ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის. კლინიკა ფართო პროფილისაა და ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს. ამერიკის ნაციონალურ ცენტრში წელიწადში 17000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება, დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, ონკოლოგიური, ნეონატალური და სხვა წამყვანი მიმართულებების კუთხით. ნაციონალური სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პაციენტების მომსახურებას, შესაძლოა მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთანაც დაიწყოს.

„შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი. შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამ კლინიკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ის შედის ამერიკის ბავშვთა კლინიკების ხუთეულში. ჩვენ დავსახეთ  შემდგომი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ბავშვთა ონკოლოგიის და  ტელემედიცინის კომპონენტების განვითარების მიმართულებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბავშვთა ნაციონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ მაქგუაიერის თქმით, პედიატრიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პედიატრიის დარგში, განსაკუთრებით იმ რთული დაავადებების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც მსოფლიოს ბავშვები დგანან.  ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.“  

შეხვედრას, მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.

 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ კლინიკა

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ ექიმი