ჯანდაცვის სისტემის რეფორმა - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“
ჯანდაცვის სისტემის რეფორმა - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია გამართა.
რეფორმის ფარგლებში იგეგმება:
- დაფინანსების ახალ, ევროპულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა და დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.
- პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. რეფორმის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება პრევენციულ სერვისებზე. მოხდება ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.
- ტელემედიცინა - საქართველოს ჯანდაცვის მომავალი. ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში იგეგმება პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრით ამბულატორიების აღჭურვა. აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.
- გაძლიერდება სამედიცინო განათლების მხარდაჭერა. აღნიშნულისთვის გაუმჯობესდება სახელმწიფო დაფინანსება, ასევე წარჩინებული სტუდენტების წახალისება და ხელი შეეწყობა პრიორიტეტულ დარგებს. ასევე გაძლიერდება სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკები.
- რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითხსაც: დაიწყება მუშაობა ფასების რეგულირებაზე, გაძლიერდება პოლიფარმაციის კონტროლი, ორიენტირება მოხდება მედიკამენტების ხარისხზე.
- ინფრასტრუქტურული პროექტები: მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.