7 მითი ვაქცინაციის შესახებ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

აცრა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების პროფელაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვაქცინაციის წყალობით ბუნებრივად ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, შემდგომში საშიში ვირუსებისა თუ ბაქტიერიებისთვის სათანადოდ გასამკლავებლად. ამ პროცესმა მთელს მსოფლიოში გააუმჯობესა მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი, შემცირდა ჩვილების უეცარი გარდაცვალების ფაქტები, რომ აღარაფერი ვთქვათ, ადამიანების დროებითი თუ სამუდამო პარალიზების შემთხვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო კვლევების მიხედვით ოფიციალურად დასტურდება ვაქცინაციის ეფექტურობა, მრავლად არიან სკეპტიკოსები, რომელთაც ეჭვი შეაქვთ აცრების უსაფრთხოობაში. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების სამყაროში ხშირად ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ვაქცინაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა - პანდემიასთან ბრძოლის აქტიურ ფაზაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რამდენიმე მითი და ფაქტი აცრების შესახებ, რათა შემდგომში არ გახდეთ არასწორი ინფორმაციის მსხვერპლნი.

 

 

 

1. არ არის საჭირო ადრეულ ასაკში ბავშვების აცრა

    დაავადებათა უმეტესობა, რომელთა პრევენციაც ხდება ვაქცინაციის გზით, მცირე ასაკის პაციენტებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ მსოფლიოს წამყვანი პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ რაც შეიძლება მალე აცრან შვილები, რათა არ შეუქმნან საფრთხე მათ ჯანმრთელობას. გეგმიური ვაქცინაციისგან თავის არიდება მოზარდობის ასაკამდე, ზრდის მცირეწლოვნებში ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ყივანახველა, წითელა და დიფტერია.

 

2. აცრები ცხოველურ პროდუქტებს შეიცავს

    ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის ღორებისგან მიღებული მცირე მოლეკულებად დაშლილი და შესაბამისად დამუშავებული ჟელატინი, რომელიც მნიშვნელოვანია დოზების უსაფრთხო შენახვისთვის სხვადასხვა ტემპერატურულ პირობებში. ბუნებრივია, ამან შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს გარკვეული რელიგიური აღმსარებლობის მქონე ხალხებში, თუმცა ბევრი იუდეველი და მუსლიმი სულიერი წინამძღვარი ამბობს, რომ ჟელატინის შემცველობის ვაქცინების გამოყენება არ არღვევს სარწმუნოებრივ კანონებს, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქტი უმღლეს დონეზეა დამუშავებული, თანაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

 

3. არ არის საჭირო ბავშვის აცრა, თუ მისი ირგვლივ თანატოლები უკვე აცრილები არიან

    კოლექტიური იმუნიტეტი გადამდები დაავადებების მიმართ მაშინ ყალიბდება თუ საზოგადოების უმეტესი ნაწილი აცრილია, ასეთ დროს ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი ეპიდემიოლოგიური აფეთქების დაწყების რისკები. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიმართოს კლინიკებს გეგმიური აცრების ჩასატარებლად. ჩვილები, მოხუცები, ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ეპიდემიის დროს განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან. ბუნებრივია, თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი არ აიცრება გარკვეული გადამდები დაავადებისგან თავის დასაცავად, საზოგადოების წევრების ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტიც მალევე გაქრება.

 

4. ვაქცინაციის დროს ორგანიზმში შეჰყავთ ჩიპები, რათა სახელმწიფოს მიეწოდოს ინფორმაცია აცრილი მოქალაქის ადგილსამყოფელის შესახებ

      „მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიერ ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ ტექნიკურად შეუძლებელია აცრის დროს ადამიანის ორგანიზმში რაიმე ობიექტის შეყვანა. ვაქცინაციის პროცესი მკაცრად გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს, ამიტომ ნებისმიერ ეტაპზე დაუშვებელია რაიმე სახის ჩარევა. გარდა ამისა, ხშირად ერთ სინჯარაში რამდენიმე ადამიანისთვის საჭირო აცრის დოზა ინახება, ამიტომაც ზემოაღნიშნული დებულების დაშვების შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნებოდა თითოეული პაციენტის გადაადგილებისთვის თვალყური მიდევნება.

 

5. აცრა ზრდის მსოფლიოში კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვს

    სამედიცინო ლიტერატურაში  სიმსივნის განვითარების არაერთი მიზეზის შესახებაა მოთხრობილი, თუმცა ვაქცინაციას არ აქვს კავშირი ამ მიმართულებით მზარდ სტატისტიკასთან, მეტიც - პაპილომავირუსისგან დასაცავად არსებული აცრები გამოიყენება პირის ღრუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოების პროფელაქტიკისთვის. უამრავი რისკ-ფაქტორის გათვალისწინებასთან ერთად, სიმსივნით დაავადებული ადამიანების გაზრდილი რიცხვი შესაძლოა იმასაც დავუკავშიროთ, რომ ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, დღეს მედიკოსებს პაციენტებისთვის სწორი დიაგნოზის დასმის მეტი საშუალება აქვთ.

 

6. აცრების ცალ-ცალკე ჩატარება ბავშვისთვის უფრო უსაფრთხო ვიდრე ერთდროულად

    ზოგიერი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები გაერთიანებულია, რათა მშობელი დარწმუნდეს, რომ ბავშვი უმოკლეს ვადაში მიიღებს საჭირო დოზას. ამ შემთხვევაში არ არსებობს რეკომენდაცია იმისა, რომ ვაქცინაციის მეტი ეფექტურობისთვის საჭიროა კლინიკაში რამდენიმე ვიზიტის დაგეგმვა, რაც ფინანსური თვალსაზრისითაც გაზრდილ ხარჯს მოითხოვს. გარდა ამისა, როცა ჩვილის შემთხვევაში იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით საფრთხისშემცველი იქნება ექიმებთან ხშირი სტუმრობა, რომ აღარაფერი ვთქვათ, კანზე უფრო მეტი ჩხვლეტისგან გამოწვეულ დისკომფორტზე.

 

7. წარსულში ადამიანები იმუნიზაციის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობდნენ

    სანამ მეცნიერები წითელას საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებდნენ, მსოფლიოს მოსახლეობის 90% 10 წლისთვის უკვე დაავადებული იყო ამ ინფექციით. დღეს 1000-დან 1 შემთხვევაში პაციენტი წითელათი გამოწვეული გართულებების შედეგად იღუპება, ხოლო სხვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ დაავადებასთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში აცრილი ადამიანსაც შეიძლება გაურთულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკეთესია მეტად იყო დაცული, ვიდრე წარმოდგენა არ გქონდეს, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია იმუნური სისტემისთვის გარკვეულ ინფექციას.