newhospitals

ცეფტრიაქსონი 1გ #50 ფლ

ცეფტრიაქსონი 1გ #50 ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
10
რეკომენდაცია
0შეფასება
22649ნახვა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: lll გენერაციის ცეფალოსპორინები                                

 

ქვეყანა: საქართველო

 

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 

ჯენერიკი: Ceftriaxonum 

 

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტურული

 

ზოგადი დახასიათება:
 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეფტრიაქსონი;
 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილი; 
 

შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, 1 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.

 

გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი: J01DD04.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფტრიაქსონი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. in vitro ცეფტრიაქსონი ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდის პროცესს. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მიმართ. 
ცეფტრიაქსონი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus  pneumoniae, Streptococcus pyogenes  (A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები), Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Streptococcus bovis; (შენიშვნა: მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus spp., ენტეროკოკების უმრავლესობა, მაგ. Enterococcus faecalis, რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ); 
გრამუარყოფითი ბაქტერიები: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია),Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (Klebsiella pneumoniae-ს ჩათვლით), Moraxella catarrhalis (ადრე Branhamella catarrhalis წოდებული), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (Salmonella typhi-ს ჩათვლით), Serratia spp. (Serratia  marcescens-ის ჩათვლით), Shigella spp., Vibrio spp. (Vibrio cholerae-ს ჩათვლით),Yersinia spp. (Yersinia enterocolitica -ს ჩათვლით);
ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis ზოგიერთი შტამის ჩათვლით),Clostridium spp. (Clostridium difficile-ს შტამების უმეტესობა რეზისტენტულია),Fusobacterium spp. (Fusobacterium  mortiferum, Fusobacterium  varium-ის გარდა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.
ცეფტრიაქსონი ხასიათდება მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით. იგი ხანგრძლივად ცირკულირებს ორგანიზმში, რაც საშუალებას იძლევა ცეფტრიაქსონი გამოყენებული იქნას დღეში ერთხელ, ცალკეულ შემთხვევებში – 12 სთ-ში ერთხელ.

 

ფარმაკოკინეტიკა: 
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში ერთჯერადი შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ-ზე. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი სწრაფად დიფუნდირებს ქსოვილებსა და ინტერსტიციულ სითხეებში (მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში, ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, აგრეთვე თავ-ზურგ-ტვინის, პლევრულ და სინოვიურ სითხეებში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში). ცეფტრიაქსონი ბაქტერიციდულ მოქმედებას მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე ავლენს 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ეს კავშირი მისი კონცენტრაციის უკუპროპორციულია: მაგ. როდესაც ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნაკლებია 100 მგ/ლ-ზე, მისი 95% უკავშირდება ცილებს, ხოლო კონცენტრაციის მომატებისას 300 მგ/ლ-მდე – მხოლოდ 85%. ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინების დაბალი შემცველობის გამო თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. 
მენინგიტით დაავადებულ მოზრდილებში ცეფტრიაქსონის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით შეყვანიდან 2-24 სთ-ის შემდეგ მისი კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში რამდენჯერმე აღემატება მენინგიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმებისათვის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას. 
ტვინის გარსების ანთების დროს ახალშობილებსა და ბავშვებში ცეფტრიაქსონი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში ლიქვორში ხვდება პლაზმის ცეფტრიაქსონის 17%, ასეპტიკური მენინგიტის დროს კი – დაახლოებით 4%.
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ-ში, თირკმლის კლირენსი - 5-12 მლ/წთ-ში. პრეპარატის 50-60% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო მისი 40-50% ნაღველთან ერთად გამოიყოფა ნაწლავებში, სადაც გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს. 
ახალშობილებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. 
8 დღემდე ასაკის ახალშობილებში და 75 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით. 
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში აღინიშნება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო მატება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ძლიერდება ცეფტრიაქსონის გამოყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას – თირკმლების საშუალებით.

 

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა; 
  • ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი, მასტოიდიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, აბსცესი, ინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა; 
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები ოსტეომიელიტის ჩათვლით; 
  • სეფსისი;
  • ბაქტერიული მენინგიტი;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები პერიტონიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, პელვიოპერიტონიტი;
  • ინფექციები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში;
  • გენერალიზებული სალმონელოზი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის გონორეა; 
  • შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის ჩათვლით;
  • ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.
 

მიღების წესი და დოზირება:
ცეფტრიაქსონი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში. 
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, ასევე 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ცეფტრიაქსონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (24 სთ-ში ერთხელ). მძიმე შემთხვევებში ან ცეფტრიაქსონის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე (2 გ 12 სთ-იანი ინტერვალით). 
ახალშობილებში 3 კვირის ასაკიდან და 12 წლის ასაკამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ. 
2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის დოზა შეადგენს დღეში 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე. ახალშობილთა ფერმენტული სისტემის უმწიფრობის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე. ახალშობილებში ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 60 წთ-ს. 
პრეპარატის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე და მეტი დოზით ვენაში შეჰყავთ ინფუზიის სახით, არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში. 
ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ სხეულის მასაზე (არა უმეტეს 4 გ-ისა) დღე-ღამეში ერთხელ. პათოგენური მიკროორგანიზმის განსაზღვრისა და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ შესაძლებელია დოზის შესაბამისი შემცირება. 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს რეკომენდებულია მისი გახანგრძლივება. მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში. 
გონორეის დროს ინიშნება 250 მგ ცეფტრიაქსონი კუნთში ერთჯერადად.
პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია 1-2 გ ცეფტრიაქსონის ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის შენარჩუნებული ფუნქციის ფონზე არ მოითხოვს დოზის შემცირებას და პირიქით. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში - დოზის კორექცია.

 

ხსნარის მომზადების წესი: 
კუნთში შეყვანის მიზნით ფლაკონის შიგთავსი იხსნება 3.5 მლ 1%-იან ლიდოკაინის ხსნარში. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში. ერთ დუნდულოში შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ-ს. დაუშვებელია ლიდოკაინის შემცველი ხსნარის შეყვანა ვენაში.
ინტრავენური ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში. ხსნარი შეჰყავთ ვენაში ნელა (2-4 წთ-ის განმავლობაში). 
ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მოსამზადებლად ცეფტრიაქსონის 2 გ ფხვნილი იხსნება 40 მლ კალციუმის იონებისაგან თავისუფალი შემდეგი ხსნარებიდან ერთ-ერთში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% გლუკოზა, 10% გლუკოზა. ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს. ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.

 

გვერდითი მოვლენები: 
ჩვეულებრივ ცეფტრიაქსონი კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი; 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი;
ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად - ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები; 
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია;
ადგილობრივი რეაქციები: ცეფტრიაქსონის ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლოა ფლებიტის განვითარება, რომლის თავიდან აცილება ხდება პრეპარატის ნელი შეყვანით (2-4 წუთის განმავლობაში); კუნთში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია, შესაძლებელია ინფილტრატის წარმოქმნა;
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ;

 

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ცეფტრიაქსონის გამოყენების დროს თირკმლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატებთან და/ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, არსებობს ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკი.
ექსპერიმენტულად დადგენილია ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგიული მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი დანიშვნა საჭიროა ცალ-ცალკე რეკომენდებულ დოზებში.
პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე. 
ინ ვიტრო დადგენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის.
ცეფტრიაქსონის ხსნარის შერევა სხვა კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან (მაგ.:ჰარტმანის, რინგერის ხსნარი), ვანკომიცინთან, ლაბეტალოლთან, ფლუკონაზოლთან და ანტიბიოტიკებთან რეკომენდებული არ არის. 
ცეფტრიაქსონის ერთდროული გამოყენებისას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან და სხვა ანტიაგრეგანტებთან მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.

 

ჭარბი დოზირება: 
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია განვითარდეს ენცეფალოპათიური მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა. სპეციფიკური ანტიდოტი ცეფტრიაქსონის მიმართ არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ცეფტრიაქსონი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს.
ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება. 
ცეფტრიაქსონის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ნაღვლის ბუშტში იშვიათად აღინიშნება დაჩრდილვა, რაც ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატია და შეცდომით კენჭებად აღიქმება. იგი, როგორც წესი, ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მოვლენას თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, რეკომენდებულია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. მკურნალობის კურსის შეწყვეტის აუცილებლობას წყვეტს ექიმი. 
პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლის მიღება.

ცეფტრიაქსონი სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ანტიბიოტიკო-თერაპიით გამოწვეული ენტერიტისა და კოლიტის მქონე პაციენტებში. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. 
ცეფტრიაქსონს გააჩნია უნარი განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში, დღენაკლულ ბავშვებში ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. 
ცეფტრიაქსონით თერაპიის დროს შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება გალაქტოზემიის სინჯზე. ცრუ დადებითი მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას, ამიტომ ცეფტრიაქსონით მკურნალობის პერიოდში გლუკოზურიის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
მონაცემები ცეფტრიაქსონის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს, მაგრამ პრეპარატით მკურნალობისას გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.

 

შეფუთვა:
1 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

 

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.