ასაკი გადამწყვეტ როლს თამაშობს შვილოსნობის უნარზე!!!
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’ საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი ერთეული 2010 წლიდან ფუნქციონირებს.ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა წევრი კლინიკა პაიენტებს 18წლიანი გამოცდილებით ემსახურება. კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ საფუძველი ჩაეყარა ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გახდა.
აქტულობა:
21–ე საუკუნის სოციალური ცვლილებების გამო ქალების არც თუ მცირე ნაწილი შვილოსნობის ფუნქციის შესრულებას არ ჩქარობს და მოგვიანებით, 35 წლის შემდეგ, გეგმავს. მიზეზი ხშირად არის განათლების მიღებისადმი სწრაფვა, კარიერული მიზნები, ფინანსური სტაბილურობის მიღწევა, შობადობის რეგულაციის მეთოდების ხელმისაწვდომობა. ერთი შეხედვით თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკი (<38-40წ) გადამწყვედ როლს თამაშობს შვილოსნობის უნარზე! რადგან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება შვილოსნობის ფუნქცია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობისთვის.
ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრა კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ რეპროდუქტოლოგი, მეან - გინეკოლოგი ქეთევან კაკაშვილი.
ქალის შვილოსნობის ფუნქციის შემცირების პროცესი მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად . ის შესამჩნევი ხდება უკვე 30 წლიდან, ხოლო 35-დან 40 წლამდე პერიოდში ჩქარდება ისე რომ უკვე 45 წლისათვის შვილოსნობის ფუნქცია თითქმის ნულს უახლოვდება. სტატისტიკურად თუ ჯანმრთელი ქალის დაორსულების შანსი ერთი მენსტრუციული ციკლის განმავლობაში 30 წლის ასაკისთვის 20%-ია, 40 წლის ასაკში ეს შანსი 5%-მდე მცირდება.
რა არის გამომწვევი მიზეზი?
ასაკის მატებასთან ერთად დაორსულებისა და მშობირობის სიხშირის შემცირების პირველი და უმთავრესი მიზეზი არის საკვერცხეში ფოლიკულური მარაგის ფიზიოლოგიური შემცირება.
საკვერცხეებში ფოლიკულური აპარატი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება და იმ დროისთვის დაახლოებით 5–7მლნ ფოლიკულით არის წარმოდგენილი. სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის ეს რიცხვი მცირდება 300 000–400 000-მდე, 38-39 წლის ასაკში --25 000- მდე , ხოლო მენოპაუზისთვის საკვერცხეში ფოლიკულების მიზერული რაოდენობა რჩება . რაც აიხსნება იმით, რომ საშუალოდ ყოველ ციკლში 1 მომწიფებული ფოლიკულის პარალელურად დაახლოებით 500-დან 1000 - მდე ფოლიკული განიცდის უკუგანვითრებას. გარდა ფიზიოლოგიური მიზეზისა, ფოლიკულური აპარატის შემცირება შესაძლოა განპირობებული იყოს საკვერცხეზე ქირურგიული ჩარევით, საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომით, ქიმიოთერაპიით და ა.შ.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ფოლიკულების რაოდენობის შემცირებაში არ არის. ასაკის მატებასთან ერთად უარესდება კვერცხუჯრედის ხარისხიც, შესაბამისად მცირდება მისი განაყოფიერების სიხშირე , ემბრიონის განვითარების შემთხვევაში მისი იმპლანტაციის (საშვილოსოს შიდა გარსზე ემბრიონის მიმაგრება) სიხშირე და მატულობს ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების ალბათობა. უფრო კონკრეტულად, თუ 20 წლის ასაკში ნაყოფის ქრომოსომული ანომალების სიხშირე 500 -დან 1-ია, 45 წლის ასაკში ეს თანაფარდობა 20-დან 1-ია.
ზედა ასაკობირივი ჯგუფის ქალებში უნაყოფობის ხელშემწყობ ფაქტორად მოიაზრება ასევე დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში "აზიანებენ" რეპროდუქციულ სისტემას. მათ მიეკუთვნება - მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიოზი, მიომა, ოვულაციის პრობლემები და ა.შ.
მცირე მენჯის ღრუს ქრონიკულად მიმდინარე ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს მილების დახურვა, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა შრე, სადაც ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება) დაზიანება.
ენდომეტრიოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკივნეული მენსტრუაცია, ყავისფერი გამონადენი მენტრუაციამდე და/ან მენსტრუაციის ბოლოს, იწვევს შეხორცებების წარმოქმნას მუცლის ღრუში, ხოლო ენდომეტრიოზული ცისტა ხელს უწყობს საკვერცხეში ფოლიკულების რაოდენობის შემცირებას, რომელიც განსაკუთრებით დრმატულ ხასიათს იღებს მისი ამოკვეთის შემთხვევაში.
ოვულაციის პრობლემები ხელს უწყობს საკვერცხის ცისტების წარმოქმნას, პოლიცისტოზის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია არ მარტო მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, არამედ ესთეტიური პრობლემებიც , როგორებიცაა აკნე (ჩირქოვანი გამონაყარი), ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), ჭარბი წონა და ა.შ.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. რისთვისაც მოწოდებულია პროფილაქტიკური გასინჯვები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მტკივნეული მენსტრუაცია, არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი, ჭარბთმიანობა, აკნე, წონის მატება ან მასის დეფიციტი, ტკივილი მუცლის ქვედა და წელის არეში და ა.შ. რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება როგორც უნაყოფობის სიხშირე , ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა.
რა მნიშვნელობა აქვს ასაკს ორსულობის მიმდინარეობაზე?
სამწუხაროდ, 35 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ქალებში დაორსულების შემთხვევაშიც მატულობს პრობლემები, როგორებიცაა თვითნებითი აბორტი ( 35–39 წლის ქალებში თვითნებითი აბორტის რისკი შეადგენს 24%–ს, 40–44 წლის ქალებში – 51%–ს), საშვილოსნოს გარე ორსულობა, მკვდრადშობადობა, მთელი რიგი სამეანო (ნაადრევი მშობიარობა, გესტაციური დიაბეტი, პლაცენტის წინმდებარეობა, პლაცენტის ნაადრევი აცლა, ჰიპერტენზია, საკეისრო კვეთის აუცილებლობა) და ახალშობილთა პრობლემები.
აქვს თუ არა გავლენა ასაკს მამკაცის შვილოსნობის ფუნქციაზე?
ზოგადად მამაკაცების შვილოსნობის ფუნქცია ასაკთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ 40 წლის შემდეგ მცირდება მათი ფერტილობის (შვილოსნობის) უნარი, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, არის სისხლში ანდოგენების კონცენტრაციის შემცირება, სექსუალური აქტივობის დაქვეითება, სათესლე ჯირკვლების დაზიანება, სპერმის ხარისხის გაუარესება, სპერმატოზოიდების დნმ–ის ანომალია.
როგორია მკურნალობის ტაქტიკა?
პირველ რიგში უნდა აღინიშოს , რომ თუ ქალი არის 35 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და 6 თვის განმავლობაში დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვების ფონზე არ მოხდა ორსულობა, უნდა მიმართოს ექიმს გამოკვლვეისთვის. ვინაიდან საკვერცხეების რეზერვი ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია, ხორციელდება მისი შესწავლა და კონკრეტული პაციენტის რეპროდუქციული პოტენციალის პროგნოზირება, შესაბამისად მკურნალობის გეგმის შემუშავება.
35 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში უნაყოფობის კონსერვატული მეთოდით მკურნალობის წარუმატებლობისას დროულად უნდა მოხდეს ინ ვიტრო განაყოფიერების შეთავაზება , რათა არ დაიკაგოს დრო, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს პაციენტისთვის.
ხოლო 40 წლის ზემოთ ასაკის მქონე ქალებში მოცდითი ტაქტიკა გამართლებული არ არის და არჩევის მეთოდს ინ ვიტრო განაყოფიერება წარმოადგენს საკუთარი ან დონორის კვერცხუჯრედით, საკვერცხის რეზერვის გათვალისწინებით , რადგან IVF –ის დროს ცოცხალშობადობის შანსის მთავარი განმსაზღვრელი არის ქალის ასაკი და საკვერცხეში ფოლიკულების მარაგი..
როგორ შეგვიძლია ასაკთან დაკავშირებული უნაყოფობის თავიდან აცილება?
ერთ-ერთი გამოსავალი არის კვერცხუჯრედების გაყინვა. თუ ქალი არის 35 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევა, ან ქორწინებაში არ არის, მაგრამ მომავალში გეგმავს თავისი გენეტიკური შვილის ყოლას, ცივილურ სამყაროში რადგან ზედა ასაკობრივ ჯგუფში საკვერცხეში ფოლიკულების რაოდენობა დრამატულად მცირდება, რეკომენდირებულია კვერცხუჯრედების დროული გაყინვა, რადგან შემდგომში ინ- ვიტრო განაყოფიერების წარმატება დამოკიდებულია ქალის ასაკზე, როდესაც განხორციელდა კვერცხუჯრედების გაყინვა .
ზოგადად ასაკთან დაკავშირებული უნაყოფობის პრევენციისთვის, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობა, რომ შვილოსნობისთვის ოპტიმალური ასაკი არის 20–დან 35 წლამდე პერიოდი.
სტატიის მომწოდებელია: კლინიკა ინ ვიტრო