კანის რეაქცია მზეზე - არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
უკვე ყველასათვის კარგად არის ცნობილი სიტყვა «Sunscreen» - და ყველამ დაიმახსოვრა, რომ ეს მნიშვნელოვანია გარუჯვისას. ჩვენი სტატია ეხება კონკრეტულად იმ ფაქტორებს, თუ როგორ ზემოქმედებს მზე კანზე და როგორ უნდა გამოიყენოთ მზის სხივებისგან დამცავი საშუალებები.
მზის სხივები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებას, მართავს ჩვენს შინაგან ბიოლოგიურ საათს და არეგულირებს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას. თუმცა, მას სერიოზული უკუჩვენებები რომ ახლავს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს: მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს კანის ფოტოდაზიანებას, აჩქარებს მის დაბერებას, ადაბლებს იმუნური სისტემის აქტივობას და ზრდის კანის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.
რა არის რუჯი?
«რუჯი – ეს არის ორგანიზმის დამცავი რეაქცია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაზე, რომელიც ახდენს ჩვენი კანის პიგმენტური უჯრედების - მელანოციტების სტიმულირებას, ისინი გამოიმუშავებენ მელანინს, რომელიც მუქ შეფერილობას ანიჭებს ჩვენს კანს. თავის მხრივ, მელანინი ასევე იცავს ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან - შთანთქავს მისი ტალღების გარკვეულ ნაწილს. ეს დაცვა ნამდვილად აუცილებელია, რადგან მზის სხივების ზემოქმედება იწვევს მუტაციას დნმ-ის უჯრედებში. ორგანიზმს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მუტაციის გარკვეულ დონეს, სპეციალური ფერმენტები ახდენენ დნმ-ის აღდგენას, ხოლო ჭარბი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას, მუტაციის დონე მაღალია და ამის შედეგად კანი ზიანდება, სწრაფად ბერდება, იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი.
არსებობს თუ არა უსაფრთხო რუჯი?
„ჯადოსნური“ პროცესი, რომელიც ერთდროულად მოახდენს კანის მუქი ფერის მიღებას და მუტაციის თავიდან აცილებას - არ არსებობს. როგორც დერმატოლოგები აცხადებენ, გარუჯული კანი - დაზიანებული კანია. განსაკუთრებით საშიშია დამწვრობამდე მისული რუჯის ფორმები, და უკვე მიღებული დამწვრობა.
არანაკლებ საშიშია ხელოვნურად გარუჯვა - სოლარიუმი. 2007 წელს ჟურნალში „International Journal of Cancer“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, სოლარიუმში გარუჯვა 35 წლამდე ასაკის ადამიანებში მნიშვნელოვნად ზრდის მელანომას განვითარების რისკს.
მზის დასხივების ზემოქმედება
მზის დასხივებისას ძირითადი ეფექტები გამოწვეულა მისი სპექტრში შემავალი ულტრაიისფერი სხივებით, რომელიც წარმოდგენილია ტალღების შემდეგი სამი ტიპით: UVA, UVB, UVC (სადაც UV არის – ultraviolet – ულტრაიისფერი, ხოლო ასოები A, B, C – აღნიშანვენ ტალღების ტიპს). რაც უფრო გრძელია ტალღა, მით უფრო ღრმად აღწევს კანში ულტრაიისფერი სხივი.
ყველაზე მოკლე და აგრესიული ტალღა - UVC, იფანტება ატმოსფეროს ზედა ფენებში და ვერ აღწევენ დედამიწის ზედაპირამდე. ადამიანისთვის ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ხელოვნური დასხივებისას: მაგალითად, შედუღების ან ბაქტერიციდული აპარატის გამოყენებისას. ამ ტალღების ტოქსიკურობა დაკავშირებულია UVC სხივების ურთიერთქმედებაზე ნუკლეინის მჟავებთან (დნმ და რნმ) და ასევე ცილებთან, ამიტომ გვაფრთხილებენ, რომ შედუღების პროცესისთვის ყურება სახიფათოა.
კანის რეაქციის მიზეზი არის UVB (5–10% მზის გამოსხივებიდან) და UVA (დანარჩენი 90–95%) ტალღები, რომლებსაც შეუძლიათ კანში სხვადასხვა სიღრმეზე შეღწევა და უჯრედების დნმ-ს დაზიანება. UVB – ტალღა საშუალო სიხშირის და სიგრძისაა, რომელიც მხოლოდ ეპიდერმისამდე აღწევს (კანის ზედა ფენა). UVB-სხივები იწვევს მელანოციტების რიცხვის ზრდას და ახდენს მელანინის გამომუშავების სტიმულირებას, ამიტომ, მზეზე ყოფნიდან გარკვეული დროის შემდეგ კანი მუქ შეფერილობას იღებს და ჩნდება ე.წ. რუჯი. UVB – ტალღის ზემოქმედება იწვევს კანის ფოტოდაზიანებას, ერითემის (სიწითლის) და მზის დამწვრობის განვითარებას.
UVA – ყველაზე გრძელი ულტრაიისფერი ტალღაა, რომელიც აღწევს კანის მაქსიმალურ სიღრმეში, ვრცელდება ეპიდერმისსა და დერმაში, რომელიც კანქვეშაა. UVA-ტალღები იწვევენ კანის სწრაფ პიგმენტაციას, კანში არსებული მელანინის ოქსიდაციას და კანის გამუქებას. ასევე UVA ტალღა იწვევს კანის დაბერებას: ააქტიურებს ოქსიდაციურ სტრესს და აზიანებს უჯრედების ცილოვან ნაწილს და დნმ-ს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ დროს ხდება დამაკავშირებელი ქსოვილის, კოლაგენისა და ელასტიური ბოჭკოების დაზიანება, რომელბიც პასუხისმგებელი არიან კანის ელასტიურობასა და ტონუსზე.
კანი შუშის საფარის იქეთაც იღებს გარკვეულ რუჯს, რაც ვლინდება უფრო მეტად არა მისი გარეგანი ფერის ცვლილებით, არამედ კანის უჯრედების დაზიანებით. შუშა სრულიად ბლოკავს UVB-სხივებს და ნაწილობრივ ატარებს UVA ტიპის სხივებს. კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა „American Academy of Dermatology“-ის მიერ, გამოავლინა, რომ მძღოლებში ავთვისებიანი დაავადების ფაქტები ხშირ შემთხვევაში ვლინდება სახისა და ხელის მარცხენა ნაწილში, რომლებზეც ზემოქმედებს გარედან შემოსული მზის სხივები. ამიტომ, თუ საჭესთან დიდ დროს ატარებ, აუცილებლად გამოიყენე მზის სხივებისგან დამცავი საშუალება.
როგორ უნდა გავირუჯოთ უსაფრთხოდ?
კანზე მზის სხივების მოხვედრისას თავდაპირველად ხდება გამომუშავებული მელანინის გადანაწილება და მისი გამუქება ფოტოოქსიდაციის საფუძველზე. ეს არის მოკლევადიანი რუჯი, რომელიც არ ამაღლებს მზის სხივებისგან დაცვის დონეს. პარალელურად ხდება ახალი მელანოციტების წარმოქმნის სტიმულირება და პიგმენტის სინთეზი - მელანოგენეზი. ეს პროცესი იწვევს მელანინის რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას და გარკვეულ დროს მოითხოვს. ძირითადად რუჯი შესამჩნევი ხდება მზეზე ყოფნიდან 48–72 საათის შემდეგ.
გვიანი ეფექტი დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი და მუდმივი ზემოქმედების პროცესთან და იწვევს კანის დაბერებას, კანის სიმსივნური დაავადებების გაჩენას, კატარაქტას.
კანის საპასუხო რეაქცია მზის სხივების ზემოქმედებაზე, დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ორგანიზმის მგრძნობელობის დონეზე. პროცესი ძირითადად უკავშირდება პიგმენტური უჯრედების აქტივობას. მელანინის დონიდან გამომდინარე, რომელიც აძლევს შეფერილობას თმას, თვალებს, ხალებსა და ჭორფლს, ადამიანები შესაძლებელია დავყოთ რამოდენიმე ფოტოტიპად. „ფიტცპატრიკის შკალის“ მიხედვით, ძირითადად გამოიყოფა 6 პიგმენტაციის ტიპი - ყველაზე ღია ფერის კანიდან, ყველაზე მუქი ფერის კანს შორის.
პოპულარული მითი, რომლის მიხედვითაც რუჯი გვიცავს შემდგომი მზის დამწვრობებისგან - სრული სიცრუეა. მელანინი რა თქმა უნდა ცდილობს იმოქმედოს როგორც დამცავმა ფაქტორმა, მაგრამ მისი SPF (დაცვის დონე) მაქსიმუმ აღწევს 2-4 ერთეულს, მაშინ, როცა რეკომენდირებული მინიმალური დაცვა არის – SPF 15.
კანის ფოტოტიპები ფიტცპატრიკის შკალის მიხედვით
ამ შკალიდან გამომდინარე, კანის პირველი ორი ტიპი შეგვიძლია გავაერთიანოთ მაღალი რისკის ცალკე ჯგუფში - ასეთი ტიპის კანი ყველაზე მეტად ზიანდება მზის სხივების ზემოქმედებისას. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჟაღალი და ქერა თმის ფერის, მწვანე და ლურჯი თვალის ფერისა და ჭორფლების მქონე ადამიანები. 10 წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მზის ქვეშ ყოფნისას მათ კანზე გაჩნდეს დამწვრობა. ამიტომ, მათთვის საჭიროა კანის დაცვა მთელი წლის მანძილზე, რაც გულისხმობს შესაბამისი სამოსის, სათვალის, თავსაბურავის და კანის დამცავი საშუალებების გამოყენებას და ჩრდილში ყოფნას, რაც წინააღმდეგობას უწევს როგორც UVB-, ისე UVA-სხივებს.
ფოტოდერმატოზი
მზის სხივების მავნე ზემოქმედებისას გამოწვეული სხვადასხვა გართულებების დროს, როგორიცაა ერითემა, დამწვრობა, ალერგიული რეაქცია ან კანის ქრონიკული დაავადებების გააქტიურება - კანის უჯრედები ვერ ართმევენ თავს წარმოქმნილ პრობლემებს და ირღვევა დაცვითი პროცესი, რის შედეგადაც დამწვრობის ადგილები წითლდება და ხშირ შემთხვევაში წყლულებიც ჩნდება. ძლიერი მზის დამწვრობა - მელანომის გაჩენის რისკ-ფაქტორია, ამიტომ, აუცილებელია ისარგებლო მზის სხივებისგან დამცავი საშუალებებით და არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანო კანის დამწვრობამდე საქმე.
ჭორფლი
სინამდვილეში ჭორფლი, ეს არის გენეტიკურად განსაზღვრული პიგმენტაცია. მზე მხოლოდ დამატებით მკვეთრ შეფერილობას აძლევს მელანინს და იწვევს ამ პიგმენტური ლაქების კონტრასტირებას, რომლებსაც სამეცნიერო ენაზე ეფელიდები ეწოდებათ. ჭორფლს ყურადღება უნდა მიაქციო, რადგან ის ფოტომგრძნობიარე კანის დამადასტურებელი ნიშანია, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ზიანდება ფოტოტრავმატული რეაქციებით (ჭარბი რუჯით და დამწვრობით).
ფოტოალერგიული რეაქციები
ზოგჯერ იმუნური სისტემა რეაგირებს მზის სინათლეზე ისე, როგორც ალერგენზე: ზემოქმედების ზონაში ჩნდება გამონაყარი, რიგ შემთხვევაში ჭინჭრის ნასუსხივით, რომელსაც თან ახლავს ქავილი. ასეთი ალერგიული რეაქცია იწყება მზის ზემოქმედებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ და აზიანებს მზისგან დიდი ხნით დაფარულ კანს კისრის, გულმკერდისა და ხელების არეში. გამონაყარი ვლინდება სიწითლის სახით მცირე ზომის პაპულებით, რომელიც წააგავს ბავშვებში გავრცელებულ დიათეზს და ეგზემას.
თუ შენ მიდრეკილი ხარ ალერგიული რეაქციებისადმი, შენი უმთავრესი დამხმარე ამ შემთხვევაში არის მზისგან დამცავი საშუალება, რომელსაც გააჩნია SPF 30 (ან მეტი) ფორმულა და ასევე მუქი ტანსაცმელი. კანის შეგუება მზის სხივებთან შესაძლებელია დაიწყოთ გაზაფხულზე და მცირედი დრო მზეზე გაატაროთ ხოლმე. რაც შეეხება მზისგან გამოწვეული ჭინჭროვანი სახის ალერგიას - არ იკურნება: ის თავისით გადაგივლის რამოდენიმე დღეში. მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია საცხით, გლუკოკორტიკოსტეროიდებით ან მადესენსიბილიზირებელი საშუალებებით.
ქრონიკული დაავადებების გართულება
ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ მოახდინონ კანის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გართულება, რამდენადაც ისინი მოქმედებენ როგორც ეპიდერმისის უჯრედების აქტივობაზე, ასევე ახშობენ იმუნური უჯრედების აქტივობას. იმ ადამიანებს, რომლებსაც აუტოიმუნური დაავადებები აწუხებთ, ექიმები ურჩევენ თავი შეიკავონ გარუჯვისგან.
ძალიან საინტერესოა ერთი მომენტი, კანის მიმართ ასეთი აგრესიული დამოკიდებულების პარალელურად, ულტრაიისფერი სხივები უმთავრესი დამხმარეა კანის ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი. ასეთ დროს, მზის შუქს და ულტრაიისფერ დასხივებას შესამჩნევი შვება მოაქვს პაციენტისთვის და საგრძნობლად ამცირებს კანის ამ დაავადებების აქტივობის ხარისხს, თუმცა, ამ ვარიანტშიც აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაციის მიღება.
NOTA BENE
ზოგიერთი წამალი და კოსმეტიკური საშუალება ამაღლებს ჩვენს მგრძობელობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც ჩვეულებრივ ინსტრუქციაში ყოველთვის მითითებულია. ამიტომ, უპირველესი რჩევაა, მზიანი დღეების დროს თავი შეიკავო ისეთ ნივთიერებებთან კონტაქტისგან, როგორციაა:
- კოსმეტიკური ზეთები (ბერგამოტის, ლიმონის, ლაიმის, კედარის)
- ესენციები (მეთილკუმარინი და მეთილანთრანილატი)
- ჰექსაქლოროფენიანი დეზინფექტანტები
რუჯი, განსაკუთრებით კი მზის დამწვრობა - ადასტურებს იმას, რომ კანმა მიიღო უჯრედების დაზიანება. ამიტომ, საჭიროა აუცილებლად გამოიყენო მზისგან დამცავი საშუალება, რომელსაც SPF ფორმულის გარდა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს UVB და UVA სხივებისგან დაცვაც. ნუ გაჩერდები მზეზე შუადღეს.
იმედია ჩვენი სტატია საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის შემცველი იყო შენთივს. გაითვალისწინე რჩევები, გამოიჩინე სიფრთხილე მზესთან მიმართებაში, რუჯის მიღებისას გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალებები და გაუფრთხილდი ჯანმრთელობას!