და უსაფრთხო გარუჯვას!
ავერსის კლინიკა