ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით საქართველო სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გლობალური ფონდის ახალ პორტფოლიო მენეჯერს, ტატიანა ვინიჩენკოს შეხვდა.
მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო მათთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. საუბარი შეეხო აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.
გლობალური ფონდის წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით საქართველო სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა.
„გლობალ ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ ბევრს მიაღწია, ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული მიდგომები, როდესაც ისეთ თემებთან გვაქვს საქმე როგორიცაა აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და C ჰეპატიტი. მისასალმებელია რომ სამინისტრო ამ პროგრამების წარმატებისთვის აქტიურად მუშაობს. საქართველო ამ საკითხში სამაგალითოა“, - განაცხადა ტატიანა ვინიჩენკომ.