მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
“ნიუ ჰოსპიტალსი” ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი ECHO პროექტის მონაწილე გახდა, რაც მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგების მიერ “ნიუ ჰოსპიტალსის” ონკო-გინეკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაგეგმვის პროცესში ჩართვასა და რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში შედგენილია ონკოლოგთა საერთაშორისო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ექიმებითა და მკვლევარებით. კონსილიუმის მიერ სისტემატიურად იმართება სპეციალური ონლაინ სესიები, სადაც ხდება თითოეული პაციენტის მდგომარეობის განხილვა და გაიცემა რეკომენდაციები მკურნალობის საუკეთესო მეთოდებისა და მიდგომების შესახებ. ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი პროექტი ECHO, 2017 წლიდან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და მედიცინის უახლესი მიგნებების სამკურნალო პროცედურებში დანერგვას ემსახურება. სწორედ ამ პროექტში ჩაერთვება საქართველოც და ქართველ ექიმებს საკუთარი პაციენტების მდგომარეობის საერთაშორისო კონსილიუმთან განხილვისა და რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტში საქართველოს მხრიდან „ნიუ ჰოსპიტალსია“ ჩართული, თუმცა როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე განმარტავს, მასში ჩართვა სხვა კლინიკების ექიმებსაც შეუძლიათ.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაც არ არის ტიპიური და მართვა გაიდლაინში არ წერია, იკრიბება კონსილიუმი და იმართება მსჯელობა, მისი დაავადების მართვის ოპტიმალურ გზებზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოდ კეთდება. ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია, რომ ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა არა ერთმა ექიმმა, არამედ - კონსილიუმმა უნდა დაგეგმოს. ზუსტად ამ პრაქტიკის საქართველოში დანერგვას უწყობს ხელს ჩვენი ახალი პროექტი. კონსილიუმს ხელმძღვანელობენ ის ექიმები, რომლებიც მონაწილეობენ გაიდლაინების და პროტოკოლების შექმნაში. ამ კონსილიუმის თითოეული მონიტორი, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კვლევებში და პრაქტიკულ მუშაობაში. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ჩვენი ახალი თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია.“ - განმარტავს არჩილ შარაშენიძე.
მისივე განმარტებით, ქართველ ექიმებს უწყვეტი განვითარებისა და ზრდის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, რადგან პროექტს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს და პაციენტების შემთხვევების განხილვების შემდეგ, მასში ჩართული ექიმებისთვის ტარდება ლექცია, რომელზეც სფეროს წამყვანი სპეციალისტები საუბრობენ ახალი კვლევების და მიღწევების შესახებ.
„ამჟამად ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი ქართველი ექიმი ჩავრთოთ პროექტში - ნებისმიერ ექიმს, რომელსაც ექნება რთული შემთხვევა, შეუძლია დაგვიკავშირდეს და მიიღოს რეკომენდაციები მსოფლიოს საუკეთესო ექიმებისგან. პაციენტებს კი აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების მისაღებად წასვლა, რადგან ის საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი. დღეს ხშირია შემთხვევები, როდესაც ონკოლოგიური მკურნალობის ან სამედიცინო რეკომენდაციის მისაღებად, პაციენტები უცხოეთის კლინიკებს მიმართავენ. რეალურად კი უცხოელი ექიმებიც მათთან გადიან კონსულტაციას, ვისგანაც ამიერიდან ჩვენ მივიღებთ რჩევებს.“ - დაამატა არჩილ შარაშენიძემ.
ზოგადად, საქართველოში ონკო-გინეკოლოგიური დაავადებებიდან, ყველაზე გავრცელებული საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც დაკავშირებულია პაპილომა ვირუსთან. თუმცა როგორც არჩილ შარაშენიძე განმარტავს, ყველაზე ვერაგი საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეა.
„საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში არსებობს ვაქცინა, რომლის ჩატარების შემდეგაც რისკი მცირდება. ვაქცინა კი რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ. საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს სკრინინგ პროგრამაც, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უწყობს ხელს. საწყის ეტაპზე დაწყებული მკურნალობა და ჩატარებული ქირურგიული ჩარევა კი გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება საკვერცხეების სიმსივნეს, ის უმეტესად ფარულად მიმდინარეობს და მისი გამოვლენა უფრო ხშირად მესამე სტადიაში ხდება, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას საკმაოდ ართულებს. შემთხვევების მხოლოდ 30-35%-ში ხდება შესაძლებელი სიცოცხლის 5 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივება. გვიან გამოვლენილი შემთხვევების დროს ძალიან რთული და ძვირადღირებულია მკურნალობა. ხშირად რადიკალური ჩარევაც აუცილებელი ხდება. პაციენტს სულ უწევს დაკვირვების ქვეშ ყოფნა. საშვილოსნოს ტანისა და ყელის სიმსივნის შემთხვევაში, პაციენტების გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლის 5 წლიანი ხანგრძლივობის მიღწევა უფრო ხშირია.“ - განმარტავს ონკოქირურგი.
ონკოქირურგიული დაავადებების პრევენციისთვის ევროპის ქვეყნებში გენეტიკური განწყობის მქონე მოსახლეობის კონტროლი ხდება BRCA1 და BRCA2 გენზე. ეს ნიშნავს, რომ ქალებს, ვის პირველი ან მეორე თაობის წინაპარსაც ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს სიმსივნე, უკეთდებათ ანალიზი და ადგენენ გენის მუტაციას. შედეგად ხდება დადგენა 40 წელს ზევით ასაკში დაემართებათ თუ არა სიმსივნე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში პრევენციულად ხდება დანამატების (საკვერცხის და ფალოპის მილის) ამოკვეთა.
„გენის მუტაციის დადგენა საქართველოშიც შესაძლებელია, პაციენტებმა უნდა მიმართონ კლინიკებს. პაციენტებს, რომელთაც საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკი აღმოაჩნდებათ, შეუძლიათ ორსულობა 40 წლამდე დაგეგმონ, ხოლო 40 წლის ასაკიდან მოხდება საკვერცხისა და საშვილოსნოს მილის ამოღება. პირდაპირ რომ ვთქვათ, დაავადებას და მის სავალალო შედეგს ვასწრებთ. რაც შეეხება საშვილსონოს ყელის სიმსივნეს, ამ მიმართულებით დიდი გადატრიალება მოახდინა PAP-ტესტმა. ის სკრინინგის დონეზე კეთდება საქართველოში და მონიტორინგის კუთხით, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. სასურველია, რომ ქალებმა PAP-ტესტი წელიწადში ორჯერ გაიკეთონ. ზოგადად, სკრინინგი და პროფილაქტიკა არის პირველი რგოლი.“ - აცხადებს შარაშენიძე.
როგორც ონკოქირურგი განმარტავს, საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების დროს მთავარი სიმპტომი მენოპაუზის დროს სისხლდენებია. ამ პრობლემის აღმოჩენისთანავე აუცილებელია სპეციალისტთან მიმართვა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ სრული და მაღალკვალიფიციური ონკოქირურგიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ყველა მიმართულებით და მათ შორის ონკო-გინეკოლოგიაშიც ევროპული გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ვხელმძღვანელობთ. თითოეული ექიმი განათლებული და ევროპულად მოაზროვნეა. ხშირად ტარდება კონსილიუმები და მსჯელობის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას და მომსახურების სპექტრს, ჩვენთან ყველანაირი ჩარევა ტარდება, მათ შორის რადიკალური ოპერაციები, ქიმიოთერაპია...“ - დაამატა არჩილ შარაშენიძემ.
გახსოვდეთ, ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების საუკეთესო პრევენცია სკრინინგია. მეტი ყურადღება მართებს მას, ვისაც გენეტიკური განწყობა აღენიშნება. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანმრთელი წესი და ჯანსაღი კვება.
კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე: ნიუ ჰოსპიტალსი