ჯანდაცვის სამინისტროს ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს

3277 ნახვა
ჯანდაცვის სამინისტროს ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს, დავით სერგეენკო კი პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს, - აღნიშნული ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და პირადად დავით სერგეენკოს დამსახურებაა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მას ჯანდაცვის სფეროში კარგი გამოცდილება და მენეჯერული თვისებები აქვს და პოლიტიკური გუნდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. 

ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წარუდგინა.

„დღეიდან სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. გვქონდა ბევრი გამოწვევა, ბევრი წარმატება, რაშიც თქვენი დიდი ღვაწლია. ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს ქვეშ არის, განუწყვეტლივ საჭიროებს რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვას და ახალ ენერგიას. სწორედ ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიღებული იქნა, მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანისა და მოქალაქისთვის უკეთესობის მომტანი იქნება.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა. 

 „მინდა აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხიმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა, დარწუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა. 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.