ათი მითი ენდომეტრიოზის შესახებ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თუ ენდომეტრიოზით ცხოვრება გიწევთ, დიდი შანსია, გარშემომყოფებისგან უამრავ რჩევა-დარიგებას ისმენდეთ. მიუხედავად კარგი განზრახვისა, ნაცნობ-მეგობრებს უმეტესად არასწორი ინფორმაცია აქვთ და ეს მედიცინის სფეროს ზოგიერთ წარმომადგენელსაც ეხება. როდესაც პაციენტი კარგად იცნობს დაავადებას, მკურნალობის პროცესი უფრო მშვიდად და ეფექტურად მიმდინარეობს. ამიტომ დეზინფორმაციის თავიდან ასარიდებლად, წარმოგიდგენთ იმ ძირითად მითებს, რომლებიც საზოგადოებაში ენდომეტრიოზის შესახებ ვრცელდება.
1. ენდომეტრიოზი მხოლოდ მენჯების მიდამოში ვითარდება
მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზი უმეტესად საშვილოსნოსა და საკვერცხის გარშემო გვხვდება, არსებობს საკმაოდ მძიმე შემთხვევები, ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზისა, როცა პრობლემური ზონა მოიცავს მსხვილ ნაწლავს, ჭიპს ან ზოგჯერ კონკრეტულ არეში ოპერაციის შემდგომ განვითარებულ ნაწიბურსაც.
2. თუ ჰისტეროქტომია გაკეთებული გაქვთ, ენდომეტრიოზით ვერ დაავადდებით.
მოსაზრება, რომ თითქოს ჰისტეროქტომიით ენდომეტრდიოზის მკურნალობა შეიძლება, მითია. საშვილოსნოს ქონა არ არის ენდომეტრიოზის გაჩენის პირობა და ასევე არც მისი მოცილება - განკურნების გარანტი. თუ ორგანიზმიდან საკვერცეები ამოიკვეთება, დიდი ალბათობით ჰორმონალური ჩამნაცვლებლის მიღების საჭირობა დადგება, რაც გარკვეულწილად ზრდის ენდომეტრიოზის კვლავ განვითარების რისკს. აღნიშნული დაავადების რეციდივის გაჩენა დამოკიდებულია ოპერაცის შემდგომ რეაბილიტაციის კურსის ეფექტურად წარმართვაზე, რაც მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს.
3. ენდომეტრიოზის დროს დიაგნოსტირება არ არის საჭირო, სიმპტომების სამართავად დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღებაც შესაძლებელია
თვითმკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ მხოლოდ კომპეტენტურ პირთან - ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. როცა საქმე ჯანმრთელობას შეეხება, ხუმრობა არ ღირს, მითუმეტეს დაუსრულებელი ცდა, როგორმე გამოიცნოთ, რა გჭირთ. ამასთანავე არასაჭირო მედიკამენტების მიღებამ შეიძლება სხვა ორგანოებიც დააზიანებაც გამოიწვიოს.
4. ტამპონების გამოყენება იწვევს ენდომეტრიოზს
ბევრს ჰქონია, რომ ტამპონების გამოყენება ზრდის რეტროგრადული მენსტრუაციის შემთხვევებს. ასეთ დროს ენდომეტრიული უჯრედების შემცველი მენსტრუაციული სისხლი ფალოპის მილების გავლით უკან მიედინება მენჯის ღრუში, სხეულიდან გარეთ გამოსვლის ნაცვლად. ამ დებულების დამადასტურებელი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, გამოკვლევების თანახმად, ტამპონების შემადგენელობაში აღმოჩენილი ტოქსიკური ნივთიერებები გარკვეულწილად საფრთხის შემცველი ნამდვილად არის. ამ შემთხვევაში საუბარია დიოქსინზე, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეძენილი იმუნოდეფიციტის განვითარებასაც იწვევს.
5. ენდომეტრიოზი გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებებით დასნებოვნების შედეგად და შესაძლებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა
ზემოთ ნახსენები ზოგიერთი მითი გარკვეულწილად ლოგიკური საფუძვლიდან მომდინარეობს, მაგრამ თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს დებულება საღ აზრს მოკლებულია. ბევრი ენდომეტრიოზსა და ენდომეტრიტს ურევს ერთმანეთში, ეს უკანასკნელი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც გამოწვეულია სქესობრივად გადამდები დაავადებების გზით ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრით.
6. ენდომეტრიოზით ავადდებიან ის ქალები, რომლებმაც შვილოსნობის აქტიურ პერიოდში ბავშვი არ გააჩინეს
ზრდასრულ ქალებს, რომლებსაც შვილი არ გაუჩენიათ ენდომეტრიოზის უფრო მაღალი რისკი აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი არიან საფრთხის ქვეშ. სინამდვილეში ენდოქალების უმეტესობის დიაგნოსტირება 25-30 წლამდე ხდება, რაც იმას ნიშნავს რომ მათ პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ მოზარდობისას უნდა გამოვლენოდათ, ზოგიერთ შემთხვევაში - პირველი მენსტრუაციული ციკლის შემდეგაც კი.
7. ენდომეტრიოზს იწვევს ფსიქოლოგიური ტრავმა ადრეულ ასაკში
ამგვარი დამოკიდებულება პაციენტს თავს დამნაშავედ აგრძნობინებს, რადგან მთელი პასუხისმგებლობა თითქოს მას ეკისრება. თუ ენდომეტრიოზის გაჩენა ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბრალია, მაშინ როგორ ავხსნით იმას, რომ ენდომეტრიოზი შესაძლოა აღმოცენდეს მუცლადმყოფ ნაყოფში? ამასთანავე რიგ შემთხვევებში დავადება გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული.
8. ეს უბრალოდ მენსტრუაციული ტკივილია
ენდომეტრიოზი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დისკომფორტი ციკლის დროს. ამ დაავადების მქონე პაციენტები განიცდიან უზარმაზარ ტკივილს, როგორც მენსტრუაციის დროს, ასევე მანამდეც და შემდეგაც. ამასთანავე პრობლემურია სხვა ორგანოების გამართულად ფუნქციონირება: მენჯის, ნაწლავების, ზურგის, ფეხის, წელის ქრონიკული ტკივილი, ასევე უსიამოვო შეგრძნება სექსის დროს და მოშარდვისას.
9. ორსულობა კურნავს ენდომეტრიოზს
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ხშირად გვესმის, ენდომეტრიოზის „წამალი“ ორსულობა არ არის. 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიმპტომებმა აღარ შეაწუხონ მომავალი დედა, თუმცა გამოკითხვების შედეგად დასტურდება, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ მწვავე ტკივილები უფრო დიდი ინტენსივობითაც კი ბრუნდება. ასე რომ, დაავადება არსად ქრება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ენდომეტრიოზით დაავადებული ზოგიერთი ქალი ქრონიკული უშვილობით იტანჯება ან პაციენტს ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში უსვამენ დიაგნოზს, ასეთ დროს მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით არაეთიკური იქნება ექიმის მიერ მოწოდება შვილის გაჩენისაკენ.
10. ენდომეტრიოზით დაავადებული ყველა პაციენტი გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება
ეს მოსაზრებაც საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოებაში, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ქალი ენდომეტრიოზით გამოწვეულ მწვავე ტკივილებს სულაც არ განიცდის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში ამ დაავადების დიაგნოსტირება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა პაციენტი ექიმის უშვილობის პრობლემის დროს მიმართავს. ენდომეტრიოზი ზრდის შეწყვეტილი ორსულობების რისკს, თუმცა მკურნალობის კურსის სწორად წარმართვის შემთხვევაში ენდომეტრიოზი განაჩენი სულაც არაა, ბევრი ენდოქალი ორსულდება და აჩენს სრულიად ჯანმრთელ შვილს.