საქართველოს დელეგაციამ, ნაირობის სამიტზე, ჯანმრთელობის სერვისებზე სანდო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ვალდებულებები აიღო


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა გაეროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება. ღონისძიება კენიის დედაქალაქ  ნაირობიში იმართება. მთავარი მიზანი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების გლობალურ უზრუნველყოფაა. კონფერენციაზე ისეთ თემებს განიხილავენ, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის განვითარებას აფერხებს და ქალების მდგომარეობას განსაკუთრებით მძიმეს ხდის. მათ შორის მშობიარეების სიკვდილიანობა, გოგონების ნაადრევი ქორწინება, კონტრაცეფციის საშუალებების ხელმისაწვდომობის პრობლემა და სხვა.

საქართველოს დელეგაციამ ნაირობის სამიტზე სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე და ინფორმაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის, ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის, ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის საჭირო თანასწორი გარემოს შექმნის და მდგრადი განვითარების მისაღწევად მტკიცებულებაზე დაფუძნებული დაგეგმვისათვის მოსახლეობის შესახებ სანდო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ვალდებულებები აიღო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრულია, რომ 2030 წლისთვის, შესაბამისი განათლებისა და მაღალი ხარისხის ინტეგრირებულ  სერვისებზე სრული ხელმისაწვდომობის საშუალებით, აღარ იყოს დედათა და ახალშობილთა სიკვდილის, ან ბავშვთა მკვდრადშობადობის ისეთი შემთხვევები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია. დოკუმენტის მიხედვით ყველა ბავშვი იქნება სასურველი  და შესაძლებელი გახდება ყველა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება. სტრატეგია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ისეთი პრინციპებით ხელმძღვანელობს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და გენდერული სენსიტიურობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უწყვეტობა სიცოცხლის განმავლობაში, ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

კონფერენცია დანიის, კენიის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერაა ორგანიზებული.

სამიტის წევრები აღიარებენ, რომ გენდერული ძალადობის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში არ არის. თანხმდებიან იმაზე, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებით, გოგონებს ბავშვობა არ უნდა წაერთვათ. მუშაობენ ისეთი პირობების შექმნისთვის, რომ არც ერთი დედა არ დაიღუპოს მშობიარობის დროს.