კლინიკებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები გათანაბრდება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა.
მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. ცვლილება შეეხება დაფინანსების სისტემას, რომელიც ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას.
აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. რეფორმა განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაში.
მინისტრის თქმით, აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი.
ტელემედიცინის პველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.
რეფორმა შეეხება ასევე მედიკამენტების საკითხსაც, რადგან სწორედ მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი ამ კომპონენტზე მოდის. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტი გაკეთდება ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, მათ შორის აჭარის რეგიონში. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.