ბავშვებში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
კოვიდვირუსის შემთხვევებმა ბავშვებშიც იმატა. პედიატრების ინფორმაციით, კლინიკებში საწოლების დიდი ნაწილი უკვე შევსებულია. ისინი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ბავშვებისა და ოჯახის წევრების დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ იმუნიზაციაა.
„ამტელ ჰოსპიტალის“ პედიატრი ქეთინო აზნაურაშვილი ამბობს, რომ ამ შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს.
„საკმაოდ მძიმე შემთხვევები გვაქვს. არის გართულებები ფილტვების ანთების მხრივ, გვაქვს ფილტვის დაზიანებები. ჩვილ ბავშვებში ინდური შტამი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ბავშვებს ეძინებათ, უარს ამბობენ საკვებისა და სითხის მიღებაზე, აქვთ ზოგადი, საერთო სისუსტე. ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ახლა აღარც სკოლაა და აღარც - საბავშვო ბაღები, მათ მშობლებისგან ან ახლობლებისგან ედებათ“, - აცხადებს ქეთინო აზნაურაშვილი.
ციციშვილის კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშიც კია.
„ჩვენთან, სამ ბავშვს აქვს მძიმე მიმდინარეობა. მათი მდგომარეობა უცვლელი, მძიმეა. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მათი სიცოცხლეები გადავარჩინოთ. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას ბავშვებში; არაა რთული. ამ კონკრეტულ ვირუსს, შტამს ის განასხვავებს, რომ უფრო მეტად გამოხატულია სიმპტომები და კიდევ უფრო ამჩნევენ, რომ ბავშვს ეს დაავადება აქვს“, - ამბობს დავით რეხვიაშვილი.
დღეს საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინით მოქალაქეები დილიდან იცრებიან. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია 30 ჯგუფი და მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 384 387 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 957, გარდაიცვალა 5 516 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
წყარო: https://bit.ly/3rjaMUl