ტიკარაძე “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”-ს თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”-ს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე კლინიკის ინფრასტუქტურის გაუმჯობესების და ხელფასების გაცემის საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ცენტრთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამომავლო გეგმებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს და კლინიკის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებების საკითხსაც შეისწავლის.
„შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მედპერსონალის მხრიდან წარმოდგენილია 10 წევრი და ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. განვიხილავთ, როდის გადავიხდით მათ სახელფასო ანაზღაურაებას, რასაც მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მართვაში ჩართული, ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფეროს სჭირდება სპეციფიკური მმართველობა და გამოჩნდა, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო და მუშაობას ჩვეულ რეჟმში გააგრძელებენ.
კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე: უნივერსალური სამედიცინო ცენტრი