სასწრაფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს თბილისისა და ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურები უერთდება. ამის შესახებ ]ჟურნალისტებს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.
ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებს. კერძოდ, რეგიონების მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ აწვდის, დედაქალაქში ქ. თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ოპერირებს, ხოლო ბათუმში - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.
აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. ცვლილებები მიზნად ისახავს თანამედროვე, ერთიანი სისტემის დანერგვას, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და პაციენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.
„ყველა ქმედება მიმართული იქნება ეფექტური მართვისკენ. ჩვენი სამიზნეა პაციენტი და მისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრების, როგორც ფინანსური, ისე სამუშაო პირობები იყოს ღირსეული და მათ მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის შესაბამისი. ასევე, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების ფონზე, თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
სასწრაფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. დღეიდან კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები ყველა შესაბამის რგოლთან დაიწყება.