newhospitals

იმპლიკორი 50 მგ / 5 მგ

იმპლიკორი 50 მგ / 5 მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4735ნახვა
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
•    შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელალა წაკითხვა. 
•    თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
•    ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ უნდა გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის მავნე იყოს იმ შემთხვეცაშიც თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია. 
•    თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში იხ. განყოფილება 4.

 

 

მოცემული ჩანართის შინაარსი

1. პრეპარატი იმპლიკორი და მისი დანიშნულება
2. რა უნდა იცოდეთ იმპლიკორის მიღების დაწყებამდე
3. როგორ მივიღოთ იმპლიკორი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. იმპლიკორის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

 

 


1. პრეპარატი იმპლიკორი და მისი დანიშნულება
იმპლიკორი გამოიყენება მოზრდილებში სტაბილური სიმპტომური სტენოკარდიის (გულმკერდში ტკივილის გამომწვევი) სამკურნალოდ. ცალკე ტაბლეტების სახით ივაბრადინის და მეტოპროლოლის მიღების ნაცვლად თქვენ მიიღებთ იმპლიკორის ერთ ტაბლეტს, რომელიც შეიცავს ორივე ინგრედიენტს ისეთივე კონცენტრაციით. 

იმპლიკორი შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს - მეტოპროლოლის ტარტრატს და ივაბრადინს. მეტოპროლოლი წარმოადგენს ბეტა ბლოკერს. ბეტა ბლოკერები ანელებენს გულისცემას, ამცირებს გულის კუნთის შეკუმშვის ძალას და ამცირებს სისხლძარღვების შეკუმშვას გულში, თავის ტვინში და მთელ ორგანიზმში. ივაბრდინის მოქმედება ძირითადად გამოიხატება გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით, წუთში რამდენიმე დარტყმით. ეს აქვეითებს გულის ჟანგბადზე მოთხოვნილებას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სტენოკარდიის შეტევის ალბათობა უფრო მაღალია. ამგვარად, მეტოპროლილი და ივაბრადინი სასარგებლოა სტენოკარდიის შეტევების კონტროლის და სიხშირის შემცირებისთვის. 

 

 

 2. რა უნდა იცოდეთ იმპლიკორის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ იმპლიკორი შემდეგ შემთხვევებში: 
•    თუ გაქვთ ალერგია ივაბრადინზე, მეტოპროლოლზე ან ამ სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერ ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 განყოფილებაში) ან სხვა ბეტა ბლოკერებზე;  
•    თუ მკურნალობის დაწყებამდე, მოსვენებულ მდგომარეობაში გაქვთ გულის შეკუმშვათა ძალიან დაბალი სიხშირე, დაქვეითებული გაქვთ ცნობიერების დონე, აღგენიშნებათ ქოშინი, ჰიპოტენზია, თუ გრძნობთ სისუსტეს ან ტკივილს გულმკერდში (სიმპტომური ბრადიკარდიის გამო);
•    თუ აღგენიშნებათ კარდიოგენური შოკი (გულის სერიოზული დაავადება, გამოწვეული ძალიან დაბალი არტერიული წნევით, რომლის მკურნალობაც ხდება სტაციონარში);
•    თუ აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევა (გაქვთ არარეგულარული პულსი);
•    თუ გაქვთ გულის შეტევა ან არსებობს მასზე ეჭვი, გართულებული შემდეგი მდგომარეობით: გულის შეკუმშვათა ძალიან დაბალი სიხშირე, შენელებული ან არარეგულარული პულსი, არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი 100მმ ვწყ. სვ. ნაკლები ან/და გულის მძიმე უკმარისობა;
•    თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
•    თუ აღგენიშნებათ გულის უკმარისობა და ცოტა ხნის წინ აღინიშნა გაუარესება;
•    თუ გულის უკმარისობის გამო მკურნალობთ ბეტა რეცეპტორების აგონისტებით, როგორიც არის დობუტამინი; 
•    თუ თქვენი პულსი რეგულირდება მხოლოდ კარდიოსტიმულატორით;
•    თუ აღგენიშნებათ არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდიის მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ძალიან ხშირად ვითარდება გულმკერდში ტკივილი ფიზიკური დატვირთვისას ან მის გარეშე);
•    თუ აღგენიშნებათ სისხლძარღვთა მძიმე დაავადება; 
•    თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც გამოწვეულია თირკმლის მიდამოს სიმსივნით (არანამკურნალები ფეოქრომოციტომა);
•    თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მძიმე დაავადებები; 
•    თუ გაქვთ სისხლის ძალიან მაღალი მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი);
•    თუ იღებთ სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატებს (როგორიც არის კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს (როგორიც არის კლარითრომიცინი, პერორალური ერითრომიცინი, ჯოზამიცინი და ტელიტრომიცინი), აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს (როგორიც არის ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონს (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი);
•    თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და არ იყენებთ კონტრაცეპტულ საშუალებებს;
•    თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას; 
•    თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

 

 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
იმპლიკორის მიღებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ექიმს უნდა აცნობოთ თუ აღგენიშნებათ ან წარსულში აღგენიშნებოდათ შემდეგი მდგომარეობები: 

•    თუ აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები (როგორიც არის არითმია, გულისცემის შეგრძნება, გულმკერდში ტკივილის გაძლიერება), წინაგულების მდგრადი ფიბრილაცია (არითმიის სახეობა) ან ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) მაჩვენებლების გადახრა; რასაც ეწოდება Qთ ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი;
•    თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები როგორიც არის მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ქოშინი (ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ გაქვთ გულის შეკუმშვათა ძალიან დაბალი სიხშირე, მაგ., წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);
•    თუ აღგენიშნებათ წინაგულების ფიბრილაციის სიმპტომები (პულსის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში უჩვეულოდ მაღალია [წუთში 110 დარტყმაზე მეტი] ან არარეგულარული პულსი, რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე და მისი გაზომვა ძნელია).
•    თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა);
•    თუ აღგენიშნებათ თვალის ბადურას ქრონიკული დაავადება ან თუ გიუარესდებათ მხედველობა);
•    თუ აღგენიშნებათ დაქვეითებული ან არაკონტროლირებული არტერიული წნევა განსაკუთრებით ჰიპერტენზიის მკურნალობის ცვლილების შემდეგ;
•    თუ აპირებთ ელექტროიმპულსური თერაპიის გავლას (სამედიცინო პროცედურა, რომელიც გამოიყენება გახშირებული ან არარეგულარული გულისცემის ნორმალიზებისთვის);
•    თუ აღგენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობა ან გულის უკმარისობა ეკგ გადახრების გარეშე, რასაც ეწოდება ჰისის კონის ბლოკადა. 
•    თუ აღგენიშნებათ ასთმა ან სასუნთქი გზების მნიშვნელოვანი შევიწროება-ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
•    თუ აღგენიშნებათ სისხლის მიმოქცევის პრობლემები (მაგალითად, რეინოს დაავადება);
•    თუ აღგენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ან არსებობს მასზე ეჭვი (ფეოქრომოციტომა);
•    თუ გაქვთ დიაბეტი;
•    თუ აღგენიშნებათ პრინცმეტალის სტენოკარდია (გულმკერდში ტკივილი აღგენიშნებათ მოსვენების მდგომარეობაში);
•    თუ აღგენიშნებათ ფსორიაზი (კანის მძიმე გამონაყარი);
•    თუ აღგენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (სიმპტომები მოიცავს ტრემორს, გულისცემის გახშირებას, მომატებულ ოფლიანობას ან სხეულის წონის დაქვეითებას);
•    თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას, რომლის დროსაც საჭიროა ზოგადი გაუტკივარება;
•    თუ ხართ ხანდაზმული ასაკის; 
•    თუ აღგენიშნებათ თირკმლის მძიმე დაავადებები;
•    თუ აღგენიშნებათ ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება;
•    თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან თუ იტარებთ მგრძნობელობის დამაქვეითებელ მკურნალობას. 
        
არ შეიძლება იმპლიკორის მირების უცბად შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის  და გულის შეკუმშვათა სიხშირის მძიმე ცვლილებები და გაზარდოს გულის შეტევის რისკი. 
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოაღწერილი მდგომარეობა, იმპლიკორის მიღებამდე და მიღების პერიოდში გაიარეთ თქვენი ექიმის კონსულტაცია. 

 

 

ბავშვები და მოზარდები
იმპლიკორი განკუთვნილი არ არის ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის. 

 

 

სხვა სამკურნალო პრეპარატები და იმპლიკორი
თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სამკურნალო საშუალებების მიღებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმპლიკორით მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მიღებამ. აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს, რადგან მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:

•    ფლუკონაზოლი და ტერბინაფინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები)
•    რიფამპიცინი (ინფექციის სამკურნალო პრეპარატი)
•    ბარბიტურატები (ეპილეფსიის ან ძილის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები)
•    ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი)
•    კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება)
•    Qთ ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ:

  - ქინიდინი, დიზოპირამიდი, იბუტილიდი, სოტალოლი, ამიოდარონი 
  (გულისცემის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები)
  - ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატი)
  - პიმოზიდი, ზიპრაზიდონი, სერტინდოლი (შფოთვის, შიზოფრენიის ან  
   სხვა ფსიქიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები)
  - მეფლოქინი და ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალო პრეპარატები)
  - ინტრავენური ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
  - პენტამიდინი (პარაზიტული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი)
  - ციზაპრიდი (საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის პრობლემების 
   სამკურნალო პრეპარატი)
•    ფუროსემიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი (დიურეტიკები, რომლებიც გამოიყენება შეშუპების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, და აქვთ  უნარი დააქვეითონ სისხლში კალიუმის დონე)
•    ჰიდრალაზინი, კლონიდინი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები)
•    ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ტოკაინიდი, პროკაინამიდი, აიმალინი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები)
•    ნიტრატები (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატები)
•    დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი)
•    პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიურები (მაგ., ქლორპრომაზინი, ტრიფლუპრომაზინი, ქლორპროტიქსენი) და პენტრობარბიტალი (ფსიქიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები როგორიც არის დეპრესია და შიზოფრენია)
•    ცელეკოქსიბი, ინდომეტაცინი და ფლოქტაფენინი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები [ასაპ], ანთების, ცხელების და ტკივილის შემცირებისთვის)
•    დიფენჰიდრამინი (ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატი)
•    ჰიდროქსიქლოროქინი (ანთების დასაქვეითებლად გამოყენებული პრეპარატი აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებში)
•    სხვა ბეტაბლოკერები (მაგ., თვალის წვეთები)
•    მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) (დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები)
•    ციმეტიდინი (გულძმარვის ან წყლულოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი)
•    ინსულინი და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები
•    ლიდოკაინი (ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება)
•    საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები
•    ადრენალინი (ალერგიული რეაქციის ექსტრემალური სამკურნალო პრეპარატი)
•    პარასიმპათომიმეტიკები, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის ალცჰეიმერის დაავადება და გლაუკომა. 
•    დიპირიდამოლი (გულში სისხლის მიმოქცევის შესწავლისთვის გამოყენებული პრეპარატი)
•    ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტამსულოზინი და ტერაზოზინი (შარდის გამოყოფის შეკავების სამკურნალო პრეპარატები)
•    ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო პრეპარატი)
•    მიორელაქსანტი
•    ანტაციდი (კუჭის მხრივ პრობლემების სამკურნალო პრეპარატი)

 

 

 იმპლიკორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
იმლიკორის მკურნალობისას არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი. ამ პრეპარატის მიღებისას მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ალკოჰოლის მოხმარება, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს მეტოპროლოლის მოქმედება. 
საკვებმა შეიძლება გააძლიეროს მეტოპროლოლის მოქმედება. 

 

 

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ორსულობის დროს ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ორსულობა იგეგმება ან დასტურდება, რეკომენდებულია ალტერნატიულ პრეპარატზე რაც შეიძლება მალე გადასვლა. თუ დაორსულება შესაძლებელია, იმპლიკორი მიიღეთ მხოლოდ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდის გამოყენებისას (იხ. განყოფილება <<არ მიიიღოთ იმპლიკორი შემდეგ შემთხვევებში>>). 
იმპლიკორის მიღება იკრძალება ლაქტაციის პერიოდში. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, რადგან იმპლიკორის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

 

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
იმპლიკორმა შეიძლება გამოიწვიოს სინათლის აღქმის დროებითი დართვევები (მხედველობის ველში სიმკვეთრის დროებითი გაზრდა) (იხ. განყოფილება <<შესაძლო გვერდითი ეფექტები>>). თუ აღგენიშნებათ ამგვარი სიმპტომები სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას, იმ პირობებში, როდესაც მოსალოდნელია განათების ინტენსივობის მოულოდნელი ცვლილება, განსაკუთრებით ღამით ავტომობილის მართვისას. 
აგრეთვე სიფრთხილეა საჭირო იმპლიკორის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ან სხვა პრეპარატზე გადასვლისას, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 
თუ ტაბლეტების მიღების გამო თავბრუ გეხვევათ, განვითარდა დაღლილობა და თავის ტკივილი, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან. 

 

 

3. როგორ მივიღოთ იმპლიკორი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტების მიღება საჭიროა დღეში ორჯერ, ერთი დილით და ერთი საღამოს, ჭამის დროს. 

 

 

თუ იღებთ იმპლიკორის დოზას, რომელიც აჭარბებს დანიშნულს
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უახლოეს ცენტრს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. ყველაზე სავარაუდო ეფექტებია თავბრუსხვევა, პრეშოკური მდგომარეობის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება გულისცემის შენელების გამო. 

 

 

თუ დაგავიწყდათ იმპლიკორის მიღება
თუ დაგავიწყდათ იმპლიკორის დოზის მიღება, შემდგომი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება.

 

 

თუ წყვეტთ იმპლიკორის მიღებას
არ დაუშვათ იმპლიკორის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის და გულის შეკუმშვათა სიხშირის მძიმე ცვლილება და გაზარდოს გულის შეტევის რისკი. დოზის ცვლილება ან მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. თუ მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ გაქვთ დამატებითი კითხვები, გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 

 

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 

 

 

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
•    სინათლის აღქმის დარღვევები (სიმკვეთრის დროებითი მომატება, ყველაზე ხშირად გამოწვეულია განათების ინტენსივობის უეცარი ცვლილებით). მისი აღწერა აგრეთვე შეიძლება როგორც ელვის, ფერადი გაელვების, გამოსახულების გადღაბნილობა ან მრავალჯერადი გამოსახულება. ისინი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს განმეორებით და ქრება მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.

 

 

 გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში):
•    დაღლილობის შეგრძნება. 
•    კოშმარული სიზმრები;
•    თავის ტკივილი; 
•    ძილიანობა; 
•    ძილის პრობლემები; 
•    თავბრუსხვევა; 
•    არამკვეთრი (დაბინდული) მხედველობა; 
•    გულის მუშაობის ცვლილებები (ნელი, არარეგულარული, სწრაფი შეკუმშვები); 
•    გულის დამატებითი შეკუმშვები; 
•    გულისცემის პათოლოგიური აღქმა; 
•    გულისცემის შეგრძნება; 
•    არაკონტროლირებული არტერიული წნევა; 
•    დაქვეითებული არტერიული წნევა, მაგ., ადგომისას; 
•    ტერფების და ხელის მტევნების გაციება; 
•    სიცივის ზემოქმედებით ხელების და ფეხების თითებში ჩხვლეტა და ფერის ცვლილება (გათეთრება, გალურჯება, შემდგომ სიწითლე), (რეინოს სინდრომი);
•    სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას;
•    გულისრევა;
•    ყაბზობა;
•    დიარეა; 
•    ღებინება;
•    მუცლის ტკივილი;
•    სქესობრივი ლტოლვის დარღვევა;

 

 

არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში):
•    ეოზინოფილების მომატებული რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა);
•    ფსორიაზის გამწვავება;
•    სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე;
•    სისხლში შაქრის (გლუკოზა) დაბალი დონე;
•    დეპრესია;
•    ცნობიერების დაბინდვა;
•    ჰალუცინაციები;
•    ყურადღების დაქვეითება;
•    გულის წასვლა;
•    ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელის მტევნებში ან ტერფებში 
•    გარემოზე რეაქციის არ არსებობა (სტუპორი);
•    მხედველობის დარღვევები;
•    თვალის სიმშრალე;
•    თვალების გაღიზიანება;
•    მხედველობის გაორება;
•    თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო);
•    გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება; 
•    გულის სერიოზული დაავადებები გამოწვეული ძალიან დაბალი არტერიული წნევით;
•    მკერდში ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება;
•    არტერიული წნევის დაქვეითება ნელი გულისცემის გამო; 
•    კუნთების ტკივილი ერთ ან ორივე ფეხში, სიარულის დროს;
•    სუნთქვის გაძნელება (დისპნოე);
•    მსტვინავი ხველა ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი);
•    ანგიონევროზული შეშუპება (მაგ., სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება);
•    კანის გამონაყარი; 
•    კანის თეთრი ან ვერცხლისფერი გამონაყარი (ფსორიაზი);
•    ჭინჭრის ციება; 
•    მომატებული ოფლიანობა;
•    კუნთების სპაზმები; 
•    სისუტის შეგრძნება; 
•    შეშუპება;
•    სხეულის მასის მომატება; 
•    სისხლში კრეატინინის დონის მომატება (კუნთებში ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი);
•    გულის მრუდის გადახრა ეკგ-ზე.

 

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში):
•    სისხლდენის ან ჰემატომის განვითარებისადმი ჩვეულებრივზე დიდი მიდრეკილება (თრომბოციტების დაბალი დონე);
•    მომატებული აგზნებადობა; 
•    შფოთვა;
•    თვალების ანთება;
•    ტინიტუსი (ყურებში შუილი, ხმაური, სტვენა ან სხვაგვარი მუდმივი ხმები);
•    სურდო/გაგუდული ცხვირი;
•    პირის სიმშრალე;
•    გემოვნების შეგრძნებების დარღვევა;
•    ღვიძლის ფუნქიციური სინჯების მაჩვენებლების ცვილება; 
•    ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
•    კანის სიწითლე;
•    ქავილი;
•    თმის ცვენა;
•    კუნთების სისუსტე;
•    შეუძლოდ ყოფნა;
•    ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება; 
•    სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია. 

 

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში):
•    სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობა;
•    პიროვნების ცვლილება;
•    მეხსიერების დაკარგვა;
•    სმენის გაუარესება;
•    სიყრუე;
•    არარეგულარული გულისცემა;
•    შეტევების გახშირება სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში;
•    განგნრენა კიდურების უკვე არსებული არასაკმარისი სისხლმომარაგებისას;
•    მუცლის უკანა კედლის ფიბროზი (ზედმეტი ქსოვილის წარმოქმნა გულმკერდის კედლის ქვედა ნაწილში);
•    ჰეპატიტი (ღვიძლის დაავადება);
•    მზისადმი კანის მომატებული მგრძნობელობა;
•    შეშუპებული/მტკივნეული სახსრები (ართრალგია);
•    მტკივნეული ერექცია (პეირონის დაავადება). 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოებაზე ცნობების შეგროვებას. 

 

 

5. იმპლიკორის შენახვის პირობები

ინახება 30°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე. 

მოცემული წამალი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. 
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ვარგისობის ვადა მიუთითებს შესაბამისი თვის ბოლო დღეს. 
არანაირი წამალი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ წამლების უტილიზაცია რომლებიც აღარ გამოიყენება. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 

 

 

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
პრეპარატის იმპლიკორი შემადგენლობა
•    აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენს მეტოპროლოლის ტარტრატი და ივაბრადინი (ჰიდროქლორიდის სახით);

იმპლიკორი 50მგ/5მგ: აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50მგ მეტოპროლოლის ტარტრატს და 5მგ ივაბრადინის შესაბამის 5.390მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდს.  
იმპლიკორი 50მგ/7.5მგ: აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50მგ მეტოპროლოლის ტარტრატს და 7,5მგ ივაბრადინის შესაბამის 8.085მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდს.  
 
•    ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობაში შემავალი სხვა პრეპარატები: პრეჟელატინიზებული სახამებელი (სიმინდის), მიკროკრისტალური ცელულოზა, მალტოდექსტრინი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი (E551) და მაგნიუმის სტეარატი (E470ბ); აპკიანი გარსის შემადგენლობაში: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470ბ), ტიტანის ორჟანგი (E171). 

პრეპარატის იმპლიკორი გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მრგვალი ტაბლეტები (50/5მგ), 8,5მმ დიამეტრით, გრავირებული ციფრით 2 ერთ მხარეს და სიმბოლოთი *      მეორე მხარეს. 

აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მოგრძო ტაბლეტები (50/7.5მგ), სიგრძით 10.8მმ და სიგანით 6.7მმ, გრავირებული ციფრით 4 ერთ მხარეს და სიმბოლოთი *     მეორე მხარეს. 

ტაბლეტები გამოდის კოლოფებში, დაბეჭდილი კალენდრით, აპკიანი გარსით დაფარული 14, 28, 56, 98 ან 112 ტაბლეტი ან კონტეინერში, აპკიანი გარსით დაფარული 100 ტაბლეტი. 

გაყიდვაში შეიძლება არ იყოს ყველა დაფასოება. 

 

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Les Laboratoires Servier (le laboratuar servie)
50 rue de Carnot 
92284 Suresnes, cedex - France (საფრანგეთი)

მწარმოებლები
Les Laboratoires Servier Industrie (le laboratuar servie industri)
905 route de Saran
45520 Gidy - France (საფრანგეთი)

ტექსტის საბოლოო გადახედვის თარიღი:
06.2018
 

             


 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.