"საქართველოს აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს"
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კორეელმა ექსპერტმა, ქართულ მხარეს, საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს. პროფესორმა საქართველოში, ქართველ ექიმებთან ერთად ღვიძლის გადანერგვის 18 წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაატარა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი ექიმების გადამზადების, ასევე რთული ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებების საკითხს. მინისტრის თქმით, დოკუმენტაციაზე მუშაობა და პარტნიორი კლინიკების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ კორეელ ქირურგს 18 ქართველი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ჩართულობით ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.
შეხვედრას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტიც დაესწრო, რომელსაც კორეელ ქირურგთან ერთად არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.