სამედიცინო ლიცენზიის მოპოვებისთვის გამოცდაზე გასვლა ფასიანი გახდა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
სამედიცინო ლიცენზიის მოპოვებისთვის გამოცდაზე გასვლა ფასიანი გახდა.
ექიმი ჯაბა ზარქუა თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ პრობლემა არა მხოლოდ დამატებითი ხარჯები, არამედ გამოცდისა და გამოცდამდე მისასვლელი გზის უხარისხობაა.
“მინდა დიდი გულისტკივილით გამოვეხმაურო ამ ფაქტს, რადგან ეს დამატებითი ხარჯია ექიმი-რეზიდენტებისთვის, რომელთა შრომა უმეტეს შემთხვევებში აუნაზღაურებელია.
პრობლემა ის კი არაა, რომ ლიცენზიის მოპოვების მცდელობა ფასიანია, 80 და 120 ლარი კი არა, ევროპის გასტროენტეროლოგთა ლიცენზიის (შემოკლებით ვამბობ, გრძელი აბრევიატურაა ისა, არსი ესაა) გამოცდაზე გასვლა ბარე 700-800 დოლარი ღირს.
პრობლემა სინამდვილეში ისაა, რომ გამოცდაა უხარისხო და გამოცდამდე მისასვლელი გზაც უხარისხოა. არაფრის ცოდნას ის არ ამოწმებს რეალურად.” - წერს ექიმი.
მისი თქმით, სისტემაში ძირეული არაფერი შეცვლილა. რეზიდენტებსა და სტუდენტებს ისევ ტესტების გაზეპირება უწევთ მექანიკურად, რადგან დიდი ნაწილი ტესტებისა დენიკინის დროსაა შედგენილი, არასწორი პასუხებია სწორად მიჩნეული და თუ ეს არასწორები არ გაიზუთხე და მართლა ჭკუით მიყევი, შეიძლება ვერ ჩააბარო გამოცდა.
“პრობლემა ისაა, რომ სამედიცინო ლიცენზიას იმ ქაღალდზე მეტი ფასი არ აქვს, რაზეც ის იბეჭდება. ეკონომისტი მამაჩემი აიღებს ხვალვე ლიცენზიას თუ ამ ტესტებს ჩაუჯდება და დაიზეპირებს.
ესაა პრობლემა და ცხადია, როცა მსგავსი მოცემულობა გვაქვს, ზედმეტი ხარჯი მაინც არ უნდა დავუმატოთ ახალგაზრდა ექიმებსა და სტუდენტებს. პირიქით მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, რომ ამ სისტემას არ გაურბიან და აქ ექიმობის სურვილს გამოთქვამენ.
ეს ფული რომ ტესტების დახვეწას, გამართვას, განახლებას და თანამედროვე სამედიცინო ცოდნასთან შესაბამისობას ხმარდებოდეს, აბა ვინ ოხერი, ხმის ამომღები ვინ იქნებოდა, მაგრამ განა მასეა? რა თქმა უნდა, არ იქნება ასე და ეს ხარჯიც დარჩება ბიუჯეტის შესავსებ მორიგ მოსაკრებელად, რომელიც პრობლემას მოუგვარებელს დატოვებს და ადამიანებს ტყუილად დააწვება მხრებზე.” - ჯაბა ზარქუა.