ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი  ფილტვის  იშვიათი, პროგრესირებადი, შეუქცევადი დაავადებაა, რომელიც სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა.  მკურნალობის გარეშე ფილტვის იდიოპათიური ფიბროზიანი პაციენტების ნახევარი იღუპება დიაგნოზის დასმიდან 2-5 წელიწადში.არასპეციფიური სიმპტომატიკის გამო ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის  დიაგნოსტიკა რთულია. ფიფ პაციენტების ნახევარი  დიაგნოსტირებული არ არის, ნახევარს კი არასწორად აქვს დასმული დიაგნოზი. ადრეული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული ადექვატური მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადების გამოსავლისთვის. 2011 წლამდე ფიფ-ის ნებადართული თერაპია არ არსებობდა. დღესდღეობით ფიფ-ის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტიფიბროზული მედიკამენტები, რომლებიც  დაავადების პროგრესირებას 43%-ით, ხოლო სიკვდილობას 49%-ით ამცირებს.


რა არის ფიფ-ის რისკის ფაქტორები?


მართალია ფიფ-ის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები:
გარემო ფაქტორები 
მოწევა პირდაპირ ასოცირებულია  ფიფ-თან განსაკუთრებით 20 წ.-ზე დიდი ხნის ისტორიის მქონე 
მწეველებში
ხის და მეტალისეკოლოგიური  მტვერის ზემოქმედება, სოფლის მეურნეობა, მეფრინველეობა, დალაქის სამუშაო, ქვის დამუშავება-პალირება, შინაური პირუტყვის, ცხოველების და ბოსტნეულის მტვერი. 
გასტროინტესტინალური რეფლუქსი (R)-
ინფექციები- ბევრ კვლევებში იქნა შესწავლილი, თუმცა საბოლოო შედეგები არ დევს 
გენეტიკური ფაქტორები - ფილტვის ფიბროზის „ოჯახურობა“ ფიფ-ით დაავადებულთა 5%-ზე ნაკლებს შეადგენს 
როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზზე? როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
ადრეული სიმპტომებია: მშრალი ხველა, რომელიც პრაქტიკულად არ ექვემდებარება სიმპტომურ მკურნალობას, სუნთქვის გაძნელება ფიზიკური აქტივობისას, ორმხრივი ბაზალური ხიხინი, რომელიც ისმის როგორც „ფხრიწის“ ხმა.


მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია  ფიფ-ის დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ჯანმრთელი ფილტვი, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი. თუ მაღალი რეზოლუციის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ ვლინდება ყველა ის ნიშანი, რომელიც შეესაბამება უტყუარ ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზს, განიხილება ფილტვის ბიოფსია და მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლა.


ტარდება ფუნქციური გამოკვლევები:
1. გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა კომპიუტერული სპირომეტრიით (ვლინდება ვენტილაციის დარღვევა რესტრიქციული ტიპით, თუმცა საკმაოდ ხშირად სპირომეტრია ფიფ-ის დროს შესაძლოა იყოს ნორმის ფარგლებში)
2. ფილტვის დიფუზური მოცულობის განსაზღვრა კარბონ მონოქსიდთან (CO)- მნიშვნელოვანი ფუნქციური კვლევაა, რომელიც დაავადების სიმძიმეზე გვაძლევს ინფორმაციას და მკურნალობის მონიტორინგის საშუალებას.


საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფიფ-ის დიაგნოსტიკა ხორციელდება    მულტიდისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილებით , დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის  საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, მულტიდისციპლინარული მიდგომა გულისხმობს - ოჯახის ექიმის, პულმონოლოგის, რადიოლოგის, ჰისტოპათოლოგი-ს ერთობლივ მუშაობას.
2017 წლის მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა ანტიფიბროზული მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში. ამოქმედდა თანადაფინანსების პროგრამა, რაც სახელმწიფოს მიერ მკურნალობის 80%-იან დაფინანსებას ითვალისწინებს.
ახლო მომავალში გვპირდებიან, რომ მთლიანად  დაფინანსდება  ანტიფიბროზული მკურნალობა სახელმწიფოს მხარდაჭერით.
ფიფი-ის სახელმწიფოს მხარდაჭერით მკურნალობის დაწყებიდან თითქმის ორი წელი  გავიდა, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი 3 თვიან პერიოდს მოიცავს, შესაბამისად მოგვეცა საშუალება მკურნალობის პირველ შედეგებზე ვისაუბროთ.
იმ პაციენტებში, სადაც დაავადება შედარებით ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირდა, მიღებულ იქნა ფუნქციური გაუმჯობესება, რაც დადებითად აისახა ცხოვრების ხარისხზე, ხოლო იმ პაციენტებში, სადაც დაავადება გართულებულია თანმხლები დაავადებებით, მოხდა ფიფ-ის პროგრესირების შეჩერება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული ადექვატური მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადების გამოსავლისთვის. 
ამ ეტაპზე, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ანტიფიბროზულ მკურნალობას იტარებს 23 პაციენტი. 7 პაციენტზე ეჭვია მიტანილი და მულტიდისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილებით , ექვემდებარებიან ფილტვის ბიოფსიას. ოთხმა პაციენტმა ვერ შეძლო მკურნალობის გაგრძელება მედიკამენტის აუტანლობის გამო.
მიუხედავად  ფიფ-ის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფის, საქართველოს რესპირაციული  ასოციაციის, იშვიათი და გენეტიკურ დაავადებათა საქართველოს ფონდის, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით დაავადებულ პაციენტთა ორგანიზაციის აქტიური მუშაობისა, დაავადებულ პაციენტთა გამოვლენის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია.
შესაბამისად მეტი უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს პროფესიული ორგანიზაციების ჭიდრო თანამშრომლობას, ექიმთა განათლების ამაღლებას, დაავადების მართვის ეროვნული რეკომენდაციების შემუშავებას. პაციენტთა სწორად  ინფორმირებას.

 

ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზზე გვესაუბრება კლინიკა დიაკორის ექიმი-პულმონოლოგი:

ელენე შეროზია