ენალაპრილ H-წითელი ა
ენალაპრილ H-წითელი ა (ENALAPRIL, HYDROCHLOROTHIAZIDE) გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა: ენალაპრილ H-წითელი ა-ს ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ენალაპრილის მალეატის 10 მგ-სა და ჰიდროქლოროთიაზიდის 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი: ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. ამის შედეგად, მცირდება ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ფერხდება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა. ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ენალაპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარატის 60%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 3-4 სთ-ში მიიღწევა. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 საათს.
ჩვენება: - ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულური); - გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, ორსულობისა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი, 14 წლამდე ასაკი.
სიფრთხილის ზომები: სიფრთხილე საჭიროა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ენალაპრილმა ალოპურინოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია. პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ელექტროლიტებისა და ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი. პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ: ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, ალკოჰოლი. მის მოქმედებას ამცირებენ: ანალგეზიურები და არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებანი.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი. ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია ჰიდროქლოროთიაზიდის 50 მგ, ამიტომ რეკომენდებული არაა დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება. სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს, რადგანაც პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია გამოვლენილ იქნას თავბრუხვევა.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვითი მოვლენები, ხველება, გამონაყარი კანზე. იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია. სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებისას ენალაპრილი დროებით უნდა მოიხსნას და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლის ქვეშ კვლავ დაინიშნოს.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები: პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი 10 მგ ენალაპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, შეფუთვაში 30 ტაბლეტი.
დანიშნულება: ექიმის რეცეპტის მიხედვით (II ჯგუფი)
მწარმოებელი: Yanzhou Xier Kangtai Pharmaceutical Co., Ltd. P.R.C. Private Economy Garden, Xinyan Town, Yanzhou City, China
წარმოებულია: სს "ჯი პი სი"-ს დაკვეთით სანაპიროს 6, 0108, თბილისი, საქართველო