არის თუ არა ელქეტრონული სიგარეტი უსაფრთხო?

მეცნიერები თვლიან, რომ ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივთან შედარებით ნამდვილად უსაფრთხოა.

ბოლო დროს, მსოფლიოში ერთგვარ ტრენდად იქცა ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, რასაც გვერდი არც საქართველოსთვის აუვლია და სხვადასხვა არომატით გაჯერებული სითხის მასიური გამონაბოლქვი თუ არ გაგისინჯავთ, სხვის ხელში სიგარეტის ნაცვლად მომარჯვებული ნანახი მაინც გექნებათ. გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდაზე გავლენას ახდენს ასევე ამ მოწყობილობის მრავალფეროვანი დიზაინიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მწარმოებლების განცხადებით ის გაცილებით უსაფრთხოა ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით - არის თუ არა ნამდვილად ასე? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ მეცნიერები და ვფიქრობთ, თქვენც დაგაინტერესებთ რა დასკვნები კეთდება, რას გვირჩევენ მედიკოსები და რეალურად რა საფრთხის წინაშე დგება ადამიანი, როცა თვლის, რომ რეალური სიგარეტის ელექტრონულით ჩანაცვლება სწორი გადაწყვეტილებაა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს შტატებში სიგარეტის მწეველთა რაოდენობა ზრდასრულ ადამიანებში 100-დან შეადგენდა 15-ს. მოსახლეობის რაოდენობის კუთხით გამოდის, რომ დღეისათვის აშშ-ში 37,8 მლნ მწეველია. ადრე, როცა საკითხი ეხებოდა მოწევას, ადამიანს ჰქონდა ორი არჩევანი - ან უნდა გაეგრძელებინა სიგარეტის მოწევა, ან უნდა დაენებებინა მისთვის თავი. თუმცა, 2004 წელს, სოფლიოს წინაშე წარადგინეს ახალი გამოგონება - «ელექტრონული სიგარეტი». სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, საზოგადოებაში არ წყდება ელექტრონული სიგარეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვები და იმაზე კამათი, არის თუ არა მავნებელი ის ჯანმრთელობისათვის. ახალი კვლევების თანახმად, რომელიც დიდი ბრიტანეთის კიბოს ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა, დადგინდა, რომ ელექტრონული სიგარეტი რეალურ სიგარეტთან შედარებით უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

კვლევის მთავარი მიზანი იყო ელექტრონული სიგარეტის ხანგრძლივად გამოყენებისას პოტენციური რისკის შესწავლა, ასევე მისი შედარება მსგავს რისკთან რეალური სიგარეტის გამოყენების პირობებში. კვლევის შედეგების მისაღებად მეცნიერებმა გამოიყენეს ნიკოტინის, თამბაქოში შემავალი კონცეროგენების და სხვა ტოქსინების ზემოქმედება სიგარეტის და ელექტრონული სიგარეტის მწეველებზე. კვლევაში ჩართული იყო მონაწილეთა სამი ჯგუფი: ყოფილი მწეველები, რომლებიც მოცემულ მომენტში ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარდნენ, რეალური მწეველები და მხოლოდ ელექტრონული სიგარეტის მწეველები.

უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად, მკლვევარებმა ასევე დაადგინეს კვლევის ყველა მონაწილის სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებელი და მწეველობის „სტაჟი“. მონაწილეებმა ლაბორატორიაში წარადგინეს შარდისა და ნერწყვის ნაცხის ანალიზები, რასაც ჩაუტარდა თამბაქოს ბიომარკერების, ნიკოტინისა და სხვა ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაზე კვლევა. შედეგებმა აჩვენა, რომ კონცეროგენების დონე გაცილებით დაბალია მათ ორგანიზმში ვინც ელექტრონულ სიგარეტს და/ან ატომაიზერს მოიხმარს, ვიდრე იმათ ორგანიზმში, ვინც ამჯობინებს რეალურ თამბაქოს მოწევას. გარდა ამისა, ნიმუშების ანალიზებში 181 ადამიანის შედეგებმა აჩვენა, რომ ქიმიური ნივთიერება NNAL, რომელიც იწვევს კიბოს გარკვეული სახეობების განვითარებას, ყოფილ მწეველებში, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტზე გადავიდნენ, 97,5%-ით დაბალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი, ვიდრე მათ ორგანიზმში, ვინც აგრძელებდა რეალური თამბაქოს მოხმარებას.

პროექტში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერი - ლიონ შაჰაბი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი სიგარეტიდან ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკს და იქვე დასძენს, რომ ელექტრნული სიგარეტის მოხმარება გაცილებით უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

რა უარყოფითი მხარე აქვს და რით არის საზიანო ელექტრონული სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

 

ის ფაქტი, რომ რეალურ სიგარეტთან შედარებით უსაფრთხოა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული სიგარეტი სასარგებლოა ან თუნდაც ნეიტრალურია და უპრობლემოდ შეიძლება მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება, რადგან ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაშია. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა დაამტკციეს ელექტრონული სიგარეტის ნაკლებად მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, ისინი არავითარ შემთხვევაში არ ამტკიცებენ ამით მის უვნებლობას. უფრო მეტიც, ელექტრონული სიგარეტის ზემოქმედების ერთ-ერთი კვლევისას, რომელიც ჩატარდა ბლუმბერგის ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ელექტრონული სიგარეტის კვამლი შესაძლოა შეიცავდეს ადამიანის ორგანიზმის მომწამვლელი მეტალების საშიშ რაოდენობას. ეს დასკვნა მეცნიერებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც მოახდინეს ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი 56 პირის ანალიზის აღება და ლაბორატორიული კვლევა, რამაც აჩვენა, რომ მწეველთა ამ კატეგორიის მიერ გამონაბოლქვი შეიცავს ქრომის, მარგანეცის, ტყვიისა და ნიკელის სახიფათო რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ფართო მასშტაბის არ ყოფილა, მის შედეგებზე დაფიქრება ნამდვილად საჭიროა.

მოცემულ თემატიკაზე კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა ჩრდილოეთ კაროლინას სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც გამოქვეყნდა რესპირატორული მედიცინისა და რეანიმატოლოგიის ამერიკულ ჟურნალში. ამ კვლევის შედეგებში საუბარია იმაზე, რომ ელექტრონული სიგარეტი არამარტო იგივენაირ რეაქციას იწვევს იმუნურ სისტემაზე, როგორც რეალური თამბაქო, ასევე დამატებით უარყოფითი კუთხით ზემოქმედებს. ტეხასის სამედიცინო ცენტრთან არსებული ჰოსპიტალის - „Memorial Herrmann“-ის ექიმი-პულმონოლოგი და ჰიუსტონში არსებულ ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი - პუშან იანი, ამტკიცებს, რომ როცა ფილტვები გრძნობენ საფრთხეს, მყისიერად ახდენენ იმუნური სისტემის მობილიზებას და აიძულებენ მას დაიხარჯოს იმაზე, რასაც მიიჩნევს მავნე და უცხო ზემოქმედებად. კიდევ ერთი ექიმი პულმონოლოგი და რეანიმატოლოგი - სედრიკ რუტლანდი, რომელიც პაციენტების მკურნალობას სამეცნიერო საქმიანობას უთავსებს კალიფორნიის უნივერსიტეტში არსებულ რივერსაიდის სამედიცინო სკოლაში, ამ ყველაფერთან ერთად აცხადებს, რომ მოწევისას ატომაიზერების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვისოს ფილტვების ანთებითი პროცესები, მაშინაც კი, თუ ადამიანი „მოწევს“ ჩვეულებრივი წყლის ორთქლს, ყოველგვარი დანამატებისა და ნივთიერებების შემცველობის გარეშე.

 

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ყოველივე ზემოთ თქმულიდან?

 

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრონული სიგარეტი შედარებით უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე რეალური თამბაქო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სასარგებლოა და თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება და მის გამოყენებაზე გადასვლა საუკეთესო არჩევანი ან გამოსავალია მწეველისთვის. ერთიც და მეორეც ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - უბრალოდ სხვადასხვა ფორმით. სწორედ ამიტომ, საუკეთესო ვარიანტი არის მოწევისთვის თავის დანებება საერთოდ და არა ერთი მავნე ჩვევის მეორეთი ჩანაცვლება. სახალხო მედიცინაში მრავალი საშუალება და თერაპიის მეთოდი არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანს მოწევისთვის თავის დანებებაში.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ თავი დაანებოთ მოწევას, უმჯობესია სანამ რეალურ სიგარეტს ელექტრონულით ჩაანაცვლებთ, მიიღოთ სპეციალისტის კონსულტაცია.

 

tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას!