აბაშაში სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა
აბაშის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.
ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა.
ასევე, ღონისძიებას მარტვილის და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სპეციალურად სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, აბაშის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავისა და ჩოხატაურის რაიონული სამსახურები.