newhospitals

ლომპასარი

ლომპასარი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3937ნახვა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): folic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები→ წყალში ხსნადი ვიტამინების კომპლექსები
მწარმოებელი კომპანია: ავერსი რაციონალი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების ფორმა: 5 მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ფოლის მჟავას _ 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოლის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფოლის მჟავა მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად (ეგზოგენური ფოლის მჟავა) და სინთეზირდება ნაწლავური მიკროფლორის მიერ (ენდოგენური ფოლის მჟავა). ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად, კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას. პრეპარატი ვიტამინ B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

ფარმაკოკინეტიკა
ლომპასარი კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და კარგად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ. თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით როგორც უცვლელად, ასევე მეტაბოლიტების სახით.

 

ჩვენებები:
• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);
• არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
• ორსულობისას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
• ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

 

მიღების წესები და დოზები:
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში 4 თვის განმავლობაში, პროფილაქტიკისათვის - 2.5 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. ერთი თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის გამეორება.
ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკის ჯგუფის ქალებში ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში მოსალოდნელ ორსულობამდე 4 კვირის განმავლობაში. მიღებას განაგრძობენ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში.
მალაბსორბციით, ნაწლავების ანთებითი დაავადებებით, არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული მაკროციტული ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 15 მგ/დღეში, სპრუს დააავადების მქონე პაციენტებში - 5-15 მგ/დღეში.
ბავშვებში ლომპასარი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.
უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა შესაძლოა დაენიშნოს ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ქრონიკული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

 

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

უკუჩვენება:
• პერნიციოზული ანემია;
• ავთვისებიანი წარმონაქმნები;
• ციანოკობალამინის დეფიციტი;
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ლომპასარი არ გამოიყენება B12 - დეფიციტური (პერნიციოზული), ნორმოციტული და აპლასტიური ანემიის დროს. პერნიციოზული ანემიის დროს ლომპასარი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად ნიღბავს ნევროლოგიურ გართულებებს.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ ლომპასარის მაღალი დოზები.
ანტაციდების მიღება შესაძლებელია ლომპასარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ქოლესტირამინის - ლომპასარის მიღებამდე 4-6 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
ლომპასარის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება უნდა მოხდეს ციანოკობალამინთან (B12) კომბინაციაში. პრეპარატი არ ახდენს ეფექტურ მოქმედებას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით თუ მისი მიღება დაწყებულია ორსულობის მეოთხე კვირაზე გვიან.
12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

 

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლომპასარი ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ანტაციდები (მათ შორის Ca2+, Al3+, Mg2+), ქოლესტირამინი, სულფონამინები აქვეითებენ ფოლის მჟავას აბსორბციას. მეტოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ახდენენ დიჰიდროფოლატრედუქტაზას ინჰიბირებას და აქვეითებენ ფოლის მჟავას ეფექტს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს, ლომპასარის მაგივრად უნდა დაენიშნოს კალციუმის ფოლინატი.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა : 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.