რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას

2869 ნახვა
ზაფხულია ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს და ყველა დასასვენებლად მიემგზავრება. ზოგი ზღვაზე, ზოგი მთაზე, ზოგიც კიდევ საზღვრებს გარეთ...

ამ სტატიას ვუძღვნი მოგზაურ მშობლებს, რომლებსაც მეგზურად ბავშვები მიჰყავთ.

რა თქმა უნდა, მარტო მოგზაურობა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ბავშვთან ერთად, თუმცა მე აქ რისთვის ვარ? გაგაცნობ მარტივ წესებს თუ, რა პრობლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდე და როგორ უნდა გაუმკლავდე მათ.
 

პრობლემა #1 აკლიმატიზაცია

ხშირ შემთხვევაში ბავშვი აკლიმატიზაციის პროცესს "ჩუმად" გადის. სწორედ ამიტომ უნდა იცოდე, რომ:

  • აკლიმატიზაციაზე საშიში რეაკლიმატიზაცია. გარემოს ასეთ ხშირ და სწრაფ ცვლილებას ყველა ბავშვის ორგანიზმი სიხარულით ვერ ხვდება. სამშობლოში დაბრუნებისას მაინცადამაინც ბევრს ნუ გაასეირნებ და აბოდიალებ ბავშვს. ასევე, გაითვალისწინე! ნუ გაუკეთებ ვაქცინაციას წასვლამდე 2 კვირით ადრე და დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში.
  • ნუ გაფრინდები ზედმეტად განსხვავებული კლიმატის მქონე ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ზაფხულიდან ზაფხულში გასვლა უფრო მარტივია ბავშვისთვის, ვიდრე -30-დან +30-ში.
  • თუ მზის ქვეყნებისკენ აპირებ წასვლა, ჩასვლისთანავე მზეს ნუ მიეფიცხები. შეეცადე, რომ ბავშვი დღის ყველაზე ცხელ პერიოდში შენობაში იყოს. კონდიციონერთანაც ნუ გადააჭარბებ.
  • ყველა შეეცადე ბევრი წყალი სვათ, რათა თავიდა აიცილო გაუწყლოება.
  • შესაძლოა ბავშვმა კვებითი აკლიმატიზაციაც განიცადოს. მაგრამ არ იღელვო, გადაუვლის. ეს გამოწვეულია ადგილობრივი წყლითა და სამზარეულოს განსხვავებულობით.
     
პრობლემა #2 დროის სხვადასხვაობა

ზოგადად, რაც უფრო დიდია ბავშვი ასაკით, მით უფრო მარტივად ეგუება ახალ რეჟიმს. სასურველია თუ ისეთ ქვეყანას შეარჩევ, სადაც სხვაობა +-2 საათი იქნება. თუ არა და შეგიძლია წინასწარ შეამზადო ბავშვის ორგანიზმი. მაგალითად, ეტაპობრივად შეუცვალო გაღვიძების, კვებისა და დაძინების დროები.
 

პრობლემა #3 ბავშვი ავად გახდა

მთელი თვეების განმავლობაში დაგეგმილი მოგზაურობა შეიძლება ერთმა პატარა ვირუსმა ჩაგიშალოს. ამიტომ, ეცადე გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბავშვი ხალხმრავალ ადგილებს მოარიდო, ჩააცვა ამინდის შესაბამისად და არ მისცე ცივი სასმელი ან საჭმელი.

თუ კი გაფრთხილების მიუხედავად ბავშვი ავად გახდა:

  • თან უნდა გქონდეს პირველადი დახმარების ნაკრები 
  • თუ სიტუაცია გამწვავდა, სამედიცინო დაზღვევაც გექნება და იმას გამოიყენებ. თან წასვლამდე დააზუსტებ, რომელ კლინიკებთან თანამშრომლობს შენი სადაზღვეო, რომ მერე ისედაც განერვიულებულზე კიდევ უფრო არ დაიბნე.
  • მე რომ არ გითხრა ისედაც იზამ, მაგრამ მაინც და-Google. მართალია ინტერნეტში დიაგნოზის დასმა და მედიკამენტების თვითნებურად დანიშვნა ცუდი პრაქტიკაა, თუმცა მაინც საჭირო. ელემენტარულად შეგიძლია მოიძიო იმ წამლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივმა ექიმმა გამოუწერა შენს შვილს და წაიკითხო მშობლიური ექიმების რეკომენდაციებიც.
  • აუცილებლად შეუთანხმდი შენი შვილის პირად პედიატრს, რომ მიდიხარ და შეიძლება ნებისმიერ დროს დაურეკო, რათა მიიღო მისგან რჩევები.

პრობლემა #4 რა ვაჭამო ბავშვს?

  • ნუ, საუკეთესო ვარიანტია თუ ბავშვი მთლიანად ძუძუთი კვებაზეა.
  • თუ კი ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა მაშინ თან წაიღე ის, რასაც ჩვეულებრივ აჭმევ ხოლმე. ნუ ღელავ, საზღვარზე არავინ დაგიწყებს რაოდენობაზე დავას.
  • აქაც და-Google-ვა დაგჭირდება. თუ რამე უცხო ან არანაცნობი შეგხვდება წინასწარ გადაამოწმე, რა იცი რა არის. მოემზადე იმისთვისაც, რომ შეიძლება საბავშვო საჭმელი უცხო ქვეყანაში იმაზე უფრო მეტი ღირდეს, ვიდრე შენი უბნის მაღაზიაშია.
  • შეეცადე ისეთი ბინა/სახლი შეარჩიო, რომელსაც სამზარეულოც ექნება. თუ არა და თან წაიღე ბლენდერი და მსგავსი პატარა ტექნიკა, რასაც ჩვეულებრივ იყენებ ხოლმე. (ნუ თუ კეთება არ გეზარება)
  • ნუ იქნები „მომსახურებაში შედის საბავშვო სამზარეულოც/მენიუც“-ის იმედზე. ამის ქვეშ ხშირად პიცა, კარტოფილი ფრი და მსგავსი საკვები მოიაზრება.

პრობლემა #5 მგზავრობისას დაღლა და ხმაური

ტრანსპორტში ჩუმად მხოლოდ მძინარე ბავშვები არიან. ასე, რომ მოემზადე ხმაურისთვის და შენს მიმართ აგრესიისთვის. თუ კი გაგიმართლა და გვერდით გამგები მგზავრი გიზის - ხო კარგია, თუ არა და უკმაყოფილო თანამგზავრს შეგიძლია უთხრა, რომ თუ რამე აწუხებს გადაჯდეს. რა თქმა უნდა, არც შენ არ უნდა იყო ფეხი-ფეხზე გადადებული და დააორგანიზო მთელი ტრანსპორტირების პერიოდი.

ყველა ბავშვი ერთნაირი ვერ იქნება, ზოგს პლანშეტი აწყნარებს, ზოგს ჭამა, რას გაუგებ...

რამდენიმე რჩევა, როგორ შეიძლება დაამშვიდო ბავშვი:

  • მიეცი საჭმელი, იქნებ ცოტა გაერთოს.
  • შეიძლება გაგიმართლოს და ცარიელი ტრანსპორტით მოგიწიოს მგზავრობა/ფრენა ასე, რომ წინასწარ შეუთანხმდი პერსონალს ცარიელი ადგილი დაგიტოვონ გვერდით.
  • 1 წლამდე ბავშვებს არ აწუხებთ ყურების „დაგუბება“, თუმცა ცოტა დიდებს კი. ხსნარების ჩაწვეთება ამ დროს არ არის რეკომენდებული. უბრალოდ, მიეცი მას წყალი ან ჩუპა-ჩუფსი.
  • მოამზადე სიურპრიზი. ბავშვებს ძალიან ახარებთ მოულოდნელი ნივთების გამოჩენა. ეს შეიძლება იყოს ახალი წიგნი, სათამაშო და ა.შ.
  • თუ კი მარტო მგზავრობ ბავშვთან ერთად არ მოგერიდოს დახმარების თხოვნა სხვა მგზავრებისთვის, ან თუნდაც მომუშავე პერსონალისთვის.
  • გაითვალისწინე, რომ შეიძლება რეისი გადაიდოს და ლოდინიც მოგიწიოს. ამიტომ თან გქონდეს ბავშვის საჭმელი.
     
პრობლემა #6 უზარმაზარი ბარგი

თუ მანამდე მხოლოდ 8კგ-იანი ხელ ბარგით იძვრენდი თავს ახლა ასე ვეღარ იქნება. სასურველია თუ ერთჯერად ნივთებს მაგ: პამპერსებს, სველ სალპეტკებს და ა.შ. ადგილზევე შეიძენ და აქედანვე „სათრევი“ არ გექნება.
 

პრობლემა #7  დამღლელი დასვენება

მზად იყავი, დასვენებამ შეიძლება დაგღალოს. თუმცა თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინე, შეიძლება სულაც არ მოხდეს ასე:

  • წინასწარ შეადგინე სია რისი ნახვა, როდის გინდა. ერთბაშად ნუ მოინდომებ ყველაფერს ერთად... ბავშვთან ერთად ნამდვილად ვერ შეძლებ.
  • მშობლებმა შეადგინეთ მორიგეობა. ვინ, როდის იქნება ბავშვთან და ვინ, როდის გაივლის ქალაქში.
  • თუ მარტო მოგზაურობ აიყვანე ძიძა.
  • ან თან წაიყვანე ბებია, რომელიც საქმეს შეგიმსუბუქებს.
     
პრობლემა #8 ხარჯები

ის კარგია, რომ გარკვეულ ასაკამდე ბილეთებისა და სასტუმროს დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევს. მაგრამ განა მარტო ესაა? იმისათვის, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს დიდი ხარჯების გაწევა მოგიწევს.

მაგალითად თუ მანამდე „სიიაფის“ გამო შეგეძლო ისეთი ბილეთები გეყიდა, სადაც რამდენიმეჯერ გიწევდა გადაჯდომა ახლა ეგრე ვეღარ მოიქცევი. 
 

ეს ის პრობლემებია, რასაც მოგზაურობისას შეიძლება გადააწყდე. თუმცა შენთვის ხომ შეუძლებელი არაფერია? მთავარია მხოლოდ 3 რამ: სურვილი, ფინანსები და დრო.

გისურვებთ ბედნიერ დასვენებას შენ და შენს პატარა თანამგზავრს.

 

გაინტერესებთ საუკეთესო პედიატრი? გადმოდით ბმულზე: პედიატრები 

გაინტერესებთ საუკეთესო პედიატრიული კლინიკები? გადმოდით ბმულზე: ედიატრიული კლინიკები

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.